ქართული

17:02 | 9.04.2018 | ნანახია 13905 - ჯერ

1989 წლის 9 აპრილი და მორაგბეები: გახსენება 29 წლის შემდეგ
მამუკა გიორგაძე და გიორგი გეგენავა - ეროვნულ მოძრაობაში მორაგბეთა მონაწილეობის შესახებ

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთგვაროვანი თარიღია. ესაა უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამავდროულად, 9 აპრილი ჩვენს ცნობიერებაში სიმტკიცის, თავდადების, ერთიანობისა და სიამაყის სიმბოლოდ დამკვიდრდა. დღეს ხშირად მოისმენთ - როგორ გვიყვარდა ერთმანეთი იმ დროს, როგორ ერთად ვიდექით, რა ერთიანნი ვიყავით...

იმ ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიური მონაწილე მორაგბეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო და მრავალი თვითმხილველი ამბობს, რომ სწორედ მორაგბეების დამსახურებაა, რომ 9 აპრილს მთავრობის სახლთან უფრო მეტი ხალხი არ დაიღუპა, ხოლო ტელევიზიის შენობასთან განხორციელებულ დარბევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მორაგბეთა ჯგუფმა სადამსჯელო რაზმების დარტყმა საკუთარ თავზე ვაჟკაცურად მიიღო და ამით უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. Worldrugby.ge-მ იმ დღეების კიდევ ერთხელ გახსენება გადაწყვიტა და რესპონდენტებად იმ მოვლენების ორი მონაწილე აირჩია: მამუკა გიორგაძე და გუგა (გიორგი) გეგენავა.

მამუკა გიორგაძე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ამჟამად ის სახალხო პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ ჩვენი ინტერესი არა მისმა პოლიტიკურმა წარსულმა თუ აწმყომ განაპირობა, არამედ იმ კონკრეტულმა ფაქტმა, რომ ბატონი მამუკა პროფესიონალი მორაგბე იყო და 9 აპრილის მოვლენებსა და ზოგადად ეროვნულ მოძრაობაში სარაგბო თემის ჩართულობა ფაქტობრივად მისი პირადი ინიციატივის შედეგი ყოფილა. თუმცა, ამის შესახებ თავად მამუკა გიორგაძეს არაფერი უთქვამს, ეს დეტალი ბატონმა გუგა გეგენავამ მოგვახსენა - იმ პროცესების მონაწილემ, ასევე ვეტერანმა მორაგბემ და ცნობილი სარაგბო კლუბ „ყოჩების“ თანადამფუძნებელმა.

როგორ მოხდა მორაგბეების ჩართვა ეროვნულ მოძრაობაში

მამუკა გიორგაძე:

როდესაც ეროვნული მოძრაობა აზვირთდა, მე უკვე ნაკლებად აქტიური მორაგბე ვიყავი. რაგბის თამაში თბილისის „ლოკომოტივში“ დავიწყე, მერე გპი-ში (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდი) გადავედი. 1983-85 წლები ციხეში გავატარე და ბუნებრივია, ვერ ვითამაშებდი. 1987-88 წლებში კი ეროვნულ მოძრაობაში უკვე აქტიურად ვიყავი ჩართული და ამიტომაც მეგობრების სანახავად თუ მივაკითხავდი გუნდს. ხანდახან ვთამაშობდი კიდეც. მაგრამ მანამდე და შემდგომშიც, რაგბისთან და მორაგბეების დიდ წრესთან ახლო ურთიერთობა მქონდა და მაქვს. იმდროინდელი მორაგბეების უმრავლესობასთან პირადი მეგობრობა მაკავშირებს. ცხონებული ლაშა გეგენავა იმ პერიოდში გპი-ს გუნდის მწვრთნელი იყო და ჩვენმა მეგობრობამ გარკვეული როლი ითამაშა ამ კუთხით.

ჰოდა, როცა დაიწყო, უფრო სწორად, როცა აზვირთდა ეროვნული მოძრაობა, ის ადამიანები, ბუნებრივია, ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთვნენ. რაგბი თავისი წყობით, ფილოსოფიით თანადგომას, ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულებას და სიყვარულს გულისხმობს, ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირი მორაგბეთა მონაწილეობა იმ პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გუგა გეგენავა:

მამუკა გიორგაძე იყო ამ ყველფრის ინიციატორი. მამუკამ მოგვქოქა, ფაქტობრივად. თანაგუნდელები ვიყავით, ვმეგობრობდით და ერთხელაც მამუკამ ლაშას, ჩემს ძმას გაუმხილა, რომ ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული. იმ მომენტიდან დაიწყო ყველაფერი.

