უცხოური

18:18 | 5.11.2018 | ნანახია 1531 - ჯერ

შოტლანდიელთა მარცხმა ავსტრალია ახეირა

მსოფლიო რაგბმა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ უქმეებზე გამართულმა ტესტების კვალად, ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.
შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა კარდიფში უელსთან 10:21 წააგო, 0.41 ქულა დაკარგა და ამით, ავსტრალიელები ახეირა. “ვოლაბები” მინდორზე საერთოდ არ გასულან, თუმცა, 1 პოზიციით დაწინაურდნენ და მე-6 ადგილიდან სწორედ “ნარშავები” ჩამოაქვეითეს.
კლასიფიკაციაში გაცილებით დიდ ცვლილებებს მომავალ ორშაბათს უნდა ველოდეთ, როდესაც 10-11 ნოემბერს დაგეგმილი ტესტები მოილევა. შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს საქმეში “ბორჯღალოსნებიც” ჩაებმებიან, როდესაც ფლორენციაში ძალებს იტალიასთან მოსინჯავენ.
ცნობილია, რომ 15 და ნაკლები ქულით მოგების შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები 1.243 ქულას შეიმატებენ, 15 ქულაზე მეტით მოგება კი, ჩვენს გუნდს 1.865 ქულას მოუტანს. ორივე შემთხვევაში, მილტონ ჰეიგის შეგირდები მე-12 ადგილიდან ტონგელებს დააქვეითებენ.
ფრის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 0.243 ქულას მიიღებს და ძველებურად მე-13 საფეხურზე დარჩება, რაგინდარა მარცხის შემთხვევაში კი, “ბორჯღალოსნები” ამჟამინდელ ადგილს სწორედ იტალიას გადაულოცავენ. 15 და ნაკლები ქულით მარცხის შემთხვევაში, ქართველებს 0.757 ქულა დააკლდებათ, 15-ზე მეტით წაგება კი, ერთბაშად 1.135 ქულას მოგვაკლებს.
აქვე, მომავალ უქმეებზე დაგეგმილი ტესტ-მატჩების განრიგსაც გაგაცნობთ, სადაც თბილისის დროა მითითებული.

10 ნოემბერი
რუსეთი 15.00 ნამიბია (კრასნოდარი)
რუმინეთი 16.00 პორტუგალია (ბაია მარე)
იტალია 18.00 საქართველო (ფლორენცია)
შოტლანდია 18.30 ფიჯი (ედინბურგი)
ინგლისი 19.00 ახალი ზელანდია (ლონდონი)
ფრანგი ბარბაროსები 19.00 ტონგა (ბორდო)
უელსი 21.20 ავსტრალია (კარდიფი)
აშშ 21.30 სამოა (სან სებასტიანი, ესპანეთი)
ირლანდია 22.30 არგენტინა (დუბლინი)

11 ნოემბერი
საფრანგეთი 00.05 სამხრეთ აფრიკა (პარიზი)
ბრაზილია 02.00 ზელანდიელი მაორები (სან პაულუ)
კანადა 16.00 კენია (მარსელი, საფრანგეთი)
გერმანია 19.00 ჰონგ კონგი (მარსელი, საფრანგეთი)

მსოფლიო რაგბის სრული რეიტინგი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:27 | 06.11.2018
Dato505 (22)

მაგრად გაგვიჭირდება იტალიელებთან. საკადრო პრობლემებიც მოგვეძალა. დიდი ბრძოლა გველის.ჩვენ გვჯერა ჩვენი ლომების.

0.085067