ინტერნეტ-რესურს Eurasianet-ის ჟურნალისტმა კლემან ჟირარდომ ქართული რაგბის დღევანდელობას საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა. ეს ფრანგი ჟურნალისტი საქართველოს რუმინეთთან მატჩის პერიოდში სტუმრობდა. ჟირარდო გაესაუბრა ბორჯღალოსანთა დამრიგებელ მილტონ ჰეიგს, რაგბის კავშირის ხელმძღვანელ გოჩა სვანიძეს, ქართული მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. წერილი საკმაოდ პოზიტიურია, მისი ავტორის რესპონდენტები მეტად მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, სტატია უბრალოდ გვეთარგმნა, კუპიურების გარეშე. ფოტორეპორტაჟიც არაჩვეულებრივია და ასევე ფრანგს ეკუთვნის - ჟულიენ პებრელს...
კლემან ჟირარდო
"თბილი კვირა-დღე იყო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 40 ათასი ქომაგის გუგუნის აკომპანემენტით რუმინეთი დაამარცხა. თამაშის მერე ქართველი მორაგბეები საპატიო წრეზე გაემართნენ, ზოგიერთმა ღონიერ მხრებზე შვილი შემოისვა და ისე უხდიდა მადლობას ერთგულ პუბლიკას.
18 მარტს თბილისში მოპოვებულმა გამარჯვებამ საქართველოს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა, ეს კი კონტინენტზე პრესტიჟულობით მეორე ტურნირია. ეს იყო ქართველთა მე-10 ჩემპიონობა ბოლო 15 ტურნირში, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშნულია ამ ქვეყნის წარმოუდგენელ ლტოლვაში მსოფლიო რაგბის ელიტისკენ.
"ბოლო 4-5 წლის განმავლობაში რაგბი, შესაძლოა, არ ყოფილა საქართველოში სპორტის ყველაზე მსაობრივი სახეობა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რაგბი ყველაზე პოპულარული იყო, - თქვა Eurasianet-თან ინტერვიუში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, - გუნდის წარმატება ძალზე მნიშვნელოვანია. რაც უკეთესია შედეგი, მით მეტია ჩვენი რეკლამირება. ხედავთ მორაგბეთა სახეებს სარეკლამო ფარებზე, სატელევიზიო რეკლამებში, ავტობუსების გაჩერებებზე? ფეხბურთელებს იქ ვერ ნახავთ".
მართალია, რაგბი იგივე სახელწოდების ინგლისურ ქალაქში XIX საუკუნეში გამოიგონეს და თავდაპირველად ეს თამაში მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიაში იყო გავრცელებული, საქართველოს რაგბის კავშირის სლოგანი ამტკიცებს, რომ რაგბი ქართველთა თამაშია ("რაგბი ჩვენი თამაშია").
ქართული ეროვნული ნაკრების თიკუნია "Lelos" - "ლელოები" - და ეს სიტყვა ნიშნავს რაგბის მონათესავე თამაშს, რომელიც თავისი ფესვებით შორეულ, წარმართულ საქართველოს უკავშირდება, და რომელიც ქვეყნის დასავლეთის რეგიონ გურიაში ყოველ აღდგომას დღემდე იმართება.
"70 წელიც არაა, რაც რაგბს ვთამაშობთ. ეს ძალიან ცოტაა საქართველოსავით უძველესი ქვეყნისთვის, მაგრამ რაგბი ისე მოგვერგო, როგორც ლეგოს ერთ ნაწილს - მეორე. ჩვენ ამ თამაშს ასე კარგად იმიტომ ვთამაშობთ, რომ ის ორგანულად ქართულია. ის რაღაცნაირად ჩვენს ეროვნულ ხასიათს წარმოაჩენს, საბრძოლო და გუნდურ სულისკვეთებას", - თქვა ლევან ღივინიანიძემ, საქართველოს რაგბის კავშირის ერთ-ერთი სპონსორის, ღვინის კომპანია "თელიანი ველის" კრეატიულმა დირექტორმა.
