ქართული

15:21 | 11.05.2018 | ნანახია 4632 - ჯერ

‘აკადემიას’ 7-კაცა სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა

დღეს გამთენიისას თბილისის ‘აკადემიას’ 7-კაცა გუნდი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ევროპული რაგბი7-ის საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული გუნდი 7-კაცა რაგბის საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს, რომელიც წლებია რეგულარულად იმართება.

„ტურნირის ორგანიზატორებს - ევროპული რაგბის ასოციაციას და რუსეთის რაგბის კავშირს ჰქონდა სურვილი, რომ 7-კაცას საკლუბო ევროპის ჩემპიონატში ქართულ გუნდსაც ეთამაშა. ‘აკადემიამ’ მათთან კონტაქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაამყარა და რადგან დიდი 10-ის ფლეი ოფში ვერ გავედით, გადავწყვიტეთ წელს სანქტ-პეტერბურგში წავსულიყავით“ - გვიყვება ‘აკადემიას’ მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე.

კლუბები და ნაკრებები

ტურნირში კლუბების გარდა ევროპის ქვეყნების მეორე ნაკრებებიც მონაწილეობენ. მაგალითად ფრანგული ‘ფროგი მიდლი’, რომელიც ამ სახელით სხვადასხვა ტურნირებში რეგულარულად თამაშობს. მის შემადგენლობაში ერთი მორაგბე ტოპ 14-ის ‘ტულუზადანაა’, ოთხი პრო დე2-იდან (პერპინიანი, ბეზიე, ორიაკი და მასი), ერთი პროფესიონალი მოშვიდკაცეა, ხოლო დანარჩენები ფედერალ1-ის კლუბებს წარმოადგენენ.

სულ პეტერბურგში 9 ქვეყნის 12 კლუბი ითამაშებს - რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, საქართველოდან, ლიტვიდან, ლატვიიდან და ჩეხეთიდან.

ისინი სამ ჯგუფში არიან გადანაწილებული და შაბათს, 12 მაისს ჯგუფური ეტაპის სამ-სამი შეხვედრა გაიმართება. 13 მაისს 8 მოწინავე თასის მეოთხედფინალში გავა, ხოლო დანარჩენი 4 მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას. გათამაშდება ყველა ადგილი და შესაბამისად, ფლეი ოფებში მოწინავე გუნდებს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს.

‘აკადემია’ „ა“ ჯგუფში რუსეთის ჩემპიონ ‘ყუბანთან’, ‘დუკლასთან’ და ‘მიესნიეკთან’ ითამაშებს; „ბ“ ჯგუფში ‘ბალტრექსი’, ‘ჰელსინკი’, ‘ფროგი’ და ‘კრასნი იარი’ მოხვდნენ’ ხოლო „გ“ ჯგუფში ‘ნარვი’, ‘ბუსლი’, ‘გრასჰოპერი’ და ‘ერნანი’ თამაშობენ.

„ტურნირში პირველად ვთამაშობთ და ვეცდებით მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ. პროგრამა მინიმუმი ჯგუფური ეტაპის წარმატებით გავლა და მეორე დღეს მოწინავე 8 გუნდში მოხვედრაა, იქ კი მაქსიმალურად მაღალი ადგილის დასაკავებლად ვიბრძოლებთ“ - ამბობს ობოლაძე.

გამოცდილების შესაძენად

რეგლამენტის თანახმად, ‘აკადემიას’ სხვა გუნდებიდან შემადგენლობის გაძლიერება შეეძლო, თუმცა აქცენტი მხოლოდ საკუთარ რესურსზე გააკეთა. მთავარ მწვრთნელს რუსეთში ვერ გაყვა ორი ლიდერი - სოსო მათიაშვილი და ანზორ სიჭინავა, რომლებიც ბორჯღალოსნებთან ერთად ივნისის ტესტებისთვის ემზადებიან.

თბილისურ გუნდშია 16 წლის ზუკა მინდიაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნულ აკადემიაში ვარჯიშობს და ‘აკადემიის’ რიგებში ჭაბუკთა „ა“ ლიგაში თამაშობს. ის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იქნება.

„შემადგენლობაში ძირითადად ის ბიჭები გვყავს, რომლებსაც იშვიათად უწევთ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა. ეს მათთვის პირველი გასვლა იქნება და დამატებითი მოტივაცია გაუჩნდებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი შეიძენენ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ეს მომავალში აუცილებლად დაეხმარებათ. ვეცდებით, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე რეგულარულად ვითამაშოთ ეს გამოცდილება გავაღრმავოთ“ - ამბობს ობოლაძე.

12 მაისის თამაშები თბილისის დროით 11 საათზე იწყება, ‘აკადემია’ კი პირველ შეხვედრას 11:22 საათზე ‘დუკლას’ (ჩეხეთი) წინააღმდეგ გამართავს; 13:34-ზე ‘მიესნიეკს’ (ლატვია) ვეთამაშებით, ხოლო 16:30-ზე ‘ყუბანს’ (რუსეთი) შევხვდებით.

თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა ამ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

https://www.youtube.com/watch?v=0CImikbVmUM

‘აკადემიის’ 7-კაცა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე რაგბი7-ში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 1. გიორგი ილურიძე, 2. სანდრო ილურიძე, 3. გიორგი ჭუაძე, 4. ჯიმი ღამბაშიძე (კაპ.), 5. დავით მოძღვრიშვილი, 6. იოანე ხელაია, 7. საბა ილურიძე, 8. ვანო ბურდული, 9. ირაკლი ლუარსაბიშვილი, 10. ირაკლი ბეგაძე, 11. საბა სვიმონიშვილი, 12. ზუკა მინდიაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:43 | 12.05.2018
temuchin (431)

ამ მიყვარს ხოლმე რადიკალური კომენტარები, მაგრამ სასტიკად შეირცხვინა აკადემიის შვიდკაცამ თავი და აღარ უნდა ამას გამართლებების ძებნა, 0-24 ჩეხეთის გუნდთან რომელიც სულ ერთი თუ ორი წლის შექმნილია. ბურთის ვერ ფლობა და მიღებისთანავე წინ გავარდნა. სვიმონიშვილს არა უშავდა შედარებით. დანარჩენი იყო 0! სარაგბო ქვეყნის ნებისმიერი გუნდი მოყვარულებთან ასე არ უნდა ნადგურდებოდეს!

15:41 | 11.05.2018
GiorgiG83 (525)

საბა სვიმონიშვილი
როდის შეუერთდა აკადემიას?
შარშან (უ20) შარქზის აკადემიაში იყო


0.087307