დიდი 10

16:04 | 31.08.2018 | ნანახია 1345 - ჯერ

დიდი 10 | პირველი ტური

1 სექტემბერს, ‘შევარდენზე’, დიდ 10-ში პირველი ფრანგი მთავარი მწვრთნელის - ოლივიე საოშის დებიუტი შედგება. მისი გორის ‘ჯიქი’ 15 საათზე მარნეულის ‘არმაზს’ ეთამაშება.

გასულ სეზონში ‘არმაზმა’ რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ ფლეი ოფს მიღმა დარჩა და მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა. 2017 წლის ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’ რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, ფინალის საგზურისთვის მომავალ ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ 13:22 დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ახალ სეზონს ორივე გუნდი მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება, რის შესახებაც მწვრთნელები თავად მოგვითხრობენ:

ირაკლი მაჩხანელი (‘არმაზის’ მთავარი მწვრთნელი): „მზადება 25 ივნისს დავიწყეთ და თითქმის ერთი თვე ფიზ.მომზადებას დავუთმეთ. ამის შემდეგ ვარჯიშების ნახევარი კვლავ ფიზ.მომზადებას დარჩება და მეორე ნახევარი ბურთს დავუთმეთ. გვქონდა პროდუქტიული თამაში პატარძეულის ‘ვეფხვებთან’, რის შემდეგაც ერთკვირიან შეკრებაზე ასპინძაში გავემგზავრეთ, ტაქტიკურ მონახაზზე და სისტემების დახვეწაზე ვიმუშავეთ. 24 აგვისტოს კიდევ ერთი საკონტროლო თამაში გვქონდა ‘ვეფხვებთან’ და ამ ეტაპზე კონცენტრირებულები ვართ შაბათის თამაშზე“.

„ჩვენი მიზანი ექვსეულში შესვლაა. მომზადებით და ბიჭების შემართებით კმაყოფილები ვართ. ‘არმაზს’ აქვს იმის პოტენციალი, რომ შედეგი აჩვენოს. კარგი სიტუაციაა როგორც შემადგენლობაში, ასევე სამწვრთნელო შტაბში. ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებსაც საყვარელი საქმე გვაერთიანებს. დრომ და ფაქტებმა დაადასტურა, რომ ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და პალიკო ჯიმშელაძე მაღალი დონის სპეციალისტები არიან. ინდივიდუალურად, მოთამაშეებიც კარგი შემსრულებლები არიან და ეს ყველაფერი წარმატების იმედს იძლევა“.

„მაქსიმუმს გავაკეთებთ რაგბის განვითარებისთვის და ბიჭების დაოსტატებისთვის. ყველაფრის გადაბიჯებით ჩემპიონობის მოპოვება ჩვენი მიზანი არაა, თუმცა თუ ზემოთქმულს შედეგი მოყვება, რა თქმა უნდა გახარებულები ვიქნებით. მთავარია შევქმნათ გუნდის სტრუქტურა, რაც სასარგებლო იქნება კლუბისთვის და მისი ტრადიციებისთვის“.

„ჯიქი შარშან ჩემპიონი გახდა, გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და რა თქმა უნდა ეს ბიჭების დამსახურებაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი მწვრთნელი გამოცდილი პალიკო ჯიმშელაძე იყო, რომელიც ახლა ჩვენთანაა. მომავალ თამაშში და ჩემპიონატში გამოვიყენებთ იმ კოზირებს, რაც ადრე პალიკოს დამსახურებით ‘ჯიქის’ მხარეს იყო, ახლა კი ჩვენს მხარესაა“.

„სამწუხაროდ, საშინაო თამაშების ვაზისუბნის ბაზაზე ჩატარებას ჯერ ვერ ვახერხებთ, არადა ჩემპიონატის დაწყებას მთელი უბანი მოუთმენლად ელოდა. პატარ-პატარა ხარვეზებია გამოსასწორებელი, რომლებიც იმედია მალე აღმოიფხვრება და ‘არმაზს’ მშობლიურ არენაზე თამაშის საშუალება მიეცემა“.

ლევან დათუნაშვილი (‘ჯიქის’ მწვრთნელი): „15 ივლისიდან შევიკრიბეთ და ნაყოფიერი ფიზ.მომზადების ეტაპი გავიარეთ, რის შემდეგაც ორი საკონტროლო თამაში ჩავატარეთ ‘ყოჩებთან’ და ‘ხარებთან’. ბევრმა მოთამაშემ დაგვტოვა, თუმცა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და გუნდში მაღალი კონკურენციაა. მოტივაცია არავის აკლია და ყველა ცდილობს, რომ უმოკლეს დროში აუღოს ალღო ახალ, ფრანგულ სათამაშო სტილს“.

„გუნდის მზადებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია. ბიჭები დილით ბაზაზე ცხადდებიან და შუადღემდე ჩვენთან არიან, საღამოს კი ოჯახებთან ატარებენ. გვსურს დავნერგოთ მეტი პროფესიონალიზმი, მეტი დრო დავუთმოთ მეტოქის შესწავლას და მცირე დეტალებს“.

„რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვა, თუმცა ‘ჯიქის’ ხელწერა ყოველთვის იყო გუნდური თამაში და ასეთად დარჩება. ჩვენ არ გვეყოლებიან ცალკეული ვარსკვლავები და თითოეული მოთამაშე მაქსიმუმს გაიღებს გუნდის წარმატებისთვის“.

„არმაზი ახალგაზრდული, კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში 20-წლამდელთა ნაკრებიდან ბევრი მორაგბე თამაშობს. მათ დიდი დრო აქვთ ერთად გატარებული და საინტერესო თამაშის მოლოდინში ვართ. მეტოქე შესწავლილი გვყავს და ვეცდებით მათ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:26 | 31.08.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებულ ჩემპიონატს ვუსურვებ "დიდი 10"-ს კლუბებს ! ! !

0.081521