საქართველოში რაგბის პოპულარობა და ნაკრების საერთაშორისო რეიტინგი ბოლო 10 წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა. "2007 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან რაგბის დაფინანსება ძალიან დაბალი იყო", - გვითხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ. არადა, იმ წელს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა - ნამიბია დაამარცხა, ხოლო ერთ-ერთ უდიდესი სარაგბო ერის, ირლანდიის ნაკრებთან თანაბარ ბრძოლაში მინიმალურად დამარცხდა. "ამის მერე რადიკალური ცვლილებების დრო დადგა", - თქვა სვანიძემ .
დღეს საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა. 2015 წლის მსოფლიო თასი გუნდმა ჯგუფის მე-3 საფეხურზე დაასრულა, რამაც მას 2019 წლის, იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის მონაწილის რანგი ავტომატურად მიანიჭა. გასულ ივნისში საქართველომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ქართველი ახალგაზრდები მე-10 ადგილზე გავიდნენ.
მასობრივობამაც ასევე მოიმატა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური მონაცემებით, რაგბის კლუბებში ოფიციალურად რეგისტრირებულთა რაოდენობა 2007 წლის 2600 ადამიანიდან 2017 წლის 15400-მდე გაიზარდა, ხოლო 24 კლუბის ნაცვლად დღეს საქართველოში 76 რაგბის კლუბია.
რაგბის მოყვარულები ამბობენ, რომ სპორტი იყო ძლიერებისა და მდგრადობის განსახიერება, რომელიც საქართველომ გამოავლინა მას შემდეგ, რაც ადრეულ პოსტ-საბჭოთა პერიოდში აღმოჩნდა ეკონომიკურ კოლაფსში, გაუძლო პოლიტიკურ ორომტრიალებსა და ძალადობრივ კონფლიქტებს.
"საქართველოში რაგბი გახდა წარმატებასთან ასოცირებული დარგი - როგორც ფანებისთვის, ისე სპონსორებისთვისაც. ადრე საქართველოს საფირმო ნიშანი ღვინო იყო, ახლა მას რაგბიც დაემატა. დღეს გაგვაჩნია ის, რითიც შეგვიძლია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ვიამაყოთ", - გვითხრა ნიკა ლობილაძემ, Rugby TV-ს თანადამფუძნებელმა და პროდიუსერმა. ეს ტელეარხი 2016 წლის ოქტომბერში ამუშავდა, მისი პროგრამა მთლიანად რაგბისგან შედგება.
სვანიძემ სპორტის აღორძინების კუთხით ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ახსენა. ივანიშვილმა თავისი ფონდის მეშვეობით საქართველოში სარაგბო სტადიონების მშენებლობა დააფინანსა, ყველაფერი კი 2010 წელს ეროვნული ნაკრების ბაზა "შევარდენის" გახსნით დაიწყო.
"როცა აქ პირველად ჩამოვედი, დამხვდა მხოლოდ ოთხი მოედანი, სადაც თამაში შეიძლებოდა. ახლა ალბათ უკვე ოცია", - თქვა ჰეიგმა, ვინც ნაკრების თავკაცად 2011-ში დაინიშნა. მას შემდეგ გაუმჯობესდა არა მსოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ გუნდის თამაშიც. "2011-ში ისინი ბურთს მუდამ უკან აბრუნებდნენ და ეს თამაში იყო ძალიან ერთფეროვანი. ჩვენი მიზანი იყო თამაშის გაშლა, რათა ჩვენს მოთამაშეებს სწორი გადაწყვეტილების მიღება წნეხის ქვეშ მყოფებსაც შეეძლოთ", - განმარტავს ჰეიგი, რომელმაც მორაგბეთა სწავლებისა და მომზადების მეთოდები თავისი მშობლიური ახალი ზელანდიიდან გადმოიტანა - მსოფლიო რაგბის ლიდერი ქვეყნიდან.
