ლეგიონერები

18:30 | 14.01.2019 | ნანახია 2412 - ჯერ

ლეგიონერები: სამი ლელო, მეოთხედფინალისტები და დებიუტი ახალ გუნდში
ევროთასები, პრო დე2 და ჩემპიონშიფი

გასულ კვირაში ევროპის წამყვანმა კლუბებმა ევროთასების ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები ჩაატარეს და ქართველი ლეგიონერების ორმა გუნდმა ფლეი ოფის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს ‘რასინგ 92’-ს, რომელიც მართალია სტუმრად ‘ოლსტერთან’ 22:26 დამარცხდა, მაგრამ 21 ქულით მე-4 ჯგუფს ლიდერობს.

პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ბურთით 12-ჯერ შეუტია და ის ერთხელაც არ დაუკარგავს, 16 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 8 ბოჭვა შეასრულა და 61-ე წუთზე ვასილ კაკოვინმა შეცვალა, რომელმაც სამი მიძალებით ბურთი 6 მეტრით წაწია წინ. დასკვნით ტურში ‘რასინგი’ უმოტივაციო ‘სკარლეტს’ მასპინძლობს და გამარჯვებით მეოთხედფინალური მატჩის შინ გამართვას გაინაღდებს.

‘მონპელიემ’ დასკვნით ტურში ‘ნიუკასლს’ ბონუსით, 45:8 მოუგო, 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 18 იანვარს ფრანგები სტუმრად ლიდერ ‘ედინბურგს’ ხვდებიან, რომელიც მათ 3 ქულით უსწრებს. ინგლისელთა ძლევაში სამმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა“ მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ პირველიდან 44-ე წუთამდე ითამაშა, მოედანზე 44-ე წუთიდან გამოჩნდა ბურჯი ლევან ჩილაჩავა, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი უჩა ჭეიშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

პირველ ჯგუფში ‘უოსპსი’ ‘ბათს’ ეწვია, 16:18 დამარცხდა და ბონუსი მიიღო, თუმცა ბოლო ადგილზე რჩება და ფლეი ოფში გასვლის შანსიც დაკარგული აქვს. სტუმართა შორის პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.

მეხუთე ჯგუფში ‘ტულონი’ საკუთარ მოედანზე დამარცხდა ‘ედინბურგთან’ (17:28) და ფლეი ოფში გასვლის შანსი მასაც აღარ აქვს. ფრანგთა რიგებში 56-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მამუკა გორგოძემ.

‘კლერმონი’ ფლეი ოფშია, თეთრაშვილმა იტალიელები დაალელოვა

ჩელენჯ ქაფზე ‘კლერმონმა’ მეხუთე თამაშიც მოიგო და ფლეი ოფში პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა, თანაც ისე, რომ რეიტინგშიც პირველ ადგილზეა და მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

„ვულკანებმა“ უახლოეს მდევარს, ინგლისურ ‘ნორთჰემთონს’ უმასპინძლეს და 15629 მაყურებლის წინაშე 48:40 დაამარცხეს. ფრანგებმა სტუმრებს 7 ლელო გაუტანეს და მეხუთე შეხვედრაშიც მოახერხეს ბონუსის აღება. დავით ზირაქაშვილმა პირველიდან 78-ე წუთამდე ითამაშა, ბურთით 7-ჯერ შეუტია და ჯამში 14 მეტრი იარა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, ხოლო დაცვაში 12 ბოჭვა შეასრულა.

ქართველი ლეგიონერების კლუბებიდან ‘კლერმონი’ ერთადერთია, რომელიც ამ ტურნირზე თასის მოსაგებად იბრძვის. მე-5 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პოს’ ბონუსით, 35:14 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსს ინარჩუნებს, მაგრამ სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ვეღარ მოხვდება. პარიზელთა შორის მეორე 40 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, ბურთით 4-ჯერ შეუტია და 11 მეტრი მოიგო.

მესამე ჯგუფში სტუმრად ბონუსით, 34:27 დაამარცხა ‘ბორდომ’ ‘პერპინიენი’, მაგრამ მეორე ადგილზე აღზევების შანსი აღარ დარჩა. ‘ბორდოს’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა ლაშა ტაბიძემ.

