შიდა რაგბი

3:10 | 3.11.2018 | ნანახია 1055 - ჯერ

დიდი 10: მოქმედმა ჩემპიონმა ყოფილს მოუგო

დიდი 10-ის მე-8 ტურის პირველ მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’ გორში ექს-ჩემპიონი ‘ჯიქი’ 19:16 დაამარცხა და ტურის ბოლომდე ლიდერ ‘ბათუმს’ გაუტოლდა.

ცენტრალური შეხვედრა თვალსასეირო და დაძაბული გამოდგა. სტუმრებმა პირველსავე წუთზე მოიპოვეს ბურთი, ფაზები აკინძეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და ბექა წიკლაურმა ახლოდან ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა პასუხი არ დააგვიანეს, მეტოქის ნახევარზე დაახლოებით 5 წუთი გაატარეს და სანდრო ფურცხვანიძემ წონასწორობა აღადგინა.

მალე ‘ჯიქს’ ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა. სამაგიეროდ ‘ლოკომოტივმა’ დააყენა კარგი მოლი, დაახლოებით 18-20 მეტრი დაფარა და დაჩი კოპაძის ლელო წიკლაურმა გარდასახა. ფურცხვანიძემ 21-ე და 28-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და ტაიმი თბილისელებმა 10:9 მოიგეს.

ზედ შესვენების წინ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - შერკინებით უკმაყოფილო რეფერიმ ორივე გუნდის პირველი ხაზი, ჯამში 6 მორაგბე გაასინბინა და მეტოქეები მოედანზე 10 წუთით 12-12 კაცის ამარა დარჩნენ.

სივრცეებით მეორე ტაიმის დებიუტში ‘ჯიქმა’ ისარგებლა. მათ ჯერ მეტოქის ნახევარზე მოიპოვეს ჯარიმა, დერეფნიდან დაყენებულ მოლს დავით ხიდეშელი მოწყდა და ლელოში შევიდა, ხოლო ფურცხვანიძემ გარდასახა.

სინბინიდან მოთამაშეები რომ დაბრუნდნენ, ‘ლოკომოტივი’ ინიციატივას დაეუფლა. წიკლაურმა ორი ცდიდან ერთი ჯარიმა გაიტანა, 59-ე წუთზე კი გიორგი კაკაურიძემ სახიფათო ბოჭვისთვის მეორე ყვითელი, შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო და ‘ჯიქი’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა.

გორელებმა გარკვეული დროით მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხეს, მაგრამ ქულები ვერ აიღეს. დასკვნით წუთებში სტუმრებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება და 76-ე წუთზე წიკლაურმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-80-ზე 35 მეტრიდან გაიტანა და ‘ლოკომოტივმა’ სტუმრად 19:16 იმარჯვა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087861