სიახლეები

13:33 | 29.10.2018 | ნანახია 942 - ჯერ

პირველი ლიგა | ‘არესი’ გალიდერდა

მეოთხე ტური, ფოთში ‘პარკი არენაზე’ ადგილობრივი ‘ივერია კოლხი რაინდებისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ პრინციპული შეხვედრით დაიწყო. ფავორიტად მიჩნეულმა კოლხებმა მატჩის საწყის ნაწილში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მასპინძელთა მოთამაშე-მწვრთნელმა ბაჩო ჩაჩავამ მარბიელ ლევან ზაქარეიშვილის ლელოს ზუსტი გარდასახვა და ჯარიმა მიაყოლა. გურულები არ შედრკნენ და ჰავბეკ ზურა ჟორჟოლაძისა და საჯარიმო ლელოთი ტაიმი 12:10 მოიგეს. წვიმამ შეხვედრას თავისი დაღი დაასვა. მეტოქეებს სულ უფრო უჭირდათ სველი ოვალის დამორჩილება და მეორე ტაიმში უნებლიე შეცდომათა რიცხვმაც იმატა. თანაც წინა ტურებში კოლხებმა მეტოქეებს დიდძალი ენერგია შეალიეს და გურულებთან შეხვედრის ბოლომდე სასურველი ფიზიკური კონდიციები ვეღარ შეინარჩუნეს.

ჩაჩავს კიდევ 3 გატანილი ჯარიმით კოლხებმა ანგარიში ბოლოჯერ მეორე ტაიმის შუაწელს გაათანაბრეს, თუმცა ლიგის ბინადართა შორის ყველაზე ხანდაზმულმა ‘არწივებმა’ გამოცდილების ხარჯზე მასპინძელთა თთქმის ყველა შეცდომიდან ხეირი ჰპოვეს. გურულთა მხტომელი ზურა კვაჭაძის ‘დუბლით’, კახა უჩავას შეგირდებმა მატჩიც მოიგეს 26:19 და თან პრემიაც მიითვალეს.

აღსანიშნავია, რომ თავად უჩავამ შეუცვლელად, ჯერ მხტომელის, შემდეგ კი მღლეტელის პოზიციაზე ითამაშა და 42 წლის ექს-ბორჯღალოსანმა ‘კლასის უკვდავების’ დემონსტრირებაც მოახდინა. მომავალ შეხვედრებში უჩავა თავისი თანაშემწის კახა მაჩიტიძის მოედანზე ხილვასაც არ გამორიცხავს. 50 წელს(!) მიტანებულ ‘ჩიჩმიასა’ და მისი ლეგენდარული თანაგუნდელის, ცხონებული ‘ბეყეს’ (ნუგზარ ძაგნიძე) დუეტი საბჭოური რაგბის ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ტანდემად იყო მიჩნეული. პირველივე ტურიდან მოყოლებული, კახა მაჩიტიძე ‘არწივთა’ ყველა სამატჩო განაცხადში იმყოფება. გურულებმა ბოლო 2 შეხვედრაში მაქსიმალური 10 ქულა აიღეს და აუტსაიდერთა რიგებიდან მოწინავე კვარტეტში დამკვიდრნენ. კოლხებმა კი მარცხის მიუხედავად ცხრილში მეექვსე ადგილი შეინარჩუნეს. განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდმა ბონუსის აღება მოახერხა, რაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი შემთხვევა გახლავთ.

ასპინძაში, ‘ტაოსა’ და ქუთაისის ‘არესის’ შეხვედრის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მესხთა მხრიდან მღლეტელ საბა ხარაიშვილის გატანილი ლელო მგეზავმა ოთარ ტალახაძემ გარდასახა და შემდგომში 3 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა. ‘არესმა’ კი მასპინძლებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა და მატჩი პრემიის თანხლებით 29:16 მოიგო. რიონისპირელთა რიგებში ლელოებით შუამარბი ამირან შვანგირაძე, ფრთა ლაშა ძნელაძე, მარბიელი ნიკა სირაძე და მხტომელი ბებუნი კუხიანიძე გამოირჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ‘არესის’ დამრიგებელმა სერგო ფრუიძემ ტაქტიკურ ხერხს მიმართა. ‘სერჟმა’ ძირითად 15-ეულში პირველი ხაზის სათადარიგო მოთამაშეები გაამწესა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი დასვენებული მთავარი ძალის ჩართვის შემდეგ სტატიკაში დიდი უპირატესობა მოიპოვა, რამაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა კიდეც. მიჯრით მეოთხე გამარჯვებამ და მესამე პრემიამ(ჯამში 19 ქულა), ‘არესი’ სატურნირო ცხრილის სათავეში დატოვა და თან ‘ომის მრისხანე ღმერთი’ მდევრებს 4 ქულით მოწყდა. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდები კი 9 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩნენ.

