თბილისის “არმაზი” ერთ-ერთი პირველი გუნდი იყო, რომელთანაც ქართული კლუბების გაცნობის მიზნით მივედით. რადგან კლუბს ახალი სათამაშო ფორმა ჯერ არ ჰქონდა, ფოტომასალის გადაღებისგან თავი შევიკავეთ, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შეკრებაზე წასვლამდე გუნდმა ფორმა ვერ მიიღო, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მორაგბეებიც გამოაკლდათ და ამ გუნდის წარდგენას ფოტოების გარეშე გთავაზობთ. ამ რუბრიკის დაწყების წინ გარკვეულ პრობლემებზე რომ ვსაუბრობდით, ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ ისაა, რომ გუნდებს ფორმა არ ჰქონდათ და შესაბამისად, უკეთესის სურვილით თავი შევიკავეთ, რაც “არმაზის” შემთხვევაში ფოტომასალის გარეშე დარჩენად დაგვიჯდა.
თბილისის “არმაზისთვის” გასული სეზონის პირველი ნახევარი წარმატებული იყო - პირველი წრის ცხრა თამაშიდან გუნდმა ექვსი მოიგო, მაგრამ საბოლოოდ საპლეიოფო ექვსეულს მიღმა დარჩა.
მიზეზი მარტივია - მეორე წრე “არმაზმა” სრულად ჩააგდო და მონაგარს მხოლოდ ორი გამარჯვება შემატა. უნდა ითქვას, რომ გარკვეული არასტაბილურობა პირველ წრეშიც შეინიშნებოდა და გუნდი, რომელმაც დაამარცხა “ლოკომოტივი”, “ყოჩები” და “არმია”, პრემიალური ქულის გარეშე დარჩა “ხარებთან” და “აკადემიასთან”, ეს კი, კონკრეტულად იმ მატჩებში განწყობის ვერშექმნის შედეგი უნდა იყოს, ვიდრე ჩემპიონატის დონის ამაღლებისა.
იყო კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც “არმაზისა” და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (ნაკრების მსოფლიო თასის “ალაფაზე” მონაწილეობის გამო, “არმაზი” მეორე წრეში გარკვეული პერიოდით მწვრთნელის გარეშე დარჩა) დავით ვართანიანი თავად მოგვიყვება:
-რა იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ გასულ ჩემპიონატში გუნდი საუკეთესო ექვსეულში ვერ შევიდა?
-ვფიქრობ, ძირითადად ჩემი არყოფნის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. აქცენტი ახალგაზრდულ ნაკრებზე მქონდა გადატანილი და გუნდს დავაკლდი. ალბათ, ზოგადი და ფიზმომზადებაც არ გვქონდა საკმარისი. მეორე წრეში ფსიქოლოგიურადაც ვერ ვიყავით მზად და ამან იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რაც ვაჩვენეთ.
-თქვენ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად რჩებით, იგივე ფაქტორი წელსაც იქნება და როგორ აპირებთ სიტუაციის დარეგულირებას?
-გუნდში გვყავს ირაკლი მაჩხანელი, რომელიც ამ სეზონში მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს და მე როცა არ ვიქნები, ბიჭებს ის და დათო კიკნაძე მიხედავენ. ერთმანეთს შევენაცვლებით და წელს უფრო კონტროლქვეშ გვეყოლება გუნდი. შარან ეს კონტროლი დავკარგეთ, არადა, წარმატებისთვის საქმისადმი უფრო სერიოზული მიდგომა იყო საჭირო.
-გასულ ჩემპიონატში იყო თამაშები, რომლებიც ჯარიმების კარში არდარტყმის გამო წააგეთ.
-სწორედ ამაზეა საუბარი - სათამაშო დისციპლინა გვაკლდა. ის დავალებები, რომლებიც უნდა შეგვესრულებინა, მოედანზე არ სრულდებოდა. ახლა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ვზრუნავთ. რაც იქნება ტაქტიკური მონახაზი და გეგმა, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. მთავარი ყოველთვის მოგებაა და როგორ აიღებ ქულებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო. პირველ წრეში დაგროვილი ქულებით გავედით ფონს, თორემ მეორე წრე ჩავაგდეთ და საქმე უფრო ცუდად იქნებოდა.
-“არმაზი” როდიდან შეიკრიბა და როგორ მოემზადება მომავალი ჩემპიონატისთვის?