სოჭში, ‘ენისეისა’ და ‘ბრისტოლის’ შეხვედრისას, მოედანზე 5 ქართველი იყო - აქედან სამი მსაჯი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დონის ტურნირზე ქართველი მსაჯების ბრიგადამ იმუშავა. რეფერი 24 წლის ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან ირაკლი ჭანუყვაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეხმარებოდნენ. თამაში ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა - 65:9. ‘ენისეის’ შემადგენლობაში სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო შალვა მამუკაშვილი შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.

მეხუთე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდი დამარცხდა. ‘აჟენი’ ‘ბენეტონს’ იტალიაში ეწვია და სამი ლელო გაუტანა, თუმცა თავად 6 გაუშვა - 24:38. სტუმართა მესამე ლელო გიორგი თეთრაშვილმა 74-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც სრულად ითამაშა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ინგლისში ‘ჰარლექუინსთან’ 20:38 დამარცხდა ‘გრენობლი’. ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46 წუთი ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

გიორგაძის და შარიქაძის ლელოები პრო დე2-ში

საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დე2-ის მე-17 ტურში ლელო ორმა ბორჯღალოსანმა გაიტანა - კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, ოთარ გიორგაძემ.

ტურის პირველ მატჩში ‘ბრივი’ ‘ბიარიცს’ მასპინძლობდა და ანგარიში ქართველის ლელოთი გაიხსნა. მე-4 წუთზე მასპინძელთა შერკინების შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ ახლოდან, რაქიდან შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეს ქართველი მორკინალის მესამე ლელო იყო. მე-15 წუთზე ის ცენტრში დანიშნული შერკინებიდან იწყებდა შეტევას, რა დროსაც ბოჭვაზე წასული მცველი იდაყვით მოიგერია და რეფერიმ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

მიუხედავად იმისა, რომ ‘ბრივი’ კაცნაკლული დარჩა, მათ მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხეს - 36:26 და 48 ქულით, სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. განვლილ მატჩში ‘ბრივის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთამდე ითამაშა ‘ბრივის’ 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო ‘ბიარიცის’ რიგებში 50-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ბურჯი ვახტანგ ახობაძე.

კიდევ ერთ ქართულ დერბიში ‘ორიაკმა’ ‘ანგულემი’ მიიღო და 13:10 დაამარცხა. მასპინძელთა ერთადერთი ლელო მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა. 32-ე წუთზე ის კარგად მიყვა შეტევას, ოფლოუდი შეიმაგრა და 7-8-მეტრიდან სალელოვედ შეუტია. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ეს მისი პირველი ლელოა კლუბის მაისურით. წინა ლელო მან გასულ სეზონში, 14 თვის წინ გაიტანა.

შარიქაძემ მოედანზე 80 წუთი გაატარა, ისევე, როგორც მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ. შესვენების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა ბექა საღინაძე, ხოლო გიორგი ჯავახია თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა მეორე ხაზში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი მოედანზე 33-ე წუთზე გამოჩნდა. ამრიგად, პრო დე2-ის მატჩის დასკვნით წუთებში, მოედანზე ერთბაშად ექვსი ქართველი მორაგბე იყო.

აუტსაიდერთა დავაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ‘ბურგ-ან-ბრესმა’, რომელმაც ‘მასის’ სტუმრად 29:20 სძლია. სტუმართა შორის პირველი ტაიმი ითამაშა ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ.

‘ოიონამ’ ‘კოლომიეს’ 32:16 სძლია და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა. ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თითო ქართველი ბურჯი იყო. გამარჯვებულთა შორის 64 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო სტუმართა ბურჯი ბექა შეყლაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს.

თორნიკე მატარაძის ‘ნევერი’ ‘მონ-დე-მარსანს’ ეწვია და 11:34 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 54 წუთი გაატარა.

სტუმრად ‘ბეზიესთან’ 18:23 დამარცხდა მირიან ბურდულის ‘კარკასონი’. ქართველმა პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა.

