შიდა რაგბი

17:32 | 19.11.2018 | ნანახია 1065 - ჯერ

ლიდერთა მდგომარეობა უცვლელია

მეექვსე ტური ასპინძაში, ‘ტაოსა’ და ‘ყოჩების’ შეხვედრით დაიწყო. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი მიჯრით მეორე, ურთულესს გასვლით შეხვედრას ატარებდა და აკა ცინცაძის შეგირდებმა ამჯერადაც მოახერხეს გამარჯვება და თან საშური პრემიაც აიღეს.

‘ტაო’ პირველ ტაიმში სტუმრებს პრაქტიკულად არაფერს უთმობდა, გარემარბ თემურ ხარაიშვილისა და შუამარბ ლევან ბუცხრიკიძის ლელოებით (ფულბეკმა ოთარ ტალახაძემ ორივე გარდასახა), მალხაზ ჭეიშვილის ბიჭებმა ტაიმის მოგებაც კი მოახერხეს 14:12. ‘ყოჩებმაც’ მატჩის პირველ ნახევარში 2 ლელოს გატანა შეძლეს, თუმცა გუნდის ლიდერ თემურ სოხაძეს ერთი გარდასახვა გაუცუდდა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს და შერკინებაში მოპოვებული უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენეს. ფავორიტმა მთლიანობაში 5 ლელოს გატანა მოახერხა და მათგან 4 ლელო მოლის ხარჯზე დადო. ‘ყოჩთა’ ჰუქერ ლევან გენებაშვილისა და მარბიელ გიორგი ტყეშელიაძის ლელოებს, ოთარ ტალახაძემ წყვილი ჯარიმით უპასუხა და დებიუტანტი შეხვედრის გადარჩენის შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შესულ ‘ყოჩთა’ მხტომელ გიორგი ონოფრიშვილის გატანილმა ლელომ სტუმრებს პრემია მოუტანა,მესხებს კი ნუგეშიც არ დაანება 33:20.

მესხთა ‘აქილევსის ქუსლად’ პირველ ხაზსში არსებული პრობლემები რჩება. სანაცვლოდ ‘ტაო’ ლაღ,შემტევ თვალსასეირო რაგბს თამაშობს და გუნდის ქომაგთა რიცხვიც მეთოდურად იზრდება. ‘ყოჩებმა 24 ქულა დააგროვეს და ‘არესთან’ ერთად ლიდერ ‘იუნკერებს’ კვლავ ერთი ქულით ჩამორჩებიან. სეზონში განცდილი მეოთხე მარცხის მიუხედავად, ‘ტაოს’ მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი, ამ ეტაპზე შედეგზე მეტად შეგირდთა ოსტატობის ამაღლებაზე ზრუნავს და თამაშის ხარისხის მატება ‘ბორჯღალოსანთა’ ექს-დამრიგებლისთვის პრიორიტეტი გახლავთ. ‘ტაოს’ პრეზიდენტ ირაკლი გვენეტაძისა და ცნობილი სპეციალისტების თაოსნობით, სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების მრავალწლიანი პროგრამა ნაყოფიერად მუშაობს, რომლის ძირითად მიზანს ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონში მკვიდრი ეროვნული უმცირესობების უმრავლესობასთან ინტეგრირება წარმოადგენს. გვენეტაძეს და ჭეიშვილს სამომავლოდ ქართულ სარაგბო ელიტაში ასპარეზობის უფლების მოპოვება მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეებით აქვთ განზრახული. სამცხე-ჯავახეთში ნიჭიერ მორაგბეთა რესურსი უხვად მოიძიება, რაც რაგბზე მზრუნველ სპეციალისტებსა და რეგიონის ხელნმძღვანელობას წარმატების იმედს უსახავს.