ძალიან კარგად, დეტალებში მახსოვს, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მამიდაჩემს წყნეთში აგარაკი ჰქონდა და იმ აგარაკზე გუნდის დიდი ნაწილი შევხვდით ეროვნული მოძრაობის წევრებს. სწორედ იქ ვილაპარაკეთ ამ თემაზე - რომ უკვე მოვიდა დრო, რომ ახალგაზრდები ვართ, უნდა გავაქტიურდეთ და ჩავებათ ამ ამბებში. და სწორედ მაშინ იყო, რომ ლაშამ თქვა - კი, მე ბოლომდე მოგყვებითო! დანარჩენებიც სიამოვნებით ავყევით და გულანთებულები ჩავერთეთ ამ პროცესებში.

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლაშას ამ პოზიციამ და გადაწყვეტილებამ განაპირობა სარაგბო თემის გააქტიურება. ჩემი ძმა ხომ გპი-ს მორაგბეთა გუნდის მწვრთნელი იყო. ავტორიტეტი ჰქონდა. რთული დრო იყო და ლაშა გვერდზე რომ გამდგარიყო და უარი ეთქვა, ალბათ არც არავინ გაამტყუნებდა და არც არავინ გააქტიურდებოდა. ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, რომ მსგავს პროცესებში მონაწილეობა ძალიან სახიფათო იყო.

და მას მერე გპი-ს გუნდი იყო ყველა პოლიტიკური აქტივობის მონაწილე, თანაც, ჩვენ მალევე შემოგვიერთდნენ ბიჭები სხვა გუნდებიდანაც.

რა ხდებოდა 9 აპრილამდე

მამუკა გიორგაძე:

რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისებიც. საბჭოთა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა ამ წრეშიც ჩამოეყალიბებინა ორი დაპირისპირებული მხარე, და მიზანს რაღაც დოზით მიაღწია კიდეც. მოხდა სამწუხარო ფაქტი, რომელიც მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს: 1988 წლის 3 დეკემბერს ქუთაისში, მემორიალთან, სადაც ახლა პარლამენტია, მიმდინარეობდა ჩვენი მიტინგი, როცა ქუთაისელ მორაგბეთა ერთი ჯგუფი დაგვიპირისპირდა - შეასრულა უფროსობის დავალება, რომ მიტინგი არ ჩატარებულიყო. საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მივიდა...

გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ მოგვიწია ქუთაისში ჩასვლამ და შევხვდით კიდეც იმ ბიჭებს, ვინც მიტინგი დაგვიშალა. რა თქმა უნდა, შერცხვათ, რადგან დეკემბერში იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მწვრთნელმა დუგლას კავთელიშვილმა დაავალა და ზოგიერთმა კიდევაც მიიღო ამ სამარცხვინო აქციაში მონაწილეობა...

თუმცა, შემთხვევები ყოფილა კურიოზული და კომიკურიც კი. 1988 წლის შემოდგომაზე შიმშილობას ვიწყებთ და შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის მხარეს. დემონსტრაცულად უნდა გადავიდეთ მოპირდაპირე, მთავრობის სახლის მხარეს და გამოვაცხადოთ შიმშილობა. ხელისუფლება ალბათ გრძნობდა, რომ რაღაცას ვაპირებდით, მაგრამ იმდენად შეკრული გუნდი ვართ, ისე ვართ ორგანიზებულები, რომ წესრიგს არ ვარღვევთ და მილიციის მობილიზება მაინცდამაინც არაა საჭირო. მაგრამ სადღაც ლენინის მოედნის მხრიდან გვიახლოვდება მილიციის სამთვლიანი მოტოციკლეტი ორი მილიციონერითურთ. გაჩერდნენ და გვიყურებენ. არც ისეთი მდგომარეობაა, ბევრი დროშა-პლაკატი გვქონდეს და გრანდიოზული გამოსვლა იყოს. ერთი დროშა გვაქვს. ზაზა ლეჟავას (ბორჯღალოსანი მორაგბე, რაგბის კავშირის აკადემიის ხელმძღვანელი - ს.გ.) უკავია, მერე ბაჩი გოგუაძემ (ვეტერანი მორაგბე - ს.გ.) გადაიბარა.

