ლეგიონერები

22:15 | 24.09.2018 | ნანახია 1711 - ჯერ

ლეგიონერები | ნარიაშვილი დაბრუნდა

გასულ კვირაში ევროპის წამყვან სარაგბო ლიგებში მეხუთე ტურის თამაშები გაიმართა და მთლიანობაში, ის ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

ბორჯღალოსანთა ნაწილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, ნაწილმა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, ნაწილი კი მიმდინარე სეზონში მოედანზე პირველად გამოჩნდა.

აღდგენა დაასრულა და პირველად ითამაშა 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, ‘მონპელიეს’ ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა. ‘ტულუზთან’ მატჩში ის შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა და 35 წუთი ითამაშა. ‘მონპელიემ’ 10 ლელო გაიტანა, აქედან 4 პიკამოლის ანგარიშზეა, 66:15 იმარჯვა და რა თქმა უნდა ბონუსიც ჩაიწერა.

‘ბორდომ’ გათამაშების ლიდერს, ‘კლერმონს’ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა - 23:19. მასპინძელთა გამარჯვებაში წვლილი ორ ქართველს მიუძღვის. ლექსო ყაულაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ბექა გორგაძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯება იზეიმა ‘გრენობლმა’, რომელმაც ‘პერპინიანი’ მიიღო და 31:22 სძლია. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 59-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა შეცვალა.

‘რასინგ 92’-ის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. აქამდე ის ორჯერ შეცვლაზე შევიდა, ახლა კი სასტარტოში დაწინაურდა და მოედანზე 49 წუთი გაატარა. მის ნაცვლად თამაშში ვასილ კაკოვინი ჩაერთო. პარიზელებმა ‘კასტრს’ უმასპინძლეს და 27:11 დაამარცხეს.

ინგლისის პრემიერშიფში პოზიციებს იმყარებს ზურაბ ჟვანია. მან წინა მატჩებში შეცვლებზე ითამაშა, ამჯერად კი სასტარტოში დააყენეს და მოედანზე 71 წუთი გაატარა. მისი ‘ვოსფსი’ ‘სეილს’ ეწვია, 31:13 დაამარცხა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და 15 ქულით მესამე ადგილზეა.

პრო დე2

მიმდინარე სეზონში ‘ბრივის’ მაისურით პირველად ითამაშა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. მას ძირითადში ანდეს ადგილი და 69-ე წუთზე შეცვალეს. მის გარდა სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ორმა ბორჯღალოსანმა ითამაშა - ოთარ გიორგაძემ მოედანზე 46 წუთი გაატარა, სოსო ბეკოშვილი შესვენებაზე შეცვალეს. ‘ბრივი’ ‘ვანს’ ეწვია და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 11:9 იმარჯვა.

ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ‘ორიაკის’ ძირითად შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. მან მოედანზე 59 წუთი გაატარა, ორ წუთში კი თამაშში ლაშა ლომიძე ჩაერთო. ‘ორიაკმა’ ‘ნევერს’ უმასპინძლა, მატჩის მიწურულს ლელო-გარდასახვა გაუშვა და 12:16 დამარცხდა.

‘კოლომიემ’ ‘ბიარიცი’ მიიღო და 27:10 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს ბექა შეყლაშვილი. სტუმართა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089094