ქართული

14:01 | 24.04.2018 | ნანახია 2123 - ჯერ

ლეგიონერები: ბრეგვაძის და ნემსაძის დებიუტი

ბორჯღალოსნებს - ჯაბა ბრეგვაძესა და გიორგი ნემსაძეს გასულ უქმეებზე თავ-თავიანთ კლუბებში დებიუტი ჰქონდათ. კვაჭმა ზე-რაგბის იაპონური ფრენჩაიზის, "სანვულვზის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, ხოლო მეორეხაზელმა პრო 14-ის უელსურ ფრენჩაიზში - "ოსპრეიზში", პირველი შეხვედრა ჩაატარა.

"სანვულვზი" სუპერ რაგბის მე-10 ტურში "კრუსეიდერსს" ახალ ზელანდიაში ეწვია. ჯაბას „მზის მგლებში“ აქამდე სამჯერ ჰქონდა ნათამაშები, ამჯერად კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა. მის შეცვლამდე ანგარიში 21:11 იყო, მერე ზელანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და 33:11 იმარჯვეს. "სანვულვზს" მიმდინარე სეზონში 8 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზეა.

"ოსპრეიზი" გადადებულ მატჩში იტალიაში "ძებრეს" ეწვია და 14:37 დამარცხდა. გიორგი ნემსაძე, რომელიც ახალ გუნდში ახლახან ინგლისის "ბრისტოლიდან" გადავიდა, მესამე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ოთხნი ფინალში

ვასილ კაკოვინის "რასინგმა" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ირლანდიური "მანსტერი" 27:22 დაამარცხა და 12 მაისს ფინალში კიდევ ერთ ირლანდიურ გუნდს, "ლენსტერს" შეხვდება. ირლანდიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს და მეორეს დასაწყისში 27:3 იგებდნენ. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე ნახევარი საათი ითამაშა და 5 ბოჭვა შეასრულა.

ჩელენჯ კაპის ფინალშია ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფი". რომელმაც "პოს" 16:10 მოუგო. ქართველმა ბურჯმა პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა. უელსელები 11 მაისს ინგლისურ "გლოსტერს" შეხვდებიან.

კონტინენტის თასის ფინალშია და 2018/2019 წლების ჩელენჯ კაპის საგზური მოიპოვა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეიმ", რომელმაც თანაქალაქელი "კრასნი იარი" საპასუხო შეხვედრაში 27:26 დაამარცხა.

პირველი მატჩი "ენისეის" 25 ქულის სხვაობით, 47:22 ჰქონდა მოგებული. საპასუხო შეხვედრაში მოედანზე 4 ბორჯღალოსანი გავიდა - გაჩეჩილაძე სტუმართა სასტარტოში იყო, ხოლო ლაშა მალაღურაძე, გიორგი ფრუიძე და სოსო მათიაშვილი - "კრასნი იარში". "იარი" მეორე ტაიმის დასაწყისში 26:10 დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ენისეიმ" ორი სწრაფი ლელოთი უპასუხა და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა. "კრასნი იარს" 3 გარდასახვით 6 ქულა მათიაშვილმა შესძინა.

"ენისეი" ფინალში გერმანულ "ჰაიდელბერგს" შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა-სარასენსი" დაამარცხა (პირველი მატჩი - 20:26; საპასუხო - 27:15).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:14 | 24.04.2018
dominici99 (94)

warmatebebi oqro xalxs

0.095739