თბილისის ‘ლოკომოტივმა’ ქუთაისში ‘აიას’ 4 ლელო გაუტანა, 28:14 იმარჯვა და „კონტინენტის ფარის“ მომდევნო ორ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება.
დიდი 10-ის გასული სეზონის ფინალისტები ამჯერად პირველი წრის დასკვნით ტურში შეხვდნენ. უამინდობის გამო თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და კარგი საყურებელი გამოდგა. დაჩი კოპაძემ და ზვიად მაისურაძემ ორ-ორი ლელო გაიტანეს, ბექა წიკლაურმა კი ოთხივე გარდასახვა გაიტანა.
თამაში ‘აიას’ შეტევებით დაიწყო. ისინი მაღალ ტემპში ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას და ჯარიმა კარშიც არ დაარტყეს, თუმცა სტუმრებმა თავი დაიცვეს და მე-20 წუთზე კონტრშეტევით დაწინაურდნენ. იერიში წიკლაურმა წამოიწყო, გიორგი ბეგაძე მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, მაგრამ დაცვაში სივრცეები დატოვეს და ამით დაჩი კოპაძემ ისარგებლა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა.
მასპინძლებს მიხეილ რატიაშვილის კარგი გარღვევის შემდეგ პასუხის გაცემის შანსი ძალიან მალე ჰქონდათ, მაგრამ ის ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს და ეპიზოდს გიგა გაგოშვილი 10 წუთით შეეწირა. ‘აიამ’ შერკინება ირჩია და თავად დაჯარიმდა. ტაიმის ბოლოს ‘ლოკომოტივმა’ ჯანის ხარჯზე კვლავ შეძლო მეტოქის 22-ში დამკვიდრება, ბეგაძემ შერკინების შემდეგ თავად შეუტია და თანაგუნდელს ბურთი ამოუგდო. ჟორჟ სალდაძემ გუნდი ლელოსგან სინბინის ხარჯზე იხსნა.
‘ლოკომოტივი’ არ მოეშვა, შერკინებიდან შეუტია და ზვიად მაისურაძის ლელო წიკლაურმა გარდასახა. მასპინძლებმა შანსი გაწითლებულ დროზე მიიღეს, რატიაშვილმა მეტოქის დაცვა ერთხელაც ააწიოკა, ის შეაჩერეს, თუმცა სივრცით ბადრი დანგაძემ ისარგებლა და ძელებსშუა მცველებიანად შევიდა. თედო აბჟანდაძემ გარდასახა - 7:14.
გუნდებმა მეორე ტაიმიც ცოცხლად დაიწყეს. წიკლაურს ჯერ არეკნი გაუცუდდა, მერე ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ფორვარდები რამდენჯერმე მიეძალნენ და კოპაძემ თავის მეორე ლელო გაიფორმა. 75-ე წუთზე სტუმართა მორკინალებმა ერთხელაც იყოჩაღეს და მოლის შემდეგ მეორე ლელო მაისურაძემაც გაიტანა, რითაც ‘ლოკომოტივს’ პრემიის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ დაცვაში ყურადღება მოადუნა, ლაშა ლომიძემ მასპინძელთა მეორე ლელო მიითვალა და აბჟანდაძის გარდასახვით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 28:14 თბილისელთა სასარგებლოდ.
‘ლოკომოტივმა’ ლიდერ ‘ბათუმთან’ ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა. მომავალ კვირაში ის იტალიაში გაემგზავრება და 8 დეკემბერს ‘ფიამე ოროს’, ხოლო 15-ში ‘კალვიზანოს’ „კონტინენტის ფარის“ ფარგლებში ეთამაშება.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ლოკომოტივს, განსაკუთრებით იტალიაში!