შიდა რაგბი

17:23 | 5.10.2018 | ნანახია 1146 - ჯერ

დიდი 10 | მეექვსე ტური: "ლელო-სარასენსი" - "ლოკომოტივი"

დიდი 10-ის მეექვსე ტურში ორი ცენტრალური შეხვედრაა და ორივე შაბათს გაიმართება. პირველი 14 საათზე თბილისში დაიწყება და ‘ლელო არენაზე’ ‘ლელო-სარასენსი’ ‘ლოკომოტივს’ დაუხვდება.

დედაქალაქურ დერბის გუნდები ოთხ-ოთხი მოგებით და თითო მარცხით ხვდებიან. დიდ დიღმელებმა ის ერთი თამაში სწორედ საკუთარ „ლელო არენაზე“, 14 სექტემბერს ‘ბათუმთან’ დათმეს. ისე მოხდა, რომ ‘ლელო-სარასენსმა’ ყველა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. მათ ჯერ ‘ხარებს’ სძლიეს რუსთავში (29:26), მერე ‘ვეფხვებს’ გაუტანეს გამარჯვების ლელო (28:25), ორი კვირის წინ გორში ‘ჯიქს’ მოუგეს (16:14), ხოლო გასულ ტურში ქუთაისის ‘აია’ მიიღეს - 23:13.

ლევან მაისაშვილმა გამარჯვებულ შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. შერკინების პირველ ხაზში მარჯვენა ბურჯად რევაზ დუგლაძეს ვიხილავთ, არჩილ ბეჟიაშვილმა კი მარცხნივ გადაინაცვლა. მეორე ხაზში თამაშს გრიგორ ქერდიყოშვილი იწყებს, ხოლო მესამეში ნიკო აფციაური ბრუნდება. ის ფლანკერი იქნება, შემკვრელად კი ცისკარა ბერიაშვილი ითამაშებს. უკანა ხაზში დემე თაფლაძემ ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა, ხოლო რეზო ჯინჯიხაძეს მის ნაცვლად ბეჟან გავაშელიშვილი შუწყვილდება.

საქართველოს ჩემპიონმა ‘ლოკომოტივმა’ ტიტულის დაცვა კარგად დაიწყო და სტარტზე ოთხი თამაში მოიგო, აქედან ორი ბონუსით (‘ვეფხვებთან’ 47:22 და ‘აკადემიასთან’ 41:6). გასულ ტურში რკინიგზელები რუსთავს ეწვივნენ და სეზონში პირველი მარცხი იწვნიეს - 7:13. მიუხედავად ამისა, თემურ ბენდიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს მოერიდა.

შერკინებაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და მეორე ხაზში გაგა არაბულს ვიხილავთ. 9 ნომრად ბრუნდება გიორგი ბეგაძე, რომელმაც რუსთავში ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა. შედეგად, მგეზავად გიორგი აფციაური, ხოლო ცენტრში ვახტანგ კავთიძე ბრუნდებიან, რომელთაც ‘ხარებთან’ განსხვავებულ პოზიციებზე მოუწიათ თამაში.

შეგახსენებთ, რომ მეექვსე ტურის შემდეგ დიდ 10-ში სამკვირიანი შესვენება გამოცხადდება და ამ პერიოდში ევროპის საკლუბო ტურნირების შეხვედრები გაიმართება. „კონტინენტის ფარზე“ პირველ შეხვედრას გამართავს „ლოკომოტივი“, რომელიც 13 ოქტომბერს 15 საათზე, „ავჭალაზე“ იტალიის ვიცე-ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ დაუხვდება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08981