შიდა რაგბი

15:15 | 15.09.2018 | ნანახია 1054 - ჯერ

დიდი 10 | მესამე ტური: არმია-ვეფხვები

15 სექტემბერს თბილისში, ავჭალის რაგბის სტადიონზე ‘არმია’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ შეხვდება და გუნდები მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. მატჩი 17:15 საათზე დაიწყება.

არმიელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს და პირველ ტურში ‘აიასთან’ თბილისში 14:57 დამარცხდნენ. მეორე ტურში ისინი ქვეყნის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ ღირსეულად ეთამაშნენ და მეტოქეს ბონუსი არ ააღებინეს - 8:21.

მთავარი მწვრთნელი ლევან ცაბაძე ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია და ძირითადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს დავით ბარბაქაძე, დიმიტრი ცაბაძე და ნიკოლოზ ჩუმაშვილი იწყებენ. ბარბაქაძე ერთი კვირის წინ მეორე ხაზში იდგა. შეიცვალა მეორე ხაზის წყვილიც და ძირითადში ლუკა გელაშვილი და ვასილ მახარაძე არიან. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ალექსანდრე კალმახელიძემ და მიხეილ მასხარაშვილმა, ხოლო ფლანკერად თორნიკე გოგლიძე დაწინაურდა. ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და ფრთაზე სანდრო მერკველიშვილს ვიხილავთ.

დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘ვეფხვებმა’ ორივე მატჩი დათმო, თუმცა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პატარძეულელებმა პირველ ტურში ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ სამი ლელო გაუტანეს (22:47), მეორე ტურში კი გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში ‘ლელო-სარასენსისგან’ ლელო მიიღეს და მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ - 25:28.

იმ მატჩის შემდეგ მწვრთნელმა შერკინების პირველი ხაზი უცვლელი დატოვა, მეორე ხაზში გიორგი ჟღენტს თენგო ტეტიაშვილი შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში კვლავ ბექა არველაძე, ჟორა მღებრიშვილი და ვეფხია უსტიაშვილი ითამაშებენ. ‘ლელოსთან’ მატჩის შემდეგ უცვლელი დარჩა ღერძი და უკანა ხაზი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080856