შოტლანდიის ნაკრების და „გლაზგო უორიორსის“ ფულბექი სტიუარტ ჰოგი, დაზიანების გამო ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს.
26 წლის მორაგბემ პრო 14-ის მეორე ტურში, „მანსტერთან“ შინ მოგებულ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო. დაზიანება სერიოზული გამოდგა და ჰოგს ხუთშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო პროცესი 10-12 კვირას გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოგი ნოემბრის ტესტებზე ვერ ითამაშებს.
სტიუარტი შოტლანდიის ნაკრებში 2012 წლიდან ასპარეზობს და 62 მატჩში 18 ლელო აქვს გატანილი.
შოტლანდია ნოემბერში 4 ტესტ-მატჩს გამართავს: 3 ნოემბერს კარდიფში, „ფრინსიფალითი სთედიუმზე“ უელსს ესტუმრება, შემდეგ კი სამ შეხვედრას შინ, „მარიფილდზე“ ჩაატარებს: 10-ში ფიჯის მიიღებს, ერთ კვირაში სამხრეთ აფრიკას დაუხვდება, ხოლო კიდევ ერთი კვირის შემდეგ, დასკვნით მატჩში არგენტინას უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია