სიახლეები

23:37 | 27.10.2018 | ნანახია 2906 - ჯერ

სამი ახალი კომპლექსი "ქართუსგან“: ნუცუბიძეზე რაგბის ბაზა გაიხსნა

საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“, საქართველოს რაგბის კავშირს კეთილმოწყობილი, საერთაშორისო სტანდარტის სამი ახალი კომპლექსი გადასცა. მათგან ერთი თელავში, ხოლო ორი თბილისში - ნუცუბიძის პლატოზე და დიღომში გაიხსნა.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნუცუბიძის პლატოზე გაიმართა, სადაც ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნებია. ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახი კალაძე, მინისტრები, დეპუტატები, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, ვეტერანი და დამწყები მორაგბეები ესწრებოდნენ.

„დღეს მართლაც დიდი დღეა - სამი მნიშვნელოვანი ბაზა იწყებს ფუნქციონირებას: ნუცუბიძეზე, დიღომში გარემონტებული ‘ლოკომოტივის’ ბაზა და თელავში, სადაც ახალი სტადიონი აშენდა. ეს ძალიან დიდი საჩუქარია ქართული რაგბისთვის, რომელიც მას ფონდმა „ქართუმ“ გაუკეთა. დიდი მადლობა „ქართუს“ იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელსაც ის ქართული სპორტისთვის ანხორციელებს. პერსონალური მადლობა ქართული რაგბის დიდ ქომაგს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს დახმარება წლების წინ დაიწყო და ახლა გვაქვს ხარისხობრივად ახალი ინფრასტრუქტურა. ჩვენი კოლეგები, რომლებიც ჩამოდიან ევროპიდან, ახალი ზელანდიიდან თუ არგენტინიდან, ერთხმად აღნიშნავენ, რომ გვაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ეს გახდება ახალი გამარჯვებების წინაპირობა. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ბავშვები და მოზარდები უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტში. მინიმუმ 6-ჯერ გვაქვს გასაზრდელი სპორტში ჩართული ახალგაზრდების კოეფიციენტი. სწორედ ბავშვთა სპორტია იმის წინაპირობა, რომ მომავალშიც ვიყოთ წარმატებულები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„რაგბი ქართველების მებრძოლ სულთან და ხასიათთან ძალიან ახლოსაა და სპორტის ეს სახეობა ამიტომაც გვიყვარს გამორჩეულად. ის ნამდვილად ჩვენი თამაშია, თუმცა მხოლოდ ხასიათი და შემართება საკმარისი არაა სპორტის განვითარებისთვის. მას ჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენს თვალწინ იცვლებიან თაობები და რაგბი სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს. რა თქმა უნდა რაგბს ჭირდება მეტი თანადგომა და მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს. განსაკუთრებული მადლობა პრემიერ-მინისტრს, ფონდ „ქართუს“ და რაგბის კავშირს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა კახი კალაძემ მიმართა:

„ვუერთდები ამ მილოცვებს. სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. რაგბი ჩვენი თამაშია და მისი წარმატებები შემთხვევითი არაა. მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნას საფუძველი ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა, რაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი ვარჯიშების ჩასატარებლად. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწყობა და ფონდ „ქართუს“ ამ მიმართულებით უკვე დახარჯული აქვს 200 მილიონი ლარი. ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას უნდა ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ბორჯღალოსნებს სულ მალე მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ:

„უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და იმ ყურადღებისთვის, რომელიც მთავრობამ გამოიჩინა. რაგბს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აწევს, რადგან ის სიყვარული, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ, მხოლოდ სიამაყით მისაღები არაა. მას ყოველდღიურად უნდა დამტკიცება, ახალი მიღწევებით და გამარჯვებებით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელმაც 10 წლის წინ, მაშინ დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწყობა, როდესაც რაგბს არაფერი ჰქონდა და დღეს წამყვანი სარაგბო ქვეყნებიც აღნიშნავენ ჩვენი ბაზების მაღალ სტანდარტს“.

„დღევანდელი დღე და ჩვენი მთავრობისგან მიღებული პირობა, რომ მათგან ყურადღება და მხარდაჭერა არ მოგვაკლდება, კიდევ უფრო წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს. იმ საჩუქარს, რომელიც „ქართუმ“ გაგვიკეთა, მოვლა ჭირდება - მატერიალური, ინტელექტუალური თუ ფინანსური საშუალებებით და სახელმწიფოს თანადგომით ჩვენ ამ მეურნეობის გაძღოლას მოვახერხებთ. მადლობა ქალაქის მერს კახი კალაძეს, ყოფილ ფეხბურთელს, ყურადღებისა და თანადგომისათვის, - ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ფეხბურთელების წარმატებას, რომლებიც აღმავლობის გზაზე არიან. ჩვენ მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გვინდა, რომ ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია, მათთან ერთად განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები და გავახაროთ ქართველი ერი“.

ბაზების გადაცემის დოკუმენტზე ოფიციალურ ხელმოწერამდე ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტმა ნიკო ჩხეტიანმა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა:

„ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში უამრავ საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ უპრეცედენტო, რაგბის მხარდაჭერის პროექტი, რომელსაც 10 წელია ვანხორციელებთ. დაახლოებით 200 მილიონი ლარის ფარგლებში მოეწყო 15 სარაგბო ბაზა და გარდა ამისა, ფონდი ყველა ასაკობრივ ნაკრებს ფინანსურადაც ეხმარებოდა. ვფიქრობ, ის წარმატებები, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენი მორაგბეები აღწევენ, ამ გარემოებითაცაა განპირობებული“.

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:47 | 29.10.2018
ზებე (86)

მაგრამ ჩაუფლავდათ ზურაბა ))))

15:46 | 29.10.2018
ზებე (86)

ზუსტად არჩევნების წინა დღეს რომ გახსნეს

09:13 | 28.10.2018
geogoli (367)

ქართუს სტადიონები კარგია, მაგრამ მთავრობის დანაპირები მოედნები სად არის? აღარც ახსენებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ისე ამ საარჩევნოდ ერთი ფრანჩიზის შესაქმნად რომ გაექნიათ ფული, არ იქნებოდა ურიგო ამბავი

0.169349