მოკლედ, ამ ორს შორისაა ეს დროშა და ერთ-ერთი მილიციონერი რომ წამოვიდა ჩვენსკენ, ამ მომენტში რუსთაველზე გადასვლა დავიწყეთ და ისიც ინსტინქტურად დროშიანებს აედევნა. დროშას უყურებს და ვერ ხედავს, ვინ აფრიალებს ამ დროშას. ამ დევნაში საბოლოოდ ბაჩისა და ზაზას პირისპირ აღმოჩნდა. საშუალო აღნაგობის კაცი იყო და მის წინ ორი ორმეტრიანი, დაკუნთული გოლიათი დგას. „რა გინდა, ჩვენზე პატარა და სუსტი ვერავინ ნახე?!“ - მიაძახეს ბიჭებმა და მილიციელსაც დიდად აღარ გამოუდვია თავი, ამათ დაკავებას ხომ ვერანაირად მოახერხებდა. გატრიალდა და გაეცალა იქაურობას...

კიდევ ერთი მომენტი: პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (ახლანდელი სტუ - ს.გ.) ეროვნულ მოძრაობას პროვოკაცია მოუწყვეს და იმ ჩხუბში იყო მორაგბეების გამოყენების მცდელობა, ანუ ხელისუფლებას ქუთაისური, დუგლას კავთელიშვილის მოდელის თბილისში გადმოტანა ჰქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

იცით რატომ? იმიტომ, რომ მაშინ გპი-ს მწვრთნელი ლაშა გეგენავა იყო. და გპი-ს მორაგბეთა ის თაობა ბატონი გელა მიქაბერიძის აღზრდილები ვიყავით. „ლოკომოტივის“ მწვრთნელი მაშინაც თემურ ბენდიაშვილი იყო. ჰოდა, როცა ვსაუბრობთ სპორტის, აპოლიტიკისა და სახელმწიფოს კავშირზე, უნდა ვთქვათ, რომ ამ მწვრთნელების დამსახურებაა ჩვენი მსოფლმხედველობა. ბათუ კევლიშვილი რომ შემოგვძახებდა თამაშის დროს - „ბიჭებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ქართველები ვართ!“ - ეს უკვე სხვანაირად მოქმედებდა. გელა მიქაბერიძეც სხვანაირ გავლენას ახდენდა ჩვენზე.

იყო ასეთი შემთხვევა, როცა მსაჯმა ძალიან დაგვჩაგრა და ერთ-ერთმა ჩვენმა გამწარებულმა მოთამაშემ რეფერის ბოთლი ესროლა, მაგრამ ააცილა, ვერ მოარტყა. მეორე დღეს მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა ვარჯიშზე ის ბოთლის მსროლელი დასაჯა და დატუქსა: „ბოთლის სროლაც არ შეგძლებია ხეირიანად! რა ვქნა, მთელი გუნდი ბოთლის სროლაში გავარჯიშოთ?!“ ხვდებით, როგორი განწყობები იყო ჩვენში 9 აპრილამდე დიდი ხნით ადრე?

იგივე „ლოკომოტივს“ რასაც უკეთებდნენ, ძნელი ასატანი და მოსათმენი იყო. ყველას ახსოვს, რამდენჯერ წაართვეს ჩემპიონობა ამ გუნდს, რამდენჯერ დაჩაგრეს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებდა, ჩვენში პროტესტს ზრდიდა.

