სიახლეები

12:12 | 20.01.2019 | ნანახია 982 - ჯერ

კვლევები ტვინის შერყევის პრევენციისთვის
ინგლისელი სპეციალისტები სპორტული მედიცინის კლინიკაში

საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, „სპორტული მედიცინის კლინიკაში“, ტვინის შერყევის პრევენციის მიზნით კვლევები მიმდინარეობს, რომელსაც ინგლისელი სპეციალისტი ტეო ფარლი ხელმძღვანელობს.

ფარლი უფროსი ფიზიოთერაპევტია და ლონდონის უნივერსიტეტში, ინგლისურ სპორტულ ინსტიტუტში მოღვაწეობს. ის აქტიურად თანამშრომლობს ინგლისურ კლუბებთან და საქართველო პირველია, რომელმაც მის მიერ სპეციალურად შემუშავებული პროგრამა ქართულ ენაზე თარგმნა და მას დიდ 10-ის მოთამაშეებისთვის იყენებს.

„ტესტირების პირველი ეტაპი ზაფხულში, სეზონის დაწყებამდე ჩატარდა, ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს, მესამე ეტაპი კი დიდი 10-ის სეზონის დასრულების შემდეგ გვექნება. კვლევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ამ ყველაფრის შეჯამებით მივიღებთ სურათს, რა იწვევს ტვინის შერყევას და მოვახდენთ მის პრევენციას. ასეთი მონიტორინგი მნიშვნელოვანია მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის და მოხარული ვარ, რომ მისი საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა გვეძლევა“ - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის მენეჯერი ნონო ანდღულაძე.

კვლევა სამი მიმართულებით ტარდება. ტეო ფარლის ლონდონის უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის მაგისტრატურის სტუდენტი ჯეკ თოროგუტი, ასევე ოსთეოპათი ედ ბარი ეხმარებიან, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და სპორტული მედიცინის კლინიკაში მოთამაშეებს რეაბილიტაციაში ეხმარება. რა თქმა უნდა, პროცესში აქტიურად არიან ჩართული კლინიკის ქართველი სპეციალისტები, რომლებიც მომავალში კვლევას დამოუკიდებლად ჩაატარებენ და პრევენციის ზომებს მიიღებენ.

„რაგბში ტვინის შერყევა ხშირია და ჩვენი კვლევა რისკების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა იწვევს ტვინის შერყევას, მოვახდინოთ იდენტიფიკაცია და ამის საშუალებით შევძლებთ, რისკების შემცირებას. მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამა ქართულად ითარგმნა, აქ ვიმყოფები და საქართველოს რაგბის კავშირთან ვთანამშრომლობ“ - გვიყვება პროგრამის შესახებ ტეო ფარლი.

კვლევის თითოეულ ეტაპზე მოთამაშეებს სამი ტიპის ტესტირება უტარდებათ: ლაზერული მოწყობილობის საშუალებით ორიენტაციაზე; კისრის კუნთების სიძლიერეზე და მათ გავლენაზე; თვალის სავარჯიშოს მეშვეობით აღქმის სიჩქარეზე, ყურადღებასა და სისწრაფეზე. კვლევის შედეგები მხოლოდ სპეციალისტებისთვისაა ცნობილი და საჭიროების შემთხვევაში, კისრის კუნთების გამაგრებისთვის სპეციალური ვარჯიშების ჩატარებაზე ისინი გასცემენ რეკომენდაციას. ეს შედეგები ინახება და თუ მისი მონაწილე რომელიმე მოთამაშე ტვინის შერყევას მიიღებს, ანალოგიური კვლევის პასუხების შედარებით დადგინდება ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზები და სამომავლოდ მათი პრევენცია მოხდება.

„ვთვლი, რომ ტვინის შერყევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო რაგბში. არაერთი ნიჭიერი, დიდი პერსპექტივის მქონე მორაგბე მინახავს, რომლის ზრდა სწორედ ტვინის შერყევის გამო შეფერხებულა, ან სულაც კარიერის დასრულების მიზეზი გამხდარა. ეს კვლევა დაგვეხმარება ამ პრობლემის მიზეზების დადგენაში და სამომავლოდ, მათ პრევენციაში“ - ამბობს ედ ბარი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090083