სიახლეები

19:00 | 27.07.2018 | ნანახია 1714 - ჯერ

ზაფხულის თასი: წინასატურნირო პრესკონფერენცია

„რაგბის ზაფხულის თასი 2018“-ის [Rugby Summer Cup 2018] დაწყებამდე ორი დღით ადრე, მონაწილე გუნდების - საქართველო XV, არგენტინა XV, ‘რასინგ 92’ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

‘მიხეილ მესხის’ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მათ ტურნირის მოლოდინებისა და საკუთარი მიზნების შესახებ ისაუბრეს.

პრესკონფერენციაზე თავდაპირველად კაპიტნებმა ისაუბრეს, თუმცა ჯერ მწვრთნელების მოსაზრებას გაგაცნობთ:

ლორან ლაბი (‘რასინგ 92’-ის მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში მადლობას ვუხდი ტურნირის ორგანიზატორებს და ქართულ მხარეს, რომ ამ საინტერესო ტურნირზე მოგვიწვიეს. მოგეხსენებათ, ფრანგულ ტოპ 14-ში ურთულესი სეზონი გველის და მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი კარგი გამოწვევა ნამდვილი მისწრებაა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ დაპირისპირება ნაკრებებთან მოგვიწევს, რასაც ყოველთვის თავისი ხიბლი აქვს. ბევრი ახალი მორაგბე გვყავს და დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული პერიოდი ‘რასინგს’ შეთამაშებაში დაეხმარება”.

ბესიკ ხამაშურიძე (საქართველო XV-ის მთავარი მწვრთნელი): „ეს ტურნირი დიდი 10-ის მოთამაშეების განვითარებას ემსახურება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს შიდა ჩემპიონატის დონე. გვყავს ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები. გვსურს ამ გუნდში გამოჩნდნენ ისეთი მორაგბეები, რომლებიც ძალიან ახლოს იქნებიან ეროვნულ გუნდთან. ყველა მონდომებულია და ვეცდებით კარგი თამაშები ვაჩვენოთ“.

როდოლფო ამვროსიო (ბრაზილიის მთავარი მწვრთნელი): „ბრაზილია ახალგაზრდული გუნდია და ცხადია, ყოველი ასეთი შეჯიბრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ვცდილობთ, უარი არცერთ შესაძლებლობაზე არ ვთქვათ, მითუმეტეს, რომ მომავალ ტურნირზე უძლიერეს მეტოქეებს შევხვდებით. ბიჭებს თავის გამოსაჩენად ჩინებული შანსი ეძლევათ, რაც შესაძლოა, სამომავლოდ მათ კარიერაზეც აისახოს”.

იგნასიო "ნაჩო"ფერნანდეს ლოვე (არგენტინა XV-ის მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი გუნდი არგენტინის ეროვნული ნაკრების უახლოეს რეზერვს წარმოადგენს. ჩვენს ზემოთ მხოლოდ სუპერ რაგბში მოთამაშე ფრანჩიზა და ეროვნული გუნდია, ამდენად, ბიჭებს მოტივაცია ნამდვილად დიდი აქვს. დიდი შანსია, ამ გუნდიდან ელიტაშიც ბევრი ვიხილოთ. მეტოქეების შესახებ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. უდავოა, რომ დაპირისპირება 100%-ით პროფესიონალ მორაგბეებთან მოგვიწევს”.

კაპიტნები

კაპიტნებიდან რაღა თქმა უნდა ყველაზე დიდი ინტერესი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრმა, დიმიტრი შარჟევსკიმ გამოიწვია:

დიმიტრი შარჟევსკი (‘რასინგ 92’-ის კაპიტანი): „მომავალ ტურნირს განსაკუთრებულად ველით. ყოველთვის ასეა, როდესაც ახალ ქვეყანაში იმყოფები და ახალ ტურნირში გიწევს ჩართვა. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ როგორც გუნდს, ნაკრებებთან მოგვიწევს დაპირისპირება. ეს გამორჩეული თამაშებს გვპირდება. მეტოქეთა შორის ერთი საერთოდაც ეროვნული ნაკრებია და ეს, ჩვენთვის ნამდვილად საპატიოა“.

„ურთულესი სეზონისთვის ვემზადებით და თითოეული ამგვარი შეკრება და ტესტ-მატჩები დიდ დახმარებას გაგვიწევს. რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელ ვასილ კაკოვინს, მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. საფრანგეთში ქართველი მორაგბეები მრავლად თამაშობენ, მათი ძალა კარგად ვიცით და გამონაკლისი არც „კაკოა“. ის შერკინებასა და სტატიკაში ძალიან ძლიერია. მართალი გითხრათ, საქართველოში ჩამოსვლა იმადაც მაინტერესებდა, გამეგო, ქართველი ბიჭები ამ დონემდე რა პირობებში იზრდებიან”.

გიორგი შკინინი (საქართველო XV-ის კაპიტანი): „დიდი 10-ის კლუბებს დასვენების პერიოდი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშეს გააზრებული აქვს სად და რისთვის იმყოფება. მწვრთნელები მაქსიმალურად გვერდში გვედგნენ და კომფორტულ, მშვიდ და სამუშაო გარემოში ვემზადებოდით. მოედანზე ნებისმიერი გუნდი გამარჯვებისთვის გადის და ჩვენი მიზანიც ამ თამაშების მოგებაა“.

„ვარჯიშიდან ვარჯიშამდე პროგრესი იგრძნობოდა. დასვენების შემდეგ, მოკლე დროში ფიზიკური და ტექნიკური დონის დაბრუნება რთული იყო. მაქვს იმედი, რომ პროგრესი გაგრძელდება და მაღალი ხარისხის თამაშებს ვაჩვენებთ“.

იან როზეტი (ბრაზილიის კაპიტანი): „ჩვენთვის თბილისურ ტურნირს უდიდესი სარგებელის მოტანა შეუძლია. ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი გვაქვს და ჩინებული შანსი გვეძლევა, ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში გამოვავლინოთ, რეალურად რა დონეზე ვიმყოფებით”.

ლაუტარო ვავარო (არგენტინა XV-ის კაპიტანი): „საინტერესო რაზმი გვყავს ჩამოყვანილი და იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგსაც მივაღწევთ. ტურნირის შემადგენლობიდან გამომდინარე, მძიმე, კონტაქტურ და ფიზიკურად დატვირთულ მატჩებს ველი”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:29 | 28.07.2018
geogoli (367)

გული მწყდება რომ რასინგს არ ვხვდებით.

23:03 | 27.07.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს ! ! !

0.225409