ქართული

17:18 | 30.04.2018 | ნანახია 2259 - ჯერ

ლეგიონერები: "მონპელიემ" რეგულარული მოიგო

მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გელა აფრასიძის "მონპელიემ", 2017/2018 წლების რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.

ბოლოსწინა, 25-ე ტურში, ლიდერმა "პოს" უმასპინძლა და 45:13 დაამარცხა. "მონპელიემ" ბონუსიც აიღო, სატურნირო ცხრილში 81 ქულა მოუგროვდა და მდევრებისთის მიუწვდომელი გახდა. ამ მატჩში რუან პინარის ნაცვლად 76-ე წუთიდან ითამაშა ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ. ეს მისთვის პირველი მატჩი იყო საფრანგეთის ტოპ 14-ში. აქამდე აფრასიძემ "მონპელიეს" პირველ გუნდში ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ - ჩემპიონთა თასზე, ახლა კი საფრანგეთის ელიტა 1-იც დააჭაშნიკა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი. პირველმა მოედანზე 69 წუთი გაატარა, მეორემ - 54. დასკვნით ტურში "მონპელიე" 5 მაისს "ლიონს" ეწვევა, პლეი-ოფებში კი ნახვარფინალიდან ჩაერთვება.

პლეი-ოფში თამაში კიდევ სამ გუნდს აქვს დაბევებული, მაგრამ ჯერ გასარკვევია, ვინ გავა მეორე ადგილზე და შესაბამისად, მეტოქეს მეორე ეტაპზე, ნახევარფინალში დაელოდება. ამ დროისთის 75 ქულით მეორე ადგილზე "რასინგია", რომელმაც გუშინ "ბორდო" სტუმრად ბონუსით, 39:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის პარიზელები 13:3 იგებდნენ და 4 ლელო დასკვნით 4 წუთში გაიტანეს.

"რასინგს" 1 ქულით ჩამორჩება "ტულუზა", რომელმაც პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლი "ლა როშელი" 19:14 დაამარცხა. "ლა როშელის" ძირითადში იყო და 31 წუთი ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშილმა. მისი გუნდი 62 ქულით მე-7 პოზიციაზეა და "კასტრს" 2, ხოლო "ლიონს" 4 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, მას დასკვნით ტურში თავისი მატჩის მოგება მართებს და ამავდროულად, კონკურენტების მარცხის იმედად უნდა იყოს.

73 ქულით მეოთხეა "ტულონი", რომელმაც "კასტრს" 59:13 მოუგო და ბონუსიც აიღო. ტულონელთა შორის შეცვლაზე ითამაშეს ლევან ჩილაჩავამ (50-ე წუთიდან) და მამუკა გორგოძემ (59-ე წუთიდან). ტულონელები დასკვნით ტურში "პოს" ეთამაშებიან და მეორე ადგილზე გასვლას ეცდებიან.

მომავალ სეზონში ტოპ 14-ში თამაში დაიბევა თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა", რომელმაც გასულ ტურში "კლერმონი" 27:17 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში ქართველები არ ყოფილან, ხოლო სტუმართა შორის 53-ე წუთიდან შცვლაზე ითამაშა დავით ზირაქაშვილმა.

ტოპ 14-ში ბოლო ადგილზე დარჩა და პრო დ2-ში დაქვეითდება კარლენ ასიეშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი", რომელიც გასულ ტურში პარიზში "სტად ფრანსესთან" 22:30 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 64-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. სტუმართა ძირითადში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს ასიეშვილი, თუმცა 75-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მოუწია. 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბეკოშვილმა.

"სტად ფრანსე" 42 ქულით მე-12 ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს "ოიონას", რომელმაც "ლიონს" ბონუსით, 39:18 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს ირაკლი მირცხულავა. დასკვნით ტურში "სტად ფრანსე" "ლა როშელს" უნდა ეწვიოს, ხოლო "ოიონა" - "კასტრს". შეგახსენებთ, ტოპ 14-ის ბოლოსწინა გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პრო დ2-ის მეორე გუნდს უნდა შეხვდეს.

გაირკვა პრო დ2-ის ფინალისტებიც. "პერპინიანმა" "მონ-დე-მარსანი" 28:8 დაამარცხა, ხოლო "გრენობლმა" "მონტობანს" 22:15 სძლია. "პერპინიანი" და "გრენობლი" ფინალს 6 მაისს ითამაშებენ და გამარჯვებული ტოპ 14-ში პირდაპირ ავა, ხოლო დამარცხებული პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

ზე რაგბი და პრო 14

ახალზელანდიური "ჰარიქეინზის" წინააღმდეგ 23-23 წუთი ითამაშეს ჯაბა ბრეგვაძემ და ნიკოლოზ ხატიაშვილმა. ჯაბასთვის ეს მე-5 მატჩი იყო სუპერ რაგბში, ხატიაშვილისთვის - მეორე. "სანვულვზი" ზელანდიაში 15:43 დამარცხდა.

"ოსპრეიზის" მაისურით მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა გიორგი ნემსაძემ. მისმა გუნდმა უელსურ დერბიში "კარდიფს" სტუმრად 26:23 სძლია. ნემსაძე შეცვლაზე დასკვნით წუთებზე შევიდა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:30 | 02.05.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ქართველო ლომებო ! ! !

23:48 | 30.04.2018
თორღვა პანკელი (387)

დარწმუნებული ვარ გელა დიდ რაგბს ითამაშებს და დიდი შანსია ნაკრებში ყველა დროის საუკეთესო გახდეს ვისაც მის პოზიციაზე უთამაშია.

0.080538