ლეგიონერები

13:25 | 16.09.2018 | ნანახია 8098 - ჯერ

18 წლის ქართველი ფედერალში - რატი მიქაუტაძე 20-წლამდელთა ნაკრებს უმიზნებს

საფრანგეთში რომ ბევრი ქართველი მორაგბე თამაშობს ახალი ამბავი არ გახლავთ. პირველ ორ ელიტურ დივიზიონში, ტოპ 14-ში და პრო დ2-ში 50 ქართველზე მეტი ასპარეზობს, რაც მშვენიერი მაჩვენებელია.

თუმცა, სათქმელია, რომ საფრანგეთში კიდევ ბევრი ქართველი მორაგბე თამაშობს. საუბარია, ფედერალში მყოფ ჩვენებურებზე, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თუმცა მათზე ინფორმაცია მწირია.

ჩვენი გვერდის კომენტარებშიც მომხმარებლებს არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, რომ ფედერალში მოთამაშე ქართველებზე გარკვეული ინფორმაცია მოგვეწოდებინა. Worldrugby.Ge-მ გაითვალისწინა მომხმარებლის სურვილი და ამჯერად სწორედ ფედერალში მოთამაშე ჩვენებურთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

რატი მიქაუტაძე 18 წლის პერსპექტიული მოთამაშეა, რომელიც ფედერალ 3-ში მოთამაშე "ბეზანსონს" სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. რატი "იუნკერების" აღზრდილია, ხოლო გასულ სეზონში "ა" ლიგაში "იუნკერების" და "ყოჩების" გაერთიანებულ გუნდში თამაშობდა. მას საქართველოში დარჩენა და მაღალ დონეზე თამაში შეეძლო, თუმცა მან საფრანგეთში გადაბარგება არჩია.

მიქაუტაძე, რომელიც "ბეზანსონში" მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება, ფიქრობს, რომ "ბეზანსონი" ახალ ქვეყანასთან შესაგუებლად და კარიერული ტრამპლინისთვის იდეალური გარემოა. ახალგაზრდა მესამეხაზელს ამბიციური გეგმები აქვს და ფედერალ 3-დან უფრო მაღალ ლიგაში დაწინაურება და 20-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრა სურს, დანარჩენს კი უშუალოდ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რატი გამარჯობა, გვითხარი შენი პირველი სარაგბო ნაბიჯების შესახებ.

- რაგბის თამაში ბავშვთა სარაგბო კლუბ "მერანში" დავიწყე 8 წლის ასაკში, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი ვანო ქაპიანიძე იყო. 12-13 წლის ასაკში გადავწყვიტე პროფესიონალურად მოვკიდებოდი ამ სპორტს, შემდეგ გადავედი კლუბ "იუნკერებში", სადაც ჩემი მწვრთნელი გიორგი ენუქიძე იყო.

- რამდენი წლის იყავი, როდესაც "იუნკერებში" გადახვედი და იქ რამდენი ხანი ითამაშე?

- "იუნკერებში" 15 წლის ასაკში გადავედი, სადაც დაახლოებით სამი წელი ვითამაშე, საფრანგეთში გადმოსვლამდე. წინა სეზონი "ა" ლიგაში გავატარე, სადაც "იუნკერების" და "ყოჩების" გაერთიანებულ გუნდში ვიყავი.

- როგორ მოხვდი "ბეზანსონში" ? ვინ დაგაკავშირა ამ გუნდთან და როგორია კონტრაქტის პირობები?

- საფრანგეთში აგენტ ლევან ღვაბერიძის წყალობით მოვხვდი, ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოდან ბევრ ახალგაზრდას მისცა შანსი, თავი წარმოეჩინა ევროპაში. "ბეზანსონში" წლის ბოლომდე დავრჩები იმ იმედით, რომ შევძლებ უფრო ძლიერ და სახელოვან გუნდში გადასვლას.

- რატი, ვიცით, რომ ფედერალ 3 პროფესიონალური ლიგა არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფედერალ 3-ში და ასევე ფედერალ 2-ში ბევრი ქართველი ასპარეზობს. რატომ განაგრძე კარიერა ფედერალ 3-ში და როგორ ფიქრობ, რატომ მოდიან ქართველები ამ ლიგაში სათამაშოთ?

- დიახ, ფედერალ 3 ნახევრად პროფესიონალური დივიზიონია, თუმცა აქ საკმაოდ ბევრი მოთამაშე ასპარეზობს საქართველოდან იმ იმედით, რომ ისინი თავის წარმოჩენის შემთხვევაში შეძლებენ უფრო მაღალ დივიზიონებში გადასვლას. აქ ოდნავი თავის გამოჩენა და მონდომებას არავინ დაგიკარგავს. მაგალითად, ჩემს გუნდს აქვს საკმაოდ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და სავარჯიშო პირობები.

- ანუ შენი მხრიდან ფედერალ 3-ში წასვლის უმთავრესი მიზანი მაინც სამომავლო ტრაამპლინის პერსპექტივაა ხომ?

- დიახ , რა თქმა უნდა , ჩემს ასაკში აქ თამაში ვფიქრობ, პერსპექტიულია და და თუ თავს გამოვიჩენ, უფრო მაღალი მიზნებიც მექნება.

- ალბათ ისიცაა, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის ასეთი ადგილი იდეალურია. შეეუები სათამაშო სტილს, ფრანგულს აითვისებ და ა.შ.

- დიახ, რა თქმა უნდა, ადვილი არაა რომ უცხო ქვეყანაში გადახვიდე. უამრავ რამეს უნდა შეეგუო. არის ენობრივი ბარიერი, რომელიც უნდა შეეცადო, რომ გადალახო, ამის გარეშე ძალიან რთულია.

