დიდი 10

17:12 | 1.09.2018 | ნანახია 874 - ჯერ

დიდი 10 | პირველი ტური

კვირას, 2 სექტემბერს, დიდი 10-ის ახალი სეზონის მარათონი რუსთავში გაგრძელდება, სადაც 15 საათზე დებიუტანტი - პატარძეულის ‘ვეფხვები’ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მოქმედ ჩემპიონს, თბილისის ‘ლოკომოტივს’ მიიღებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში სულ 3 ათას კაცამდე ცხოვრობს, თუმცა მიზანმიმართული შრომით, პატარძეულელებმა ყველა ეტაპი წარმატებით განვლეს და ‘ვეფხვები’ გახდა კახეთის რეგიონის პირველი კლუბი, რომელიც უძლიერესთა შორის ითამაშებს. ახლა იქ ერთ რამეზე წუხან - პატარძეულის სტადიონი დიდი 10-ის მოთხოვნებს ჯერ ვერ აკმაყოფილებს და პირველი თამაშის გამართვა ნეიტრალურ მოედანზე, რუსთავში მოუწევს, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ზვიად ცუხიშვილი იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება და დიდი 10 კახეთშიც დამკვიდრდება:

„სამწუხაროდ, პირველ მატჩს მშობლიურ სტადიონზე ვერ ვატარებთ, არადა ამ თამაშს მთელი სოფელი ელოდა. ვერ მოესწრო სტადიონის მოწესრიგება, მცირედი სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი და გვაქვს იმედი, რომ მე-4 ტურიდან პატარძეულში ვითამაშებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ‘ლელო-სარასენსის’ ხელმძღვანელობას, რომელთანაც მეორე ტურში შინ უნდა გვეთამაშა, თუმცა შევთანხმდით და მომავალ უქმეებზე მათ დიდ დიღომში შევხვდებით, მეორე წრეში კი შინ მივიღებთ“.

რაც შეეხება ახალი სეზონისა და მომავალი მატჩისთვის მზადებას, ცუხიშვილი გვიყვება:

„მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს ერთიანი სულისკვეთებისთვის. სწორედ მათი და ამ სულისკვეთების დამსახურებაა წელს პატარძეული დიდ 10-ში რომ იქნება წარმოდგენილი. მჯერა, რომ ეს ბიჭები მომავალ სეზონშიც ასეთი თავგანწირვით ითამაშებენ“.

„მოსამზადებელი პერიოდი ორ ეტაპად დავყავით. პირველი, 3-კვირიანი ეტაპი სელექციას დაეთმო. გავსინჯეთ ის მორაგბეები, რომელთა დამატება გვსურდა და ასევე ისინი, რომელთაც თავად გამოთქვეს ჩვენთან თამაშის სურვილი. დავიმატეთ 9 ისეთი მორაგბე, რომელთაც დიდ 10-ში თამაშის გამოცდილება აქვთ. გუნდი შეძლებისდაგვარად კარგად დავაკომპლექტეთ და მის 60-70 პროცენტს ის ბიჭები შეადგენენ, რომლებმაც პირველი ლიგა მოიგეს და უძლიერესებში თამაში დაიმსახურეს“.

„მეორე ეტაპი აგვისტოში დავიწყეთ და 10-დღიან შეკრებაზე ბათუმში ვიყავით, სადაც ‘ბათუმთან’ მართვადი თამაში გვქონდა. მანამდე 3-ტაიმიანი მართვადი თამაში გვქონდა ‘არმაზთან’, რომელსაც 24 აგვისტოს კიდევ ერთხელ შევხვდით და სრულფასოვანი თამაში ჩავატარეთ. პრობლემების აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ, თუმცა ამ ეტაპზე მზადებით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის საშუალო ასაკი 20-22 წელია. ბიჭებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს და მოხდა გუნდის შეთამაშება, რაც მნიშვნელოვანია.

ყველა თამაშში მოედანზე საბრძოლველად გავალთ. გააზრებული გვაქვს, რომ პირველი მატჩი საქართველოს ყველაზე ძლიერ გუნდთან გვექნება და ვნახოთ რა გამოვა. ‘ლოკომოტივს’ გამოცდილი მოთამაშეები ყავს, რომელთა ერთი ნაწილი ეროვნული ნაკრების წევრია. ვფიქრობ, მათთან ყველაზე კარგად გამოჩნდება ჩვენი პლიუსები და მინუსები. რთული სეზონი გველის და მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა“.

სწორედ ‘ვეფხვებთან’ მატჩით იწყებს ტიტულის დაცვას თბილისის ‘ლოკომოტივი’, რომელიც შეკრებიდან ახლახანს დაბრუნდა.

დავით ჩავლეიშვილი (‘ლოკომოტივის’ მწვრთნელი): „ახალი სეზონისთვის ივნისის ბოლოდან ვემზადებით და ახლახანს ბაკურიანში 8-დღიან შეკრებაზე ვიყავით. გვქონდა ორი საკონტროლო თამაში ‘აკადემიასთან’ და ‘იუნკერებთან’. გვყავს ორი ტრავმირებული მოთამაშე, სხვა მხრივ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“.

„ბაკურიანიდან 29 აგვისტოს დავბრუნდით და ტაქტიკურ მომზადებას 3 დღე დავუთმეთ. ‘ვეფხვებმა’ ძალიან კარგი შემადგენლობა შეკრიბა. ეს გუნდი დიდ 10-ში ახალი ამოსულია და არაფერს დათმობს. ვემზადებით კარგი თამაშისთვის“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095637