იმ პერიოდში, როცა არალეგალურ მდგომარეობაში ვიყავით, კონსპირაციული ქეიფებიც კი გვქონდა. ესეც ერთგვარი პოლიტიკური აქტი იყო. გაგანია კომუნისტების დროს აქციის გამართვა იოლი კი არ იყო. ჩვენი ერთი მეგობრის ბიძის ორმოცი მოვიმიზეზეთ, ტიციან ტაბიძის ძმისშვილის, ძალიან კარგი კაცის, ენვერი ტაბიძისა - რესტორანში ორმოცის სუფრა შევუკვეთეთ და ჩვენ, ბიჭები მივედით. რუსთაველიდან ვერ აგვყარეს ჯარის გარეშე და პურმარილიდან ვინ გამოგვყრიდა?! იქ გივიკო ჭიჭინაძემ (იმერეთის ახლანდელი გუბერნატორი, „ქართული ხმების“ სოლისტი და ვეტერანი მორაგბე - ს.გ.) და სხვებმაც, ომახიანი ქართული სიმღერა დავაგუგუნეთ! ესეც ბრძოლის ფორმა იყო! აქციების შემდეგ ქეიფიც თავისთავად პოლიტიკურ პროცესად აღიქმებოდა. რა დასამალია და, მორაგბეებს ქეიფიც და ღვინის ღირსეულად დალევაც ხომ შეგვიძლია, ხოლო ქეიფი ქართული სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია! ჰოდა, ასეც გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს კომუნიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ.

გუგა გეგენავა:

1989 წლის 25 თებერვალს მეტრო „დელისთან“ იყო მასშტაბური აქცია სერგო ორჯონიკიძის ძეგლის აღების მოთხოვნით. იქ გპი-ს მთელი გუნდი იყო, სრული შემადგენლობით. და პირველი რიგი, ვინც თავიდან მილიციას შეუტია, მორაგბეებისგან შედგებოდა. ედპ-ს თავმჯდომარე გია ჭანტურია იყო აქციის ხელმძღვანელი, ასევე იასონ ფავლენიშვილი და მამუკა გიორგაძეც. ცხადია, ჩემი ძმა ლაშაც იყო, გოჩა მაჭავარიანიც, უამრავი სხვა მორაგბე. პირველი რიგიც ჩვენ ვიყავით და უკანა რიგიც. მილიციასაც ვაწვებოდით და ხალხსაც ვიცავდით.

ეს იყო ჩვენი პირველი მასშტაბური გააქტიურება, სადაც ღიად გამოვთქვით ჩვენი საზოგადოებრივი პოზიცია. 9 აპრილამდე კიდევ იყო მოკლე აქტივობები, მაგრამ დეტალები აღარ მახსოვს, მთელი 29 წელი გავიდა. დავდიოდით მიტინგებზე, შეკრებებზე, მაგრამ ძალისმიერი დაპირისპირება ეს ორი მახსოვს - 25 თებერვალი და 9 აპრილი.

...და უშუალოდ 9 აპრილთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ

მამუკა გიორგაძე:

ამ პროცესებში მორაგბეების მონაწილეობამ პიკს 1989 წლის 8 აპრილს მიაღწია, როდესაც ძალიან ბევრი მორაგბე დამიკავშირდა. ბიჭები დაგვიკავშირდნენ აი ამ ჯგუფს, ვინც ყველაზე აქტიურად ვიყავით ჩართულები მოვლენებში.

მეგობრები ვიყავით და ხალხისთვის უფრო გასაგები ეს სწორედ 8 აპრილს გახდა, როცა მორაგბეებმა აქციაზე ერთობლივი მისვლა გადავწყვიტეთ. მართალია, ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით, მაგრამ სასტუმრო „ივერიასთან“ მორაგბეებს შევხვდი და მათთან ერთად მივედი მთავრობის სახლთან.

ბუნებრივია, ერთბაშად ამდენი გამოკვეთილად ათლეტური ვაჟკაცის ერთად გამოჩენას უდიდესი ეფექტი ჰქონდა. მეორე მხრივ, იმ დროს რაგბი დღევანდელივით პოპულარული არ იყო და საზოგადოებაში არსებობდა სტერეოტიპი, რომ „რაგბი სპორტის უხეში და ძალისმიერი სახეობაა“, „ყველა მორაგბე ხულიგანი და მოჩხუბარია“, „ყველა ძლიერია“ და ა. შ.. ამდენად, როცა ეს ჩვენი მორაგბეთა კოლონა მთავრობის სახლს მიუახლოვდა, იქ მყოფ ხალხს დაცულობის განცდა გაუჩნდა.