მართალია, "ლელოების" მთავარი იმედი და დასაყრდენი დღესაც შერკინება და მოლია, სადაც ქართველები უმეტეს შემთხვევაში ჯაბნიან ოპონენტებს, მათი თამაში ახლა გაცილებით დაბალანსებულია, ვიდრე ადრე იყო, და გუნდს სწამს, რომ უკვე მზადაა, ბრძოლაზე პლანეტის სარაგბო ლიდერები გამოიწვიოს.
მაგრამ რაგბის ელიტა არის ჩაკეტილი სამყარო. სარაგბო ერები სამ დონედ არიან დაყოფილები. პირველი დონის (ტიერ 1) გუნდები თამაშობენ უპრესტიჟულეს ტურნირებში, ევროპაში ასეთი ექვსი ერია, სადაც, შესაბამისად, დიდი ფული ტრიალებს. საქართველო ტიერ 2-ის წევრია და, შესაბამისად, მას აქვს ნაკლები შანსი, ითამაშოს საერთაშორისო ტესტ-მატჩები ტიერ 1-ის ნაკრებებთან.
საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც დღეს აქტიურად ლობირებენ საქართველოს ნაკრების ექვს ერში დაწინაურებას, რომლის აუტსაიდერი იტალია რეიტინგში საქართველოზე ქვემოთაა. მაგრამ ექვს ერს კერძო კომპანია მართავს, რომელიც დღეს არსებულ სარფიან ფორმატში ცვლილებების შეტანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
"იმედგაცრუებულები ვართ. კვლავ იმაზე გვიწევს ლაპარაკი, რომ ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობა, რათა დავამტკიცოთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია სათამაშო მოედანზე, რადგან მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ ამასაც აქვს მნიშვნელობა, - ამბობს ჰეიგი, - ჩვენი მომზადების დონე იგივეა, რაც ტიერ 1-ის გუნდებში. ჩვენ ფოკუსირებულები იმაზე ვართ, რომ მომზადებაც უზრუნველვყოთ, არა მხოლოდ სათამაშო მოედანზე, არამედ სამედიცინო მომსახურების, მხარდაჭერის სისტემის, ლოგისტიკის და ყველა სხვა სფეროს კუთხით. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კეთდება ტიერ 1-ის სტანდარტების დონეზე".
უახლოეს წლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქართული რაგბის განვითარებისთვის. ნოემბერში იტალიასთან ტესტ-მატჩში წარმატებას და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიის პოზიტიურად დასრულებას, შესაძლოა, ექვსი ერის კარის გაღებაც მოყვეს. საქართველოს რაგბის კავშირი ალტერნატივებსაც განიხილავს: ადგილობრივი გუნდით პრო-14-ში (სადაც ევროპული და სამხრეთაფრიკული კლუბები ასპარეზობენ), ან სუპერ რაგბში (სადაც ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იაპონიის გუნდები გამოდიან) ჩართვას.
"შეხედეთ, სად მდებარეობს საქართველოს, - მიმითითებს გოჩა სვანიძე თავისი ქვეყნის ადგილმდებარეობას მსოფლიო რუკაზე, - იქ წავალთ, სადაც მიგვიღებენ. ავსტრალიაც რომ იყოს, ამისთვის საჭირო სახსრებსაც მოვიძიებთ".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუკი შესაფერისი და მისაღები ტურნირის ალტერნატივა გამოჩნდება ნაკრებისთვის, ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ იქნება A ნაკრებით ერთა თასზე გამოსვლა, საქმე მხოლოდ ფინანსებშია ერთ და მეორე შემთხვევაშიც, თორე A ნაკრებითაც შეგვიძლია ამ ტურნირის მოგება.
