ლეგიონერები

1:40 | 26.05.2018 | ნანახია 3600 - ჯერ

ტოპ 14: “მონპელიე” ფინალშია

ტოპ 14-ის 2017/2018 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. რეგულარული გათამაშების გამარჯვებულმა “მონპელიემ” “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” “ლიონი” დამაჯერებლად 40:14 დაამარცხა და ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.

ვერნ კოტერის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი თამაშის სურათს სრულად ასახავს. პირველ ტაიმში გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს, რასაც “მონპელიემ” ნემანი ნადოლოს და ალექსანდრე დამულინის ლელოები შემატა, რომლებიც რუან პიენაარმა გარდასახა.

მეორე ნახევარში კი ჯერ პიენაარმა გაზარდა ჯარიმით სხვაობა, შემდეგ კი ლუი პიკამოლმა და პოლ ვილემსმა დადეს ლელოები, გარდასახვები კი კვლავ პიენაარმა შეასრულა ზუსტად. “ლიონმა” პრესტიჟის ლელო 78-ე წუთზე შეძლო, თავის გამოჩენა ახალზელანდიელმა მგეზავმა მაიკლ ჰარისმა მოახერხა – 40:14.

“მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში იყო მიხეილ ნარიაშვილი და მინდორზე 74-ე წუთი დაჰყო. ქართველმა მარცხენა ბურჯმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, შერკინებაში რასაკვირველია მშვენივრად იდგა და ღია თამაშშიც ჩინებულად გამოიყურებოდა. მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი მარქაფაში იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. კონსტანტინე მიქაუტაძე კვლავ ტრავმირებულია, ხოლო გელა აფრასიძე განაცხადში არ გახლდათ.

კარიერის უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა ფრედერიკ მიშელაკმა, რომელიც მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და ლელოს გატანაში დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო გარდასახვა გაუცუდდა. 35 წლის მგეზავი 2001-2011 წლებში “ტულუზას” ღირსებას იცავდა, 2008 და 2011 წელს სამხრეთ აფრიკულ “შარქსში” მოასწრო თამაში, 2012-2016 წლებში კი “ტულონში” ასპარეზობდა, საიდანაც “ლიონს” მიაშურა და უკანასკნელი ორი სეზონი სწორედ “მგლების” კვართით ირჯებოდა, სადაც 44 შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდს 228 ქულა შემატა. ის საფრანგეთის ნაკრებში 2001-2015 წლებში თამაშობდა, 77 კეპი მოიხვეჭა და 436 ქულა გაიტანა.

“მონპელიეს” მომავალი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. ზემოხსენებულ სტადიონზე ერთმანეთს “რასინგ 92” და “კასტრი” დაუპირისპირდებიან. პარიზული გუნდის მარქაფაშია ვასილ კაკოვინი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085462