რიონისპირულ დერბიში, ‘ბაგრატსა’ და ‘არესს’ შორის ბრძოლა პრაქტიკულად არ შედგა. ‘ომის მრისხანე ღმერთი’ მიმდინარე სეზონში თანაქალაქალებს საგრძნობლად აღემატება, რაც განვლილმა შეხვედრამ ნათლად ცხადჰყო. სერგო ფრუიძის შეგირდებმა ‘ბაგრატს’ 9 უპასუხო ლელო გაუტანეს და დაგეგმილი პრემიაც უდტრტვინველად მიითვალეს 57:0. მარბიელმა ნიკა სირაძემ ‘ჰეთ-თრიკი’ გაახერხა. მატჩის მსვლელობამ ‘სერჟს’ რამდენიმე ტაქტიკური ჩანაფიქრის ექსპერიმენტისა და ყველა ცვლილების განხორციელების შესაძლებლობაც მისცა.

პრემიით მოგება, არც პირველობის ლიდერ ‘იუნკერებს’ არ გაჭირვებიათ. კიკეთელები ფოთში, ‘ივერია კოლხი რაინდებს’ სტუმრობდნენ და 12 გატანილი ლელოთი მატჩი 77:7 მოიგეს. მხტომელ გიორგი კურტანიძის დარ, ლელოთა იშტაზე მოსულმა ალექსანდრე ტუჩაშვილმაც ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ‘იუნკერთა’ ვეტერანმა ფრთამ წინა ტურში სულაც ‘პოკერი’ გაახერხა. აღსანიშნავია, რომ კოლხებს შეხვედრის წინ, ტრავმებისა და რამდენიმე მოწამლული მორაგბის გამო მარქაფა საერთოდ არ ჰყავდათ. მატჩის მსვლელობისას კი ბურჯ რაჟდენ ბაღათურიასა და შუამარბ ირაკლი სასანიას ტრავმების შემდეგ, ბაჩო ჩაჩავას გუნდმა შეხვედრა 13 კაცის ამარა ჩაამთავრა. ‘იუნკერები’ 25 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში რჩებიან და მორიგი ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, გიორგი ზაბახიძის ბიჭები დედაქალაქში ოზურგეთის ‘არწივებს’ უმასპინძლებენ.

‘არწივებისა’ და ‘დინამოს’ შეხვედრას ბათუმმა უმასპინძლა. ოზურგეთის დატბორილი მოედნის გამო, გურულებმა აჭარის დედაქალაქს მიაშურეს. მოგებათა იშტაზე მოსულმა მეტოქეებმა უშეღავათო ბრძოლა გააჩაღეს. ფულბეკ ირაკლი ბერიაშვილის ჯარიმით ‘დინამო’ დაწინაურდა, რის შემდგომ უპირატესობას კახა უჩავას ბიჭები დაეუფლნენ. გურულებმა სტუმრებს რამდენჯერმე ხაზი ეფექტურად გაუჭრეს, რასაც ‘არწივების’ შუამარბ დავით დოლიძის ‘დუბლი’ მოჰყვა. გურულების ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრთა გიორგი კალანდაძემ გარდასხვა და 2 ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მეორე ტაიმის შუაწელს მასპინძელთა უპირატესობამ 15 ქულას უწია. დედაქალაქელთა დამრიგებელ ლევან რამიშვილის ტაქტიკურმა გადაადგილებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. ჰუქერ იაგო წაქაძისა და მეორეხაზელ ბექა არევაძეს ლელოთა წყალობით სტუმრებმა მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს(‘დინამოს’ ორივე გარდასხვა გაუცუდდა), თუმცა დარჩენილ დროში გურულებმა კარგად დაიცვეს თავი და ‘არწივებმა’ კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხეს ლიგაში მიჯრით 4 შეხვედრის მოგება 18:13. გურულების წარმატებაში უბერებელ, 42 წლის ვეტერანთა ტანდემმა, მოთამაშე-მწვრთნელმა კახა უჩავამ და ‘ბათუმის’ დამრიგებელმა ირაკლი ნინიძემ ამჯერადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ‘არწივებმა’ 18 ქულას მოუყარეს თავი და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს. აღებული ნუგეშით ‘დინამომ’ მეხუთე ადგილი შეინარჩუნა და მდევარ ‘ტაოს’ 2 ქულით გაუსწრო. პირველი წრის დასკვნით ტურში ‘დინამო’ და ტაო’ ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090012