ინტერვიუ

18:38 | 15.04.2018 | ნანახია 3670 - ჯერ

შალკ ბურგერი: „საქართველოსთან მატჩი ძალიან კარგად მახსოვს“
გიორგი ნოზაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ჩემპიონთა თასის მფლობელი გუნდის, ლონდონის ‘სარასენსის’ ბაზაზე ყოფნისას თბილისის ‘იუნკერებისა’ და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის მწვრთნელი გიორგი ნოზაძე მსოფლიო რაგბის ლეგენდას, სამხრეთ აფრიკელ შალკ ბურგერს გაესაუბრა.

34 წლის ბურგერმა პირველი კეპი 2003 წლის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნებთან მოიხვეჭა და მას შემდეგ ‘ბოკეს’ კვართით 86 მატჩში 16 ლელო გაიტანა. მან ითამაშა 4 მსოფლიო თასზე (2003, 2007, 2011 და 2015) და 2007 წელს ‘უებ ელისის თასი’ შემართა, ხოლო 2015 წელს ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

‘ვესტერნ პროვინსისა’ და ‘სტორმერზის’ ყოფილი მორაგბე 2016 წელს ‘სარასენსს’ შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდთან ერთად ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.

- რა ასაკში და რატომ დაიწყეთ რაგბის თამაში?

- მამაჩემი ‘ვესტერნ პროვინსის’ მოთამაშე იყო. მისი წყალობით სარაგბო უნარებს და ფასეულობებს ადრეული ასაკიდანვე დავეუფლე, ხოლო 6 წლის სკოლაში შევედი და პირველივე დღიდან რაგბის წრეზე ჩავეწერე.

- თქვენ ‘პაარლ გიმნაზიუმში’ სწავლობდით და რაგბის თამაშიც იქ დაიწყეთ. რა როლი ითამაშა იქ გატარებულმა წლებმა შალკ ბურგერის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?

- გარდა სასწავლო პროგრამისა, ამ გიმნაზიუმში დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებს - რაგბს, კრიკეტს და ა.შ. იქ უამრავი ბავშვი სწავლობს და შესაბამისად, სპორტულ წრეებშიც ძალიან დიდი კონკურენციაა. ჩემი აზრით, სწორედ ეს კონკურენცია დამეხმარა სარაგბო უნარების დაუფლებასა და დახვეწაში. მე რომ სხვა სკოლაში მივსულიყავი, სადაც ყველას მარტივად ვაჯობებდი, ალბათ ჩემი კარიერა სხვაგვარად განვითარდებოდა. ‘პარლმ გიმნაზიუმში’ პირველი ნაბიჯები ისეთმა მორაგბეებმა გადადგეს, როგორებიც დე ვილიერსი, კრის როსოუ, ანდრე პოლარდი და ეშლი ჯონსონი არიან. იქ სხვა არაერთი ცნობილი მორაგბე სწავლობდა და მიმაჩნია, რომ სკოლას, იქ არსებულ კონკურენციას, სპორტსმენის როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლაში უდიდესი ადგილი უკავია.

- გთხოვთ გაიხსენოთ თქვენი პირველი სანაკრებო მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 2003 წლის მსოფლიო თასზე გქონდათ.

- (იცინის) დიახ, რა თქმა უნდა. ეს თამაში ძალიან კარგად მახსოვს. მე მოედანზე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად შევედი. ვნერვიულობდი, განვიცდიდი, თუმცა სამხრეთ აფრიკა - საქართელო 2003მოედანზე ფეხი რომ დავდგი დავმშვიდდი. მაშინ 20 წლის ვიყავი. ახალგაზრდა იყო და სამხრეთ აფრიკას იმ დღეს პირველად უკაპიტნა ჯონ სმიტმა. გუნდში ვიყავით მე, ვიქტორ მეტფილდი, დე ვილერსი, ჟაკ ფური, ბოთა... მაშინ ძალიან კარგი თაობა გვყავდა.

- დიახ, თქვენი თაობა ძალიან კარგი იყო, თუმცა ახლა სამხრეთ აფრიკა იმ სიმაღლეზე ვერ დგას, რა სიმაღლეზეც გსურთ რომ იყოთ...