-ცოტა რთული სიტუაცია გვაქვს, რადგან რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. ესენი არიან ზვიად ესართია, ვაჟა თაგაური, მიხეილ არჩუაშვილი, ალექსი ხუციშვილი, აჩიკო ბეჟიაშვილი, საბა ნიკოლავა... რესურსი პირველ ხაზში გვაქვს და დანაკლისი ალბათ არ შეგვეტყობა, მაგრამ პრობლემაა მეორე ხაზი. მზადება 7 ივლისს “შევარდენის” ბაზაზე დავიწყეთ, 30 ივლისს ათდღიან შეკრებაზე მივდივართ ყაზბეგში, 10 აგვისტოს ჩამოვალთ და 15 აგვისტოს ვეთამაშებით “ყოჩებს”. ბიჭები მონდომებული არიან, გეგმებზე კი, ჯერჯერობით ნურაფერს მკითხავთ, დავიწყებთ და ვნახოთ. პირველ შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და გამოჩნდება ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაში ვართ. სათადარიგო სკამი ძალიან მოკლეა და თანაც უმეტესად ახალგაზრდები, 20-21 წლის მორაგბეები არიან.
-ვინ დაიმატა “არმაზმა” და წელს რამდენი მორაგბე გეყოლებათ ახალგაზრდულ ნაკრებში?
-დავიმატეთ მურაზ გიორგაძე და ირაკლი ჩომახიშვილი. შარშან 20-წლამდელებში “არმაზიდან” 7 მორაგბე იყო. წელს მათი რაოდენობა ნაკლები იქნება, თუმცა, ესეც რომ არა, კალენდარი ისეა შედგენილი, ახალგაზრდული ნაკრების თამაშები ჩემპიონატის თამაშებს არ ემთხვევა და შესაბამისად, პრობლემებიც ნაკლები გვექნება.
მართალია მთავარ მწვრთნელს არაფერი უთქვამს, მაგრამ დიდი ალბათობით გუნდს დააკლდება ირაკლი აბუსერიძე, რომელიც სხვა ფრონტზე გადაერთო. სამაგიერიდ, ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში აბუსერიძის შემცვლელ ირაკლი მაჩხანელს, დამატებითი ფუნქციის შეთავსება მოუწევს და წელს მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება. რაღა თქმა უნდა ის თამაშებსაც ჩაატარებს და კლუბის უკანახაზელებს პარალელურ რეჟიმში გეწვრთნის:
-რა მდგომარეობაა გუნდში? რამდენად დაბალანსირებულია შერკინება და უკანა ხაზი?
-ამ ეტაპზე ძნელია რაიმეს თქმა. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ ჩემპიონატში ექვსეულში ვერ შევედით, ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა და ტრანსფერებზეც ვერ ვიაქტიურეთ. ისეთი მოთამაშეები, როგორიც ალეკო ხუციშვილი და საბა ნიკოლავაა, სხვა გუნდებში გადავიდნენ. ამით ძალიან დიდი ძალა დაგვაკლდა და ისეთი ძლიერები ვეღარ ვიქნებით, როგორც შარშან. რესურსიდან გამომდინარე, მაღალი მიზნების დასახვა ცოტა რთულია, თუმცა, იგივე ექვსეულში ვერშესვლიდან გამომდინარე, წელს გუნდი განსაკუთრებით მოტივირებულია. ადამიანური მომენტია - გაჭირვებას რომ გრძნობ, მოტივაცია გიორმაგდება და ჩვენც მაქსიმალურად მონდომებულად დავიწყეთ მზადება.
ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, რომელთა უმრავლესობამ შარშან მსოფლიო თასის “ალაფაზე” ითამაშა და ახლა სრულად არიან გადართული საკლუბო რაგბიზე. მათი მიზანია თავი გამოიჩინონ და ეროვნული ნაკრების მონახაზში მოხვდნენ. მოკლედ, “არმაზი” პერსპექტიული გუნდია. ჩვენი მთავარი მწვრთნელიც ეცდება, რომ წელს კლუბს უფრო მეტი დრო დაუთმოს. შარშან მას ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და საქმე მოითხოვდა, რომ მეტი ყურადღება იქით მიემართა. წელს დააბალანსებს საკუთარ დროს და კლუბსაც სათანადო ყურადღებას დაუთმობს.
