სტატიები

16:26 | 18.05.2018 | ნანახია 1705 - ჯერ

დევნილი ბავშვები ‘შევარდენზე’
რაგბის ფასეულობები და დაუვიწყარი დღე

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს რაგბის კავშირის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე დევნილი და ლტოლვილი ბავშვი ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზას ეწვია და რაგბის ფასეულობებს ეზიარა.

მაისში ეს უკვე მეორე მსგავსი ღნისძიებაა. თვის დასაწყისში სანაკრებო ბაზას 177-ე სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ ორი, ამჯერად გასვლითი ღონისძიება იგეგმება.

გუშინდელ ღონისძიებას აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ბავშვებთან ერთად, ერაყიდან, სირიიდან, ლიბანიდან და უკრაინიდან ლტოლვილი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა ნონო ანდღულაძემ და რაგბის კავშირის ოპერაციულმა დირექტორმა ლექსო გუგავამ მათ სანაკრებო ბაზა დაათვალიერებინეს, რის შემდეგაც ბორჯღალოსნების შეკრებების ოთახში მიიწვიეს და რაგბის ღირებულებებზე, ასევე სხვადასხვა ფორმის ძალადობის მავნებლობაზე ესაუბრნენ.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ბავშვები უმცროს ბორჯღალოსნებს და ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს შეხვდნენ.

„სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს კუთხეებიდან დევნილ ბავშვებს ‘შევარდენის’ ბაზაზე ვუმასპინძლეთ. მათ საკუთარი თვალით იხილეს როგორ ცხოვრობენ ბორჯღალოსნები და რა პირობებში ემზადებიან თამაშებისთვის.

„ვისაუბრეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილზე და მის მნიშვნელობაზე, გავაცანით რაგბის ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც ამ თამაშის წარმატების საწინდარია, ასევე შევეხეთ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და ავუხსენით რატომაა ეს მნიშვნელოვანი.

„თვის ბოლომდე ორი გასვლითი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი პანკისსა და შიდა ქართლში. აქტიური კამპანია ივნისშიც გაგრძელდება და მზად ვერთ ვითანამშრომლოთ ყველა იმ ჯგუფთან, ვისაც ამის სურვილი ექნება“ - განაცხადა ანდღულაძემ.

თანამშრომლობა გაეროსთან

საქართველოს რაგბის კავშირი გაეროსთან წლებია თანამშრომლობს და არაერთი ერთობლივი ღონისძიება განახორციელა. ბორჯღალოსნები იყვნენ პირველი მორაგბეთა ნაკრებებს შორის, რომლებიც გაეროს ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთვნენ.

შარშან, საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისს არგენტინელი მორაგბეები ეწვივნენ, შეხვდნენ დევნილ და ლტოლვილ ბავშვებს და მათთან ერთად რაგბი ითამაშეს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლობის სამხრეთ კავკასიაში მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნინოქაჯაია მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს:

„გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მჭიდროდ თანამშრომლობს რაგბის კავშირთან და მსგავსი აქციები არაერთხელ გაგვიმართავს. ბავშვებისთვის, რომლებმაც გამოიარეს ომი, კონფლიქტი და უამრავი სირთულე, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. რაგბი ჯანსაღი ცხოვრების წესით და მსოფხედველობით, სპორტის ის სახეობაა, რომელიც ადამიანებს სირთულეების გადალახვაში ეხმარება.

„საქართველოში თავშესაფრის მაძიებელმა ერაყელმა, სირიელმა, უკრაინელმა და ლიბანელმა ლტოლვილმა ბავშვებმა, ასევე დევნილებმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს. მე მათ ვესაუბრე და მოედნის დატოვება არ უნდოდათ, საოცარი რეაქციები ჰქონდათ.

„მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ქართველ მორაგბეებსა და ბავშვებს შორის რაგბის ფასეულობების, ამ დიდი ოჯახის წესების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირს და ნონო ანდღულაძეს, რომელთა მეშვეობითაც ბავშვებმა ასეთი დადებითი ემოცია მიიღეს. გაეროს უმაღლესი კომისარიატი მზადაა მომავალშიც ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში. ეს არ იყო პირველი და არც უკანასკნელი შეხვედრა“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079828