შიდა რაგბი

22:15 | 30.09.2018 | ნანახია 930 - ჯერ

ირლანდიელი 15 წლამდელების სტუმრობა ქუთაისში

გუშინ ქუთაისში, „აია არენაზე“, ‘აიას’ 15-წლამდე (2003 წელს დაბადებულები) მორაგბეთა გუნდი ირლანდიური კლუბის, ‘ქულმაინის’ (Coolmine RFC) თანატოლთა გუნდს შეხვდა.

‘ქულმაინის’ ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ქართველი ნიკა აბდალაძეა, რომელიც 1995 წელს, ქუთაისის ‘აიასთან’ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, 1997 წელს კი, ბორჯღალოსნების კვართით ხორვატიისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.

ირლანდიაში გადასვლის შემდეგ, ნიკა აბდალაძემ და მისმა ოჯახმა რაგბთან კავშირი არ გაწყვიტა და მისმა უფროსმა ვაჟმა ვახტანგ აბდალაძემ ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებებში (20 და 18-წლამდელებში) ითამაშა, შარშან კი ‘ლენსთერის’ მაისურით პრო 14-ს მოუსინჯა კბილი. რაგბს თამაშობს მისი უმცროსი ძმა ლუკა, რომელიც გუშინ მოედანზე ‘ქულმაინის’ მაისურით იყო.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, რომ ირლანდიელი და ქართველი ბავშვები დამეგობრდნენ და ერთმანეთს სარაგბო გამოცდილება გაუზიარონ. გვქონდა ერთობლივი ვარჯიში და თამაში, ყველა ბავშვი ძალიან ბედნიერია. ჩვენ 2003 წელს დაბადებული 20 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, რომელთაგან ერთი ჩემი შვილია. 25 აპრილს ქუთაისში ‘ქულმაინის’ 2002 წელს დაბადებულთა გუნდიც ჩამოვა და ეს მეგობრობა გაგრძელდება“ - ამბობს აბდალაძე, რომელიც 14 წელია ამ გუნდში მუშაობს.

ირლანდიელებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე, გაისეირნეს ნავებით, ეწვივნენ მარტვილის კანიონს და შინ დაბრუნებამდე ბათუმსაც დაათვალიერებენ.

„ყველა მოხიბლულია ჩვენი ქვეყნის სილამაზით, ქუთაისის არაჩვეულებრივი ბაზით და სტუმარ-მასპინძლობით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დიმა ფულარიას და ყველა იმ ვეტერან მორაგბეს, რომლებიც გვერდში მიდგანან. ჩვენი სურვილია, რომ მცირე დროის მიუხედავად, სტუმრები შინ მაქსიმალური შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ“.

მსგავს კავშირებს და ურთიერთობებს მიესალმება ქუთაისის ‘აიას’ პრეზიდენტი გია გორგასლიძე:

„მსგავს ინიციატივებს მივესალმები, მით უმეტეს, რომ ამის სურვილი ირლანდიელებმა თავად გამოთქვეს. ირლანდიელებს რაგბში უდიდესი გამოცდილება აქვთ და მათთან კავშირი ჩვენი ბავშვებისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება“.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:38 | 02.10.2018
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

23:22 | 30.09.2018
თორღვა პანკელი (387)

ამიტომაა რაგბი ჩვენი თამაში და ამიტო მიყვარს რაგბი და მორაგბეები! ისე აკეთებენ ქართულ საქმეს და გვაახლოვებენ ევროპას, რომ არ სჭირდებად მახინჯი სამკლავურების გაკეთება.

0.095577