- რატი, რას იტყვი უშუალოდ გუნდის შესახებ? გვითხარი მის შესახებ ცოტა, მისი მიზნების შესახებ. როგორი შთაბეჭდილებით ხარ პირველი დღეების შემდეგ?

- როგორც გითხარით, გუნდს საკმაოდ კარგი ინფრასტრუქურა და პირობები აქვს. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ნელ-ნელა აქაურობას ვეჩვევი, ალბათ არავისთვის არ არის ადვილი, გადახვიდე სხვა ქვეყანაში და უცხო კულტურას ადვილად შეეგუო, მაგრამ შევეცდები, რომ მალე მოვახერხო ადაპტაცია.

- და გუნდის მიზანი რა არის? სურს ხელმძღვანელობას ფედერალ 2-ში ასვლა და თუ ააქვს ამის პოტენციალი?

- გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და სურს უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ტომ პატერსონია, საკმაოდ კარგი სპეციალისტი. ვნახოთ, რამდენად შეძლებს გუნდი გადასვლას ფედერალ 2-ში.

- "ბეზანსონში" ქართველი მხოლოდ შენ ხარ?

- დიახ, სამწუხაროდ მხოლოდ მე ვარ.

- უცხოელები არიან გუნდში?

- დიახ, ფიჯელი და სამხრეთ აფრიკელი მოთამაშეები ასპარეზობენ აქ.

- რატი, ქალაქის შესახებაც გვითხარი. როგორი ტიპის ქალაქია და რამდენად მოგწონს, როგორ შეეგუე?

- ქალაქი პატარა და კომფორტულია, ძალიან ლამაზი ბუნებაა. თავიდან მიჭირს ქუჩაში მოძრაობა, თუმცა იმედია შევეჩვევი.

- უახლოეს სამომავლო გეგმებზე გკითხავ. რა გაქვს უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებული?

- ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა 20-წლამდელთა ნაკრებს შემდეგ, არგენტინაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დავეხმარო. იმედია მივიქცევ სამწვრთვნელო შტაბისგან ყურადგებას. ასევე მინდა, უფრო ძლიერ გუნდში და დივიზიონში გადავიდე.

- 20-წლამდელებში დიდი კონკურენციაა, ბურჯების მერე კიდე ალბათ მესამეხაზია ყველაზე კონკრურენტუნარიანი. როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთო ნაკრებში მოსახვედრად? რაა არი შენგან საჭირო?

- კი , გეთანხმებით, საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ვფიქრობ შემწევს იმის ძალა, რომ იქ ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლო. ეს ყველაპერი ჩემზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენ ჩემს თავს მწვრთნელების წინაშე.

- რატი, ფედერალ 3-ის სისტემას ბევრი არ იცნობს. მოდი მოკლედ გვითხარი, "ბეზანსონი" რომელ ჯგუფშია და რამდენი მეტოქე ჰყავს და რა პრინციპით?

"ბეზანსონი" მეოთხე ჯგუფშია, სადაც 12 გუნდი თამაშობს. მთავარი კონკურენტები ალბათ გუნდები: "ლონსი" და "გენლისი" არიან.

- ეს გუნდები გეოგრაფიული პრინციპებით არიან ჯგუფებიდან დაყოფილი? ანუ ახლომახლო რაიონების გუნდები ერთად არიან? -

კი , ეს არის ფრანშ-კონტეს რეგიონი და მაგის მიხედვით.

- რატი, შენი აზრი მაინტერესებს რას თვლი შენ თამაშში მთავარ პლუსად და ასევე რა გაქ ყველაზე მეტად დასახვეწი შენი აზრით?

- ჩემი აზრით, ჩემი მთავარი პლიუსი დაცვაში კარგი თამაშია, რაც შეეხება მინუსს და რაზეც სამუშაო მაქვს სისწრაფეა, რაც აუცილებელია მესამე ხაზელისთვის.

- რატი, დეკემბრის მერე დავუშვათ, რომ დიდი 10-ის გუნდიდან მიიღო წინადადება და პარალელურად, მაგალითად ფედერალ 2-დან, როგორ მოიქეცევი?

- ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატი წლიდან წლამდე ვიტარდება, რაც ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ფედერალ 2-ს, გააჩნია როგორი გუნდიდან იქნება წინადადება, თუ მაღალი მიზნები ექნა გუნდს, ალბათ იქ წასვლა ჯობს ახალგაზრდისთვის.

- რატი, ზედა ლიგების გუნდებიდან, სკაუტები თუ დადიან რეგულარულად მატჩებზე?

- დიახ, სკაუტებისთვისაც საინტერესოა ფედერალ დივიზიონებ. აქ ბევრი კარგი მოთამაშის აღმოჩენა შეიძლება.

- რატი, რამის დამატება ან ვინმესთან მიმართვა თუ გსურს...

- მინდა ერთ საკითხს შევეხო, "ლოკომოტივის" და კონტინენტის ფარის თემას. ვფიქრობ, საქარტველოს ჩემპიონს არ უნდა ჰქონდეს იმის პრობლემა, რომ ფინანსების გამო ვერ ითამაშოს კონტინენტის ფარზე და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც რაგბი უყვარს დავეხმაროთ ჩვენი ხარჯებით "ლოკომოტივს".


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:39 | 17.09.2018
თორღვა პანკელი (387)

გაიხარე რატი და გეთანხმები რომ ლოკომოტივის გვერდში დგომა, ყველა გულშემატკივრის ვალია(წესით)განსაკუთრებით ქართველი ბიზნესმენების მუქთაღორობის ფონზე, წარმატებულ კარიერას და ნაკრებში თამაშს გისურვებ.

0.091412