თბილისის “ლოკომოტივმა” გორის “ჯიქს” 22:13 სძლია და 13 მაისს “მიხეილ მესხზე” ჩემპიონის ტიტულისთვის ქუთაისის “აიას” შეერკინება.
საქართველოს 9-გზის ჩემპიონი ფინალში ბოლოს ორი წლის წინ იყო, ოქროთი კი მკერდი 2010 წელს დაიმშვენა. “აიას” გადამწყვეტი მატჩი 2011 წლის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ჩემპიონი 1995 წლის შემდეგ აღარ გამხდარა.
“ლოკომოტივი” მცირე ფინალში მოქმედ ჩემპიონს, “ჯიქს” შეხვდა და თამაშის საწყისი წუთები გორელების იყო. მათ ბურთზე კონტროლი დაამყარეს და სისწრაფის ხარჯზე ხაზი რამდენჯერმე გაჭრეს. “ლოკომოტივმა” საკუთარი ლელოს დაცვა მოახერხა, თუმცა ორჯერ დაჯარიმდა და მე-15 წუთამდე მამუკა ნინიძემ ორი ჯარიმა გაიტანა. მეორე შემთხვევაში თბილისელებმა სინბინით შალვა მამუკაშვილიც დაკარგეს, თუმცა თამაში რომ განახლდა გიორგი ბეგაძემ გაიბრწყინა, ხაზი გაჭრა და მისი შესანიშნავი პასით ლელო ლაშა ფოფხაძემ გაიტანა.
ბექა წიკლაურს გარდასახვის გარდა ჯარიმაც გაუფუჭდა და ტაიმი “ჯიქმა” 6:5 მოიგო. მეორე ტაიმი “ლოკომოტივის” შეტევებით დაიწყო, რასაც დიტო კიკნაძის სინბინი მოყვა და მალევე გიგა გაგოშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვის შესრულება რამაზ ხარაზიშვილმა ითავა და ანგარიში 12:6 გახადა. 55-ე წუთზე მანვე ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი 15:6 დააწინაურა.
რკინიგზელები არ მოდუნდნენ, წნეხი გააძლიერეს და 65-ე წუთზე უპირატესობა გაზარდეს. შერკინებით მიძალების შემდეგ ბურთი გაიშალა და გაგოშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა. “ჯიქმა” გაიბრძოლა და რობერტ სუთიძემ 72-ე წუთზე ლელო გაქვითა, ხოლო ნინიძემ გარდასახა. დასკვნითმა წუთებმა გორელების შეტევებში ჩაიარა და ჯარიმით მატჩის გადარჩენის შანსიც გაუჩნდათ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა და “ლოკომოტივმა” 22:13 იმარჯვა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !