შიდა რაგბი

23:57 | 23.09.2018 | ნანახია 1215 - ჯერ

დიდი 10 | აია 15:22 ხარები

რუსთავის ‘ხარები’ ქუთაისში ‘აიას’ ეწვია და პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ‘აიას’ სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მაგრამ რუსთაველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა - 15:22.

‘ხარებს’ გასვლითი მატჩები რიკოთს გაღმა ჰქონდა და ბათუმიდანაც და ქუთაისიდანაც შინ გამარჯვებული დაბრუნდა.

შეხვედრა ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ანგარიში გაიხსნა: გიორგი აბრამიძემ სიჩქარეში მიიღო ბურთი, ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. სტუმრებმა მძაფრი შეტევებით უპასუხეს და 10 წუთში წონასწორობა აღდგა - ძალისმიერი ლელო ნიკა კევლიშვილის ანგარიშზეა, გარდასახვა კი ზურა ქავთარაძემ შეასრულა.

მალე ქავთარაძეს ჯარიმა გაუცუდდა, ხოლო ‘აიას’ ბურჯი ჟორჟ სალდაძე სინბინით დაისაჯა. ‘ხარებმა’ 24-ე წუთზე შეძლო უპირატესობის გამოყენება, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ბურთი ფრთაზე გაშალა, ქავთარაძემ მბოჭავი მოძრაობით ჩამოიცილა და ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მატჩის განახლებიდან 2 წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა - 10:12.

34-ე წუთზე სხვაობა კვლავ გაიზარდა, ‘ხარებმა’ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია, კობა ბუჯიაშვილმა ხაზი გაჭრა და მიზანს მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

სტუმრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და პირველ ორ ჯერზე ფრთაზე შექმნილი რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. 52-ე წუთზე გურამ ქანდაურაშვილმა შეძლო ხაზის გაჭრა, დაცვა აირია და მარცხენა ალამთან ლელო ლექსო მელიქიშვილმა გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო. ‘აიამ’ შეტევებს მოუხშირა, 65-ე წუთზე დერეფნიდან მოლი ააგორა და გოგა კობახიძემ ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო და სხვაობა 7 ქულა დარჩა.

მასპინძლებმა დარჩენილი დრო შეტევებში გაატარეს, ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს, ლელოს დადება ვერ შეძლეს და ‘ხარებმა’ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 22:15.

www.rugby.ge

თეგებიაიახარები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083866