საკმაოდ ბევრნი ვიყავით. რამდენიმე ათეული. თუკი აქამდე ამ პროცესებში ძირითადად გპი-ს გუნდი მონაწილეობდა, ახლა სხვა გუნდების მოთამაშეებიც დაგვემატნენ.

თან დაემთხვა, რომ უახლოეს დღეებში თბილისში უნდა გამართულიყო მატჩი „ლოკომოტივსა“ და მონინოს სამხედრო საჰაერო აკადემიის გუნდს შორის. და ბიჭებმა თქვეს, ამ ფონზე თამაში შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ეს სამხედრო აკადემიის გუნდი იყო.

შევიკრიბეთ, წავედით მთავრობის სახლთან, იქ მერგო პატივი და ძალიან ვამაყობ ამ პატივით, რომ მორაგბეების სახელით გამოვედი მიტინგზე. მაშინაც, ცოტა არ იყოს, გაკვირვება გამოიწვია ამ ამბავმა...

აი, რა ვთქვი მორაგბეთა სახელით: „ჩვენ აქ მოვედით და მზად ვართ, ყველანი, ბიჭები, როგორც რიგითი ჯარისკაცები ქართულ ლაშქარში. ჩვენ უარი ვთქვით მომავალ თამაშზე და მზად ვართ, რუსთაველზე შევხვდეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს - მილიცია იქნება ეს თუ ჯარი! ხალხის გვერდით ვიდგებით!“

ჩემს გამოსვლას ემოციების დიდი ამოფრქვევა მოჰყვა. საზოგადოებამ, რომელიც დაუცველი იყო სავარაუდო საფრთხის წინაშე, იგრძნო, რომ მარტო არაა, რომ განწირული არაა, რომ მის გვერდით არიან ადამიანები, ვისაც რეალურად შეუძლიათ ჩხუბი და ბრძოლა. სახეზე ვერავის ცნობდნენ, რაგბი არ იყო პოპულარული და ამ თამაშის შესახებ ზოგადად ცოტა რამ იცოდნენ, მაგრამ ის კი ესმოდათ ან გუმანით ხვდებოდნენ, რომ არც შემართება გვაკლია და თავებსაც დავდებდით მათ დასაცავად.

პრინციპში, ასეც მოხდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტელევიზიასთან მომხდარი ამბების დროს ხალხი რომ არ დაღუპულა, თავიდან ბოლომდე მორაგბეების დამსახურებაა.

როდესაც შეგვატყობინეს, რომ ტელევიზიასთან დარბევა იგეგმებოდა, გავაცნობიერეთ, რა უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო იქ, სადაც მომიტინგეთა უმრავლესობას გოგონები შეადგენდნენ. ზოოპარკის მხარეს იმ ტერიტორიიდან რამდენიმემეტრიანი გადასავარდნია, ხოლო ორი უსაფრთხო მხარე უკვე გადაკეტილი იყო ჯარების მიერ. ერთადერთი გასასვლელი რჩებოდა - ტელევიზიის შემინული შენობისკენ. იმ შენობაში შესვლა, შუშის ჩამტვრევა და ალბათ უბრალო მიახლოებაც კი საბჭოთა ჯარის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას გამოიწვევდა. მოკლედ, სისხლისღვრის ძალიან დიდი ალბათობა იყო. თითქმის არც შევთანხმებულვართ, მივაწექით ჯარის კორდონს, ბიჭებმა მოსალოდნელი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღეს, მაგრამ მოახერხეს და შექმნეს პატარა კორიდორი, რათა ალყაში მოქცეულ გოგონებს იქაურობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მიცემოდათ.

ბიჭები ძალიან მაგრად გაილახნენ, იარაღი არავის გამოუყენებია მათ წინააღმდეგ, მაგრამ ხელკეტები - იცოცხლე, დაუნანებლად. ისე სცემეს, საშინელ დღეში ჩააგდეს, თუმცა ბიჭებმა ქალები იხსნეს და მთავარიც ეს იყო. თავისი მოვალეობა შეასრულეს, თავისი სიტყვა არ გატეხეს...

