ქართული

16:04 | 16.04.2018 | ნანახია 1945 - ჯერ

ლეგიონერები: ტოპ 14-სთვის ორი იბრძვის

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში რეგულარული გათამაშება დასრულდა. დასკვნით ტურს ერთადერთი მისია ჰქონდა - ტოპ 14-ში ასასვლელ პლეი-ოფში გუნდების დაწყვილება.

ელიტა 1-ის საგზურისთვის ქართველი ლგიონერების ორი გუნდი იბრძოლებს და ორივე - პირველი ეტაპიდან.

ბექა გიგაშვილის "გრენობლმა" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა და ფლეი ოფის პირველ ეტაპზე "ბიარიცს" ეთამაშება. ქართველმა ბურჯმა, რომელმაც პრო დ2-ში პირველი სეზონი გაატარა, 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დასკვნით ტურში მისმა გუნდმა სტუმრად "ანგულემი" 19:10 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა.

84 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და "ბეზიეს" ეთამაშება ბექა გორგაძის "მონ-დე-მარსანი". ბექას ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. დასკვნით ტურში მისი გუნდი "ორიაკთან" სტუმრად 26:31 დამარცხდა.

პრო დ2-ის რეგულარული გათამაშება "პერპინიანმა" მოიგო, რომელმაც დასკვნით ტურში "კარკასონს" 73:7 მოუგო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული და ის 49-ე წუთზე გიორგი ნაცარაშვილმა შეცვალა. "პერპინიანი" პლეი-ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება.

ამავე უპირატესობით ისარგებლებს "მონტობანი", რომელიც დასკვნით ტურში "ბიარიცთან" 31:58 დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

ილია კაიკაციშვილის "მასი" "კოლომიეს" ეწვია და 24:49 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა.

ფედერალ 1-ში დაქვეითდნენ ბექა ბიწაძის (რომელსაც ბოლო 3 თვეა, ტრავმის გამო არ უთამაშია) "ნარბონი" და ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი".

ასიანი ჟვანია

ტოპ 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად 8 გუნდი იბრძვის და რა თქმა უნდა, მათ შორის ქართველი ლეგიონერების კლუბები ლიდერობენ. 24-ე ტურში მოედანზე 10 ჩვენებური გავიდა და მათმა ნახევარმა გამარჯვება იზეიმა.

ცენტრალურ მატჩში "ტულონმა" ლიდერი "მონპელიე" 32:17 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე ითამაშეს ლევან ჩილაჩავამ (55-ე წუთიდან) და მამუკა გორგოძემ (59-ედან), ხოლო დუდუ ქუბრიაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. მე-11 წუთზე მან ტრენ-დუკზე უხეში ბოჭვა შეასრულა და სინბინით დაისაჯა. ამ შედეგის მიუხედავად, "მონპელიე" 76 ქულით პირველ ადგილზე რჩება და უახლოეს მდევარს კვლავ 6 ქულით უსწრებს, რადგან ამ ტურში "რასინგი" დამარცხდა, ხოლო "ტულონი" 68 ქულით მე-4 პოზიციას ინარჩუნებს.

"რასინგი" "ტულუზს" ეწვია და 27:42 დამარცხდა. შედეგად, გუნდებს 70-70 ქულა მოუგროვდათ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. პარიზელთა სასტარტოში იყო და 45-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

"კლერმონმა" "ბორდოს" 33:3 მოუგო და ბონუსიც აიღო, მაგრამ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო - დავით ზირაქაშვილი 57-ე, ხოლო ვიტო კოლელიშვილი შესვენებისას შეცვალეს.

აუტსაიდერთა ჯახში "ოიონამ" "ბრივს" 40:17 მოუგო, თუმცა ელიტას, შესაძლოა, ორივე დაემშვიდობოს. "ბრივი" 32 ქულით ბოლო ადგილზეა, "ოიონას" ახლა ორით მეტი აქვს და მე-13-ეა, ხოლო დამრჩენ მე-12 საფეხურზე 38 ქულით "სტად ფრანსეა". განვლილ მატჩში, "ოიონას" რიგებში 61 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. სტუმართა ბურჯი კარლენ ასიეშვილი პირველ ტაიმში თამაშში 10 წუთით ჩაერთო, ხოლო სრულფასოვან შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.

"სტად ფრანსე" ლიონში ჩავიდა და მასპინძლებთან 3:44 დამარცხდა. პარიზელთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. ეს მისი მე-100 მატჩი იყო "სტად ფრანსეს" მაისურით - 63 ტოპ 14-ში (4 ლელო), 5 ჩემპიონთა თასზე (1 ლელო) და 32 ჩელენჯ კაპზე (3 ლელო).

ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, თუმცა, "პოსთან" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "აჟენმა" (33:22), რითაც ტოპ 14-ში დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

უშუალო კონკურენტ "კასტრს" უმასპინძლა და 18:26 დამარცხდა "ლა როშელი", რის გამოც ექვსეულში ადგილი მეტოქეს დაუთმო. მასპინძელთა შორის შეცვლაზე დასკვნითი ნახევარი საათი ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

ფეიქრიშვილმა აფრიკაში მოიგო

პრო 14-ის მე-20 ტურში ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფ ბლუზი" სამხრეთ აფრიკაში "საუზერნ კინგზს" ეწვია და 45:12 დაამარცხა. უელსელებმა დაგეგმილი ბონუსიც აიღეს, ხოლო ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა.

ტოკიოში, სუპერ რაგბის მე-9 ტურში იაპონურმა "სანვულვზმა" "ბლუზს" უმასპინძლა და 10:24 დამარცხდა. კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ შეცვლაზე 52- წუთიდან ითამაშა. განაცხადში იყო ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილიც, თუმცა მას თამაშში ჩართვა არ მოუწია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089537