-თითქოს კარგი შემადგენლობა გყვადათ, თქვენ, აბუსერიძე, 20-წლამდელთა ნაკრების ბიჭები, ასევე გამოცდილი მორაგბეები. რა იყო იმის მიზეზი, რომ შარშან ექვსეულში ვერ მოხვდით?
-ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, თანაც ისეთები, რომლებშიც მოგება შეიძლება. ასევე, ვერ ავიღეთ პრემიალური ქულები, როგორც წაგებისთვის, ასევე მოგებისთვის. ამას დაემატა ის, რომ დავით ვართანიანი ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობდა და თამაშების ჩატარება მის გარეშე მოგვიწია. უმწვრთნელოდ რომ დავრჩით, მოვეშვით და ვერც შერკინებაში ვითამაშეთ სათანადოდ და ვერც ხაზში. ჩემის აზრით, რაიმე კონკრეტული მიზეზი კი არა, ამის მიზეზი ამ ყველაფრის ერთობლიობა იყო.
-ჩემპიონატის სტარტის 15 აგვისტოს გადმოტანამ, ალბათ, თქვენი გეგმებიც შეცვალა.
-დაუგეგმავი იყო და ამან ბევრი რამ შეცვალა, უფრო ნაკლები დრო გვრჩება მოსამზადებლად. ორი თვით ადრე უნდა დაგვეწყო მზადება და ახლა ისე გამოდის, რომ პირველ თამაშამდე თვე და 1 კვირა გვაქვს.
-როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ახლა უკვე “არმაზის” უკანა ხაზის მწვრთნელიც. რამდენად ხედავთ ახალგაზრდებში იმის პოტენციალს, რომ ეროვნული გუნდის ხაზმა სათანადო შევსება მიიღოს?
-ჩვენს გუნდში არის ერთი გამორჩეული ახალგაზრდა უკანახაზელი, რომელმაც ეროვნულ გუნდში უკვე ითამაშა - ესაა მურაზ გიორგაძე და მასზე დიდი იმედების დამყარება თავისუფლად შეიძლება. მის გარდა, არიან ვახტანგ ამირანაშვილი, გიორგი მარგველანი, კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომლებზეც აქცენტის გაკეთება შეიძლება, მაგრამ დღესდღეობით მურაზი მაინც გამორჩეულია. ასაკობრივ ნაკრებებში ისეთი კარგი ბიჭები არიან, რომ უკვე თამამად შეიძლება ამის თქმა - რამდენიმე წელიწადში ეროვნულ გუნდში ყველა პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენცია იქნება.
-წელს პირველად მოგვევლინებით მწვრთნელის რანგში. ეს საქმეც ისე კარგად გამოგდით, როგორც ლელოების გატანა?
-დრო აჩვენებს და ამის შეფასება სხვებისთვის მიმინდვია, ფაქტი კი ისაა, რომ გუნდი მაგრად მომყვება. მეც ვცდილობ, რომ რაც მისწავლია, რა გამოცდილებაც მიმიღია, ამ ახალგაზრდებს ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გადავცე.
-წელს პირველად ჩაერთვება ევროთასების გათამაშებაში ქართული კლუბი, უფრო სწორად აღმოსავლეთ რეგიონის ნაკრები. რას უნდა ველოდოთ ამ გათამაშებისგან და რა სიკეთეს მოუტანს ეს ქართულ რაგბის?
-ბევრს ვერც კი წარმოუდგენია რა დონის ტურნირში ვიწყებთ თამაშს. ეს იქნება ძალიან რთული გათამაშება ჩვენი გუნდებისთვის, რადგან იქ იმხელა რიტმია, რომ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ვერც კი შეადარებ. თუნდაც ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეებისგან შეკრული გუნდისთვის, გამოუცდელობის ფონზე, ძალიან რთული იქნება იქ თამაში. თუმცა, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. თავიდან შესაძლოა გასაოცარი სხვაობებიც დაფიქსირდეს, მაგრამ მოთამაშეები შეიძენენ უდიდეს გამოცდილებას. ვფიქრობ, აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდება და ეს ძალიან კარგიცაა, მაგრამ აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მათ არ გაუჭირდეთ. ამით ჩემს თავს არავის ვთავაზობ, მაგრამ თუ დამიძახებენ, გუნდს გვერდში აუცილებლად დავუდგები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია