დიდი 10

23:23 | 21.10.2018 | ნანახია 1093 - ჯერ

დიდი 10: "ხარებმა" თამაში შემოაბრუნა

მარნეულის ‘არმაზი’ ‘ხარებს’ რუსთავში პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს და 17:10 იმარჯვეს.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მასპინძლები მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მე-16 წუთზე სინბინით ზურა ქავთარაძე დაკარგეს. ‘არმაზმა’ მეტობა სწრაფად გამოიყენა, 22-ის ხაზთან ბურთი გაშალა, იოანე იაშაღაშვილმა შეუტია, დაახლოებით 15 მეტრი ბრძოლით გაიარა და რეზი ჯინჭველაშვილმა ლელო გარდასახა.

‘ხარებს’ ჯარიმის გატანა მალევე შეეძლო, მაგრამ ლელოზე თამაში არჩია და ბურთი დაკარგა. მასპინძლებმა იერიშები გააგრძელეს, თუმცა დასკვნით ფაზებში სცოდავდნენ და ‘არმაზიც’ მედგრად იცავდა თავს. შედეგად, 36-ე წუთზე მათ ჯარიმა კარში დაარტყეს და კობა ბუჯიაშვილი ზუსტი იყო - 3:7 პირველი ტაიმის შემდეგ.

ჯინჭველაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმით სტუმართა უპირატესობა კვლავ 7 ქულამდე გაზარდა, თუმცა 2 წუთში მასპინძლებისგან ლელო მიიღო. დერეფნის შემდეგ ნიკა ბერძულმა და ირაკლი ნატრიაშვილმა კარგად შეუტიეს, გურამ ქანდაურაშვილმა 5-მეტრიან წყვეტილთან მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი და ბოჭვის მიუხედავად ლელოს მიწვდა, ხოლო ბუჯიაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა - 10:10 47-ე წუთზე.

‘ხარები’ 67-ე წუთზე დაწინაურდა. გიორგი ბასილაიამ ბურთი ლელოს სიახლოვეს მიიღო, მოკლე მანძილზე ცრუმოძრაობით ორი მბოჭავი აირიდა და მასპინძლები დააწინაურა, ხოლო ბუჯიაშვილმა გარდასახა. ‘არმაზმა’ თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ შეტევებში კვლავ შეცდომები დაუშვა, რუსთაველებიც დაცვაში მედგრად დადგნენ და 17:10 მოგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდნენ.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084302