სეზონის პირველი ტოპ-მატჩი დედაქალაქში გაიმართა. პირველობის ლიდერმა და ქვეყნის 3-გზის ჩემპიონმა ‘ყოჩებმა’ შემადგენლობით გამორჩეულ კიკეთელ ‘იუნკერებს’ ავჭალაში უმასპინძლეს. აკა ცინცაძის შეგირდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და გუნდის ლიდერ თემურ სოხაძის არეკნით დაწინაურდნენ. მალე ‘ყოჩების’ თამაში აირია. უამრავ უნებლიე შეცდომასთან ერთად ‘ყოჩებმა’ ვერც თავიანთი მთავარი კოზირი, სტატიკა ვერ გამოიყენეს. მეტიც, ‘იუნკერებმა’ გადამწყვეტი უპირატესობა სწორედ შერკინების ხარჯზე მოიპოვეს. სოხაძე პრქტიკულად ეულად ცდილობდა შეხვედრის შემოტრიალებას. ყოფილი ბორჯღალოსანი ფეხით კარგად ირჯებოდა, თუმცა თანაგუნდელები შეტევის განვითარებას ვერ ახერხებდნენ.

კიკეთელები მხტომელ გიორგი კურტანიძის ლელოსა და ფულბეკ რეზი ხარაზიშვილის 2 ჯარიმით შესვენების წინ 8 ქულით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში გიორგი ზაბახიძის შეგირდთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. ‘იუნკერთა’ დაცვის ხაზი პრაქტიკულად უშეცდომოდ ირჯებოდა, ხოლო ჰუქერ ლუკა კობერიძისა და მგეზავ ნიკოლოზ მერკვილიშვილის გატანილ ლელოთა წყალობით კიკეთელებმა მატჩი პრემიის თანხლებით 28:3 მოიგეს. ‘იუნკერები’ ცხრილში 15 ქულით ‘ყოჩებს’ გაუთანაბრდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსით მეორე ადგილზე აღზევდნენ.

ტური, ქუთაისში ‘ბაგრატისა’ და ‘დინამოს’ დაპირისპირებით დასრულდა. ძლიერმა ქარმა მეტოქენი არათანაბარ პირობებში ამყოფა. რიონისპირელებმა ზურგქარის უპირატესობა მხოლოდ ტაიმის მიწურულს გამოიყენეს და ისიც მას შემდეგ, რაც 2 დინამოელის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ფრთა გიორგი ძაგანიამ ლელოდ აქცია და ‘ბაგრატმა’ ტაიმი 5:3 მოიგო.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში შაკო კიკვაძეს ერთბაშად 2 ბურჯი დაუშავდა და თამაში ცრუ შერკინებით გაგრძელდა. შექმნილი ვითარებით ლევან რამიშვილის შეგირდებმა მაქსიმალური ხეირი ჰპოვეს, თან უხნესს ქართულ კლუბს უკვე ზურგქარში თამაშმაც კარგი სამსახური გაუწია. შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე ‘დინამომ’ 4 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა. მარბიელებმა შოთა ქავთარაძემ და გიგა ნოზაძემ თითო ლელოს გატანა მოახერხეს, მღლეტელმა შოთა ფერაძემ კი ‘დუბლი’ შეასრულა. ‘დინამომ’ სეზონში პირველი მოგება პრემიით 25:5 გაიფორმა, 6 ქულას მოუყარა თავი და მეექვსე ადგილოსან ‘ივერია კოლხი რაინდებთან’ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, აუტსაიდერ ‘ბაგრატის’ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. რიონისპირელებს მხსნელ ზონასთან უკვე 7 ქულა აშორებთ.

პირველობაზე რეგლამენტით გათვალისწინებული 2-კვირიანი პაუზაა. მეხუთე ტურის შეხვედრები 10-11 ნოემბერს გაიმართება. მორიგ ტოპ-მატჩს ქუთაისი უმასპინძლებს. ლიდერი ‘არესი’ ‘ყოჩებს’ დაუპირისპირდება.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077736