გუგა გეგენავა:

რამდენიმე ათეული ვიყავით - გპი-ს მთელი გუნდი და სხვა კლუბებიდანაც დაგვემატნენ ბიჭები. ვინც იმ დროს ასაკით პატარა იყო, მხოლოდ ისინი გვაკლდა, გავუფრთხილდით. ვეტერანები და უფროსი თაობა შევგროვდით ძირითადად, მაგრამ იყვნენ ახალგაზრდებიც.

ყველანი ვიყავით მთავრობის სახლთან და მერე ვიღაცამ თქვა, იქით ცოტაა ხალხი, ტელევიზიის კიბეებზე გოგონები სხედან, ცოდოები არიან, დასცხებენ სამხედროები და ვერავინ დაიცავსო. იმ მომენტში ორად გავიყავით მორაგბეები, ნაწილი წავედით ტელევიზიისკენ.

იქ მაგრად დავიბეგვეთ. პირველ რიგებში ვიდექით, ზუსტად ისევე, როგორც მეტრო „დელისთან“. ფაქტობრივად, მხოლოდ ჩვენ გვირტყამდნენ. ერთ-ერთ ჩვენგანს ყველაზე მეტი მოხვდა. თავზე ხევსურული ქუდი ეხურა და ეტყობა, ამ ქუდის გამო ურტყეს ასე გამეტებით. ეროვნულმა სამოსმა გააღიზიანათ, ალბათ...

ერთი გასაკვირი მომენტიც იყო, ჩვენთვის დადებითი, ცხადია: როცა სიტყვიერი კონტაქტის დამყარებას ვცდილობდით, გვისმენდნენ და ზოგჯერ ითვალისწინებდნენ კიდეც. მაგალითად, მე ოფიცერს რომ დაველაპარაკე, გამატარე თქო, ვუთხარი, კარგი, კარგიო და თავის ჯარისკაცებს უბრძანა, ეს გაატარეთო. თუმცა, ეს უკვე მას მერე იყო, რაც გვცემეს. კი გაგვიშვეს, მაგრამ ძალიან სასტიკად ნაცემები.

მერე ქურთუკზე აღმოვაჩინე ფეხის ანაბეჭდები, ზურგზე 45 ზომის ჩექმის ძირი მქონდა დაბეჭდილი. ის ქურთუკი მერე შინ საკმაო ხანს მეკიდა ასევე, ხელუხლებლად, გაურეცხავი. დავითვალეთ კიდეც, ფეხის რამდენი ანაბეჭდი იყო მასზე, ახლა უკვე აღარც მახსოვს, თუმცა ბლომად კი იყო. იქ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წინააღმდეგობის გაწევა. უბრალოდ გვცემდნენ და სანამ შეგვეძლო მოთმენა - მოვითმინეთ. მთავარი იყო, გოგონები გამოსულიყვნენ იმ ხაფანგიდან. თან ბევრნიც იყვნენ სამხედროები, ვერანაირად მოვერეოდით...

როგორი დამოკიდებულებაა რაგბისადმი დღევანდელ საზოგადოებაში

მამუკა გიორგაძე:

მორაგბეებს სადაც ხელი მიუწვდებოდათ, ყველგან მხარში უდგებოდნენ ხალხს. და დღეს რაგბი სპორტის ესოდენ წარმატებული სახეობა რომ არის, ეს იმ მორალური საფუძვლების დამსახურებაა. მთავარი აზრი, რომ ქვეყანას ემსახურები, გაძლევს ძალას, რომ მოედანზე გახვიდე, ყველაფერი დადო და მოედანს მიღმაც თავდადებული იყო...

რომ იცოდეთ, იმ პერიოდში რაგბი თავისთავად პროტესტი იყო. მე, მაგალითად, რაგბზე პირველად რომ მივედი, ეს ხალხი სრულებითაც არ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მაგრამ ავთო ღიბრაძე იქნებოდა ეს, „ბურძგლა“ (გურამ მოდებაძე), თამაზ მგელაძე, „ვობლა“ (ზურაბ ხარშილაძე), ავთო გიორგაძე თუ კიდევ მრავალი სხვა, ახალგაზრდებს ყოველთვის გვასწავლიდნენ სამშობლოს სიყვარულს.

