შიდა რაგბი

18:09 | 20.09.2018 | ნანახია 1051 - ჯერ

დიდი 10 | მეოთხე ტური: "ბათუმი" - "ვეფხვები"

ხვალ საღამოს, დიდი 10-ის მეოთხე ტური ბათუმში, „რაგბი არენაზე“ მასპინძლებისა და პატარძეულის ‘ვეფხვების’ ჯახით გაიხსნება.

თამაში 17 საათზე დაიწყება. ის პატარძეულში უნდა გამართულიყო, მაგრამ სტადიონის მოწესრიგება ვერ მოესწრო და კლუბების შეთანხმების საფუძველზე, პირველ წრეში მასპინძელი ‘ბათუმი’ იქნება, მეორე წრეში კი ზღვისპირელები კახეთს ეწვევიან.

დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘ვეფხვებმა’ გასულ სამ ტურში მებრძოლი გუნდის სახელი მოიხვეჭა და ელიტაში პირველი გამარჯვებაც იზეიმა. ქვეყნის ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ სამი ლელოს გატანის შემდეგ (22:47), პატარძეულელები ‘ლელო-სარასენსს’ მატჩის ბოლომდე ამარცხებდნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში ლელო მიიღეს და მხოლოდ დაცვის ბონუსი აიღეს (25:28). ელიტაში პირველი ქულის აღებიდან ერთი კვირის თავზე, ‘ვეფხვები’ ‘არმიას’ შეხვდა და მეორე ტაიმის დასაწყისში 3:17 ჩამორჩა, მაგრამ მებრძოლი კახელები არ დანებდნენ, დარჩენილ დროში სამი ლელო გაიტანეს და 21:17 იმარჯვეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ცუხიშვილმა, ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და ბათუმში რამდენიმე დებიუტანტი მიყავს. მათგან ხუთი - ზაური სურამელი, გიორგი მექვაბიშვილი, გიორგი ჭურაძე, შოთა შალვაშვილი და ლაშა ბრეგვაძე ძირითად შემადგენლობაში არიან. გუნდი სრულადაა გადახალისებული და ერთი კვირის წინანდელი რაზმიდან სასტარტოში მხოლოდ მურაზ გიორგაძეა.

‘ბათუმმა’ საკუთარ „რაგბი არენაზე’ ამ სეზონში ერთი თამაში უკვე გამართა, რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა და 8:15 დამარცხდა. სამაგიეროდ, წარმატებული იყო თბილისში ორივე სტუმრობა და პირველ ტურში ‘აკადემიას’ ბონუსით (46:7) მოუგო, ხოლო ერთი კვირის წინ ‘ლელო-სარასენსს’ 26:13 სძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი მეტოქე დიდი 10-ის დებიუტანტია, ზღვისპირელებმა გამარჯვებული შემადგენლობის ბირთვი შეინარჩუნეს და სასტარტო შემადგენლობაში როტაციის პრინციპით მხოლოდ 4 მორაგბე შეცვალეს. მარჯვენა ბურჯად თამაშს ტარიელ დონაძე იწყებს, 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი იქნება, ცენტრში დავით ტრაპაიძე ბრუნდება, ხოლო ფრთაზე დურმიშხან ჯაბნიძე დადგება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087903