- გეთანხმებით. ჩვენ პრობლემები გვაქვს და ახალი ტალანტების მოლოდინში ვართ. ისეთი მორაგბეები, როგორებიც ბაკის ბოთა და ვიქტორ მეტფილდი იყვნენ, ახლა აღარ გვყავს. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი მიგრაცია უნდა იყოს. ყოველწლიურად, სამხრეთ აფრიკიდან უცხოეთში, განსაკუთრებით იაპონიასა და საფრანგეთში ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე მიდის და ეს ნაკრებზე უარყოფითად აისახება.

- რა იყო თქვენი მოტივაცია ახალგაზრდობაში და რა არის ახლა?

- ახალგაზრდობაში მეტი ჟინით და მონდომებით აკეთებ იმ საქმეს, რაც გიყვარს და ჩემთვის ეს ახლაც არ შეცვლილა. თამაშიდან კვლავ ვიღებ უდიდეს სიამოვნებას. კვირის ბოლოს, მატჩის-დღეს განსხვავებული ნეტარებით ვიღვიძებ. განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს ყველაფერი, რადგან ვიცი, საღამოს მოედანზე ვიქნები. სარაგბო ღირებულებებისა და ფასეულობების პატივისცემა - აი ჩემი მთავარი მოტივატორი, რომელიც არასდროს შეიცვლება.

- კისრის და მუხლის ტრავმების გამო დიდი დრო გაგიცდათ. რა გეხმარებოდათ ამ დროს ყველაზე მეტად? როგორ ახდენდით აღდგენას?

- ვფიქრობ, ამ დროს საუკეთესო ვარიანტია ბოლომდე მოწყდე სპორტს, გადაერთო ოჯახზე, საყვარელ ადამიანებზე, მეგობრებზე, ითევზაო, ინადირო, იმოგზაურო, ანუ აკეთო ისეთი რამ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. როგორც კი ახლოვდებოდა რეაბილიტაციის პროცესის დასასრული, ვიწყებდი „სპორტში დაბრუნებას“, ვუყურებდი თამაშებს და ვაანალიზებდი.

- რა გზით არის შესაძლებელი ტრავმების პრევენცია და მათი თავიდან არიდება?

- ვფიქრობ, მათი პრევენცია შესაძლებელია, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ხარ, ბერ რამეზე თვალს ხუჭავ, შენს თავს ბევრის უფლებას აძლევ და მხოლოდ მაშინ იწყებ საკუთარი ორგანიზმის მოსმენას, როდესაც ასაკში შედიხარ. ყველა ადამიანს აქვს ლიმიტი, რომლის ზევით კიდევ არსებობს რაღაც ზღვარი, სანამდეც შეიძლება მიხვიდე, მაგრამ უნდა იცოდე როდის გადალახო ეს ზღვარი და როდის არა.

- რა არის თქვენთვის ნიჭი?

- რთული საკითხების მარტივად დანახვა და მარტივად გადაწყვეტა.

- გასაგებია, რომ მაღალ დონეზე სათამაშოდ მონდომება და შრომა აუცილებელია. კიდევ რა არის საჭირო?

- მუშაობა და მონდომება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მას თან უნდა ერთვოდეს გონება. იმისათვის, რომ მოთამაშე წლიდან წლამდე განვითარდეს, საჭიროა ყველა თავისი თამაში გაანალიზოს, ზუსტად იცოდეს რა აქვს გასაუმჯობესებელი და რაზე იმუშაოს.

- ფსიქოლოგია რა როლს ასრულებს მოთამაშის განვითარებაში?

- კარგ და საშუალო მოთამაშეს შორის, განსხვავება სწორედ ფსიქოლოგიაშია. მთავარი ის კი არაა როგორ ფიზიკურ ფორმაში ხარ, არამედ ის, რა გიდევს თავში და როგორ აზროვნებ მოედანზე. ნიჭს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ფსიქოლოგია ფიზიკაზე მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგია უკავშირდება პასუხისმგებლობას, რომელიც შენს თავზე უნდა აიღო და ვისაც არ უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, ის დიდი მორაგბე ვერასდროს გახდება.

- რას უსურვებთ ახალგაზრდა მოთამაშეებს?

- ისიამოვნეთ თამაშით და ნურასდროს დაივიწყებთ, რომ რაგბი თამაშია.

საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემია


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:01 | 15.04.2018
temuchin (431)

მომეწონა, ძალიან გონებაგახსნილი და მოაზროვნე ადამიანი ყოფილა ბატონი ბურგერი და რა გასაკვირია რომ ამდენს მიაღწია.

0.118127