სიახლეები

14:36 | 30.05.2018 | ნანახია 3357 - ჯერ

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ‘ბარბაროსებთან’

ივნისის ტესტების დაწყებამდე 10 დღით ადრე, ბორჯღალოსნები 31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებს’ დაუხვდებიან. მატჩი, რომელიც 20 საათზე ‘დინამო არენაზე’ დაიწყება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავს ეძღვნება, ქართველ გულშემატკივარს ლამაზ და ლაღ სანახაობას პირდება.

ოკეანეთში გამგზავრებამდე ეს იქნება ერთგვარი გასახურებელი, მოსამზადებელი მატჩი. ჩვენი გუნდი კუნძულებისკენ გეზს 1 ივნისს, გამთენიისას აიღებს და ქომაგს კარგი სანახაობის გარდა, მათი გაცილების შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წელიწადში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბორღალოსნები დროის ამ მონაკვეთში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებენ.

ახალგაზრდები და გამოცდილები

რადგან თამაში არაოფიციალურია და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბის ხილვა სურთ, ჩვენს განაცხადში ორით მეტი, 25 მოთამაშეა. შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. არიან ისეთებიც, რომელთაც ბორჯღალოსანთა კვართით დიდი ხანია არ უთამაშიათ.

ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებს უბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში ახალგაზრდა გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ისევე, როგორც რაგბი ევროპის ბოლო ორ მატჩში, ფრთებზე სოსო მათიაშვილი და ანზორ სიჭინავა ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილია.

ღერძს ვასილ ლობჟანიძე და რეზი ჯინჭველაშვილი შეადგენენ, რომელმაც ბოლოს ამა წლის თებერვალში, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. მთლიანობაში, ხაზის 7 მოთამაშიდან 6, 25 და ნაკლები წლისაა.

მთლიანობაში, სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 6 მორაგბის კეპების ჯამი (107) 3-ით ჩამოუვარდება მერაბ კვირიკაშვილის კეპების რაოდენობას, 4-ს კი ნაკრებში 10 თამაშიც არ ჩაუტარებია.

ხაზის მარქაფა შედარებით გამოცდილია - ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, ბექა წიკლაური და ვაჟა ხუციშვილი. ხუციშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს 1 წლისა და 4 თვის წინ, რაგბი ევროპაზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მოირგო.

კვაჭ შალვა მამუკაშვილს მხარში ბურჯები, გიორგი თეთრაშვილი და გიორგი მელიქიძეამოუდგებიან. თეთრაშვილს ნაკრებში წელიწადზე მეტი, შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო მელიქიძე წლევანდელ რაგბი ევროპაზე ოთხჯერ შევიდა შეცვლაზე.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ახალგაზრდა ოთარ გიორგაძეშეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზი სრულად განახლებულია. შერკინების შემკვრელი მიხეილ გაჩეჩილაძეა, რომელმაც ნაკრებში წელს დაიმკვიდრა ადგილი და 5 კეპი მოიხვეჭა, ერთი ფლანკერი გურამ შენგელიაა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბელგიასთან, რამდენიმე წუთით ჰქონდა, ხოლო მოკლე ფრთაზე გიორგი ცუცქირიძეს ვიხილავთ, რომელმაც ბოლოს გერმანიის წინააღმდეგ, შეცვლაზე ითამაშა.

მორკინალების კეპების ჯამი 173-ია. 8 მორაგბიდან 10-ზე მეტი კეპი მხოლოდ ორმა - მამუკაშვილმა და ნემსაძემ მოიხვეჭეს. მეორეხაზელი გუნდს მეექვსედ უკაპიტნებს.

თადარიგშია ბურჯი ირაკლი მირცხულავა, რომელმაც სანაკრებო მატჩი ბოლოს თითქმის 2 წლის წინ, სუვაში ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარა. მეორე ბურჯი ზურაბ ჟვანია, ხოლო კვაჭი გიორგი ჭყოიძეა.

მეორე ხაზში შეცვლაზე არიან შალვა სუთიაშვილი და ნოდარ ჭეიშვილი, მათგან პირველს მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. შეცვლაზეა საბა შუბითიძე, რომელსაც ნაკრებში 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:22 | 31.05.2018
beto (3)

ქუბრიაშვილი საინტერესოა რატო არ დაყენა

18:59 | 30.05.2018
თორღვა პანკელი (387)

შეიძლება ითქვას 80%-ი-85%-ტი საექსპერიმენტო შემადგენლობაა და ორივე ხელით ვეთანხმები მელიტონას, ახლა აქ და ასეთ თამაშებში უნდა გამოიწრთოს, გამოიჭედოს და გაკაჟდეს ბიჭების მომავალი ბირთვი, ამ შემადგენლობისგანაც ველი სასიამოვნო სიურპრიზებს განსაკუთრებით შეტევაში, ლამაზი რაგბი უნდა ვითამაშოთ, განსაკუთრებით ხელით თამაშში მაინტერესებს ეს ფორმაციის ნაკრები როგორ იბურთავებს, ლაღ და გაშლილ თამაშს უნდა მიაწვეს მელიტონა, მოკლედ ხვალ იწყება ლომების პარადი! წარმატებები ბიჭებს! იმედია გავავსებთ სტადიონს და თავსაც არ შევირცხვენთ გულშემატკივარი, რაგბი ჩვენი თამაშია!

17:06 | 30.05.2018
buratino (480)

აბსოლუტურად სწორად იქცევა ჰეიგი! რადგან ეს არაოფიციალური მატჩია, ზუსტად რომ აქ უნდა მოისინჯოს იმ მორაგბეთა ჯგუფი, ვისაც პრეტენზია გააჩნია ნაკრების ძირითად ბირთვში (30 კაცი)
მოხვედრაზე. თანაც მეტოქე სწორედ რომ ღირსეულია და არა ვინმე ჩვენი "ბულკი" (ბელგია, გერმანია, რუსეთი და სხვ.). ერთი მხრივ, რომ გადახედო ნაკრების ამ თამაშზე შერჩეულ შემადგენლობას, ძლიერიაო ნაღდად ვერ იტყვი. მეორე მხრივ, არიან გამოცდილი, თუმცა ნაკრებში კაი ხნის უთამაშებელი მორაგბეები (მაგ. მჭედლიძე) და მოტივირებული ახალგაზრდები. მოკლედ, აგერ ბატონო შანსი და გვაჩვენეთ რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებთ

16:47 | 30.05.2018
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

15:37 | 30.05.2018
beeq.777 (63)

საინტერესოა ამ ბიჭების საქმეში ნახვა და თუარა ბარბაროსებთან მაშინ ვისთან? დარწმუნებული ვარ ყველა თავის მაქსიმუმს გაიღებს ადგილის დასამკვიდრებლად და დასამტკიცებლად რომ იმსახურებენ ძირითადში ყოფნას. წარმატებები ბიჭებს საინტერესო თამაში გველის.

0.086245