ფეხბედნიერი ლაშა ლომიძე

ინგლისის ჩემპიონშიფის ‘დონკასტერში’ სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბორჯღალოსანმა ლაშა ლომიძემ (44 კეპი, 6 ლელო), რომელიც ახალ გუნდს ახალი წლის წინ შეუერთდა.

26 წლის მორაგბემ, რომელსაც ინგლისში აქამდეც უთამაშია (ლონდონ აირიშში), მიმდინარე სეზონი საფრანგეთის პრო დე2-ის ‘ორიაკში’ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაიწყო, ახლა კი ინგლისში დაბრუნდა და 12 იანვარს ‘ქოვენთრისთან’ სტუმრად გამართულ მატჩში შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა. ამ დროს მისი გუნდი 20:17 იგებდა, მერე კი ერთი ჯარიმაც გაიტანა და 23:17 იმარჯვა. ‘ქოვენთრი’ 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ‘დონკასტერმა’ კი 21 მოაგროვა და მე-9 ადგილზეა.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:26 | 15.01.2019
პანტელეიმონი (1218)

პირველ რიგში ჯანმრთელობას და მერე წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

18:50 | 14.01.2019
გორდა (250)

წარმატებები ჩვენს ლეგიონერებს!!!

რედაქციას - თუ შეგიძლიათ გაარკვიოთ თაზო მჭედლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? მძიმე ტრავმა მიიღო და ეხლა რა მდგომარეობაა?!
ასევე დიდი ხანია არაფერი დაწერილა ვიტო კოლელეიშვილის შესახებ, ტრავმის შემდეგ (ტვინის შერყევა) რა ფომრაშია? რას ამბობს მედ პერსონალი?
დავით კაჭარავამ ტრავმის შემდგომ მგონი დაიწყო ვარჯიში, მაგრამ გუნდის განაცხადში ჯერ მგონი არ არის და იქნებ მასაც შეეხმიანოთ.

09:29 | 15.01.2019
გიორგი16 (34)

გაუმარჯოს ბიჭებს, თაზო უკეთესად არის, ერთ კვირაში დაიწყებს რეაბილიტაციიას პარასკევს ან ორშაბათს გადაუღებენ რა მდგომარეობაში აქვს მენჯი როგორ მიდის პროცესი და შემდეგ დაიწყებს რეაბილიტაციის კურს, დაახლოებით 2-3 თვემდე გაუცდება რათა სრულიად მზად დაბრუნდეს, ძალიან რთული ტრავმა ვიიღო და სიჩქარე არ ივარგებს, დაახლოებით სად არ დავწერე და ვთქი რომ ესე არ შეიძლება რასაც რაგბის კავშირი აკეთრებს, უნდა დაუკავშირდეს მოთამაშეს და უნდა ოფიციალური პასუხი კომენტარი თუ ინტერვიუ უნდა მივიღოთ 80-90 წლები რომ არ არის ამის გაკეთება ძნელი რომ იყოს?

13:25 | 15.01.2019
გორდა (250)

კარგია თუ თაზო მალე მომჯობინდება და ფორმაშიც დროულად შევა. მისი კარიერისათვის საჭირო თაზოს დროული გამოჯანმრთელება და ნაკრების წარმატებისათვის განსაკუთტებით მსოფლიოს ჩემპიონატზე.

19:24 | 14.01.2019
jora84 (183)

თაზოს ტრამვა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა როგორც თავიდან ეგონათ, 1 კვირაში დაიწყებს ვარჯიშს.
ვიტო გაურკვევლობაშია, კონტაქტები კატეგორიულად აკრძალული აქვს და სეზონის ბოლომდე ალბათ ეგრე დარჩება.
კაჭი თებერვლისთვის უნდა იყოს მწყობრში.

13:28 | 15.01.2019
გორდა (250)

ვიტოს ამბავი არ ყოფილა კარგად, იმედია მალე მომჯობინდება. ეხლა ისეთ ასაკშია დაღვინებუს რომ იტყვიან და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მიაღწევს ეგ ბიჭი.
კაჭის ამბავი მახარებს, თებერვალში თუ სარუმინეთოდ ფორმაში იქნება ხომ სულ კარგი იქნება.
წარმატებები ჩვენს სპორცმენებს.

0.087425