ჩხუბები სტადიონზე, უსამართლო მსაჯობა, ათასგვარი ხრიკი და მაიმუნობა, რასაც რუსები ჩვენს წინააღმდეგ აკეთებდნენ, ყველანაირი სიბინძურე - ესეც დამატებითი მოტივაცია იყო ჩვენთვის. თან გაითვალისწინეთ, რომ როცა ქართველებს ფეხბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში ჩაგრავდნენ, ქართული საზოგადოება ამას ხედავდა და აპროტესტებდა, ამხნევებდა სპორტსმენებს: „ბიჭები, თქვენთან ვართ!“, მორალურ მხარდაჭერას უცხადებდა. ჩვენ კი მხოლოდ შინაურები გვცნობდნენ, სტადიონზე მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები მოდიოდნენ, მეტი არავინ. არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან გვქონია რამენაირი მხარდაჭერა.

მაგრამ დააკვირდით დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რამდენი მორაგბეა ჩართული თუნდაც პოლიტიკაში? მინისტრი დავით სერგეენკო, გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პარლამენტის წევრები ბიძინა გეგიძე და ირაკლი აბუსერიძე... აი, საუბარში „ბელუხაც“ (ბიძინა გეგიძე - ავტ.) გამახსენდა. ბიძინა აქტიურად იყო ჩართული ზემოთ მოყოლილ პროცესებში.

მორაგბეები იმხანად ძალიან ვმეგობრობდით - ერთი საძმო ვიყავით, ერთი თემი. ოჯახებით ვმეგობრობდით, ზოგიერთები დანათესავდნენ - ნათელ-მირონით თუ სიძეობით. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ რაგბი ნახევრად არალეგალურ პირობებში იყო, არავის ადარდებდა ამ სახეობის ბედი. ამ განზე ყოფნის შეგრძნებამ მხოლოდ გაგვიძლიერა ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა. ვინ ფიქრობდა ხელფასზე, როგორ გეკადრებათ... მახსენდება, გუნდს მაისურების პრობლემაც კი ჰქონია. დღეს ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ ასე იყო. ასფალტზე ვვარჯიშობდით, ხოლო თამაშები ისეთ მოედნებზე იმართებოდა, დავარდნას სიკვდილი ჯობდა. გრუნტი კი იყო, მაგრამ იმდენად დატკეპნილი, უბალახო და ხისტი, რომ ახლა გახსენებაც კი მზარავს.

ბევრნი ვიყავით 9 აპრილს. აღარ მოვყვები ჩამოთვლას, მაინც გამომრჩება ვინმე და გული დაწყდება. მთავარი ის სულისკვეთებაა, რომელიც საზოგადოებაში იყო რაგბთან დაკავშირებით. მთავარია, რომ არ გაწბილდა ის სულისკვეთება და საზოგადოებამ დაიჯერა მორაგბეებისა. და ეს საფუძველია იმისა, რომ დღეს ქართველი მორაგბეები წარმატებულები არიან და ჯიგრით აკეთებენ თავიანთ საქმეს.

იცით, ვინ იყო ის კაცი ცნობილ კადრებში, საბჭოთა ტანკს ჯოხს რომ ურტყამს?

მამუკა გიორგაძე:

ნამდვილად არ ვიცი, მორაგბე იყო თუ არა. იმ ახალგაზრდა კაცის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ხალხში რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა, მგონი, ისე სჯობს, როგორც აქამდე იყო - ის პიროვნება რჩება სიმბოლოდ გამწარებული ქართველი კაცისა, რომელიც ცარიელი ხელით, მხოლოდ ჯოხით შეიარაღებული ებრძვის საშინელ ჯავშნიან მანქანას!


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:42 | 11.04.2018
თორღვა პანკელი (387)

არარსებობს ამაზე მაგარი მაგალითი თუ როგორ გვიხდება ეს სპორტი! რაგბი ჩვენი თამაშია და მწამს მოვესწრები იმ დღეს, მთელი საქართველო დავდებთ გამარჯვების ლელოს, რომელიც არაერთხელ დაგვიდია.

20:29 | 10.04.2018
alfadhirhaiti (110)

დიდება გმირებს!

22:25 | 09.04.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

21:12 | 09.04.2018
temuchin (431)

გაიხარეთ! გენიალური სტატიაა! მორაგბეებმის მიმართ ამხელა სიყვარული მართლაც მხოლოდ თამაშის დამსახურება არაა!

0.079276