მოდით საერთოდ დავივიწყოთ ა ნაკრების იდეა, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რომ რეალურად საჭირო გახდეს ა ნაკრების შექმნა. იგივე არგენტინის ა ნაკრებს, რომ გადავხედოთ იმ ჩემპიონატში სადაც თამაშობს თითქმის ერთი თავით აღემატება სხვა მონაწილე გუნდებს. გარდა ამისა ა ნაკრების შენახვაც თანხებთან არის დაკავშირებული და ესეც რომ არ იყოს ჩვენთან ისე არ დგას საქმე, რომ იმდენად მოზღვავებული იყოს პოტენციურად სანაკრებო კანდიდატების რაოდენობა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყოს მათი ეროვნულ ნაკრებში გამოცდა და აქედან გამომდინარე საჭირო გახდეს ა ნაკრების შექმნა. თუ ვინმეს რამე შეუძლია ისედაც ხედავს ჰეიგი და აძლევს შანსს. ამიტომ ამას სჯობს ჩვენი ერთი გუნდი მაინც მოხვდეს ჩელენჯ თასზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გამორჩეული მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც ნაკრების წევრებიც არიან, რომ მათ მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. იგივე მათიაშვილი, რომ ავიღოთ, კრასნი იარში ხომ არ წავიდოდა მსგავსი შესაძლებლობა, რომ მისცემოდა? კიდევ ხმალაზე, თხილაიშვილი და სხვები რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ, მაგათ სჭირდებათ მეტი პაქტიკა, მაშასადამე ვინც ეროვნულის წევრია და ჩვენ კიდევ ა ნაკრებზე ვსაუბრობთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ა ნაკრები, მოცემულ ეტაპზე ვერ დაეხმარება ქართულ რაგბს. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ევროტურნირებში მონაწილეობის მიღება ან ტექნიკურად ყველაზე საუკეთესო ვარინატია ფრენჩაიზით შევიდეთ პრო 14-ში, ვინაიდან ევროპა ტერიტორიულად გვაწყობს, სხვა საკითხია ფინანსური მხარე, რაც არ მგონია იგივე სუპერ რაგბის ტურნირში მონაწილეობაზე (რაც ფანტასტიკის სფეროდ მიმაჩნია) ძვირი დაჯდეს.
ეროვნული ნაკრები კი არ უნდა დაითხოვოს, ალტერნატიული ძლიერი ტურნირი უნდა შეიქმნას, სადაც ჩავერთვებით.თორემ ა ნაკრები გამოსვლა და ეროვნულის დასვენება სისულელე რომ არის, ამას რა ბევრი მსჯელობა უნდა.
ა ნაკრებით რომ ვითამაშოთ, ეროვნული მაგ პერიოდში დავითხოვოთ, თუ როგორ წარმოგიდგენიათ. ესე იგი ეროვნულს კიდევ უფრო ნაკლები თამაში ექნება წელიწადში. არგენტინა 4 ერში თამაშობს და იმიტომ გაყავს ამერიკის ტურნირზე ა ნაკრები. ურუგვაის მოტივაცია მართალი გითხრათ არ მესმის. ალბათ რეიტინგში ქულების დაკარგვა არ უნდათ. ჩვენი ზე რაგბიში ჩართვა ალბათ ფანტასტიკის სფერო უფროა ვიდრე რეალობა. როგორ წარმოგიდგენიათ სამი დღე ვიყოთ ხოლმე გზაში ყველა თამაშზე. ჩემი აზრით ყველაზე რეალურია ჩელენჯ თასზე გამოვიდეთ, თუ რამის ტრაკი გვაქვს. შესაძლებელია აგრეთვე პრო 14 ვარიანტი და ამ მიმართულებით დროა რაგბის კავშირმა თქვას რას აპირებს, აქვს თუ არა უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმა. ან გვითხრას დაივიწყეთ არაფერს ვგეგმავთ და ვაპირებთ, უბრალოდ ბედის ანაბარა და ერთ მშვენიერ, მზიან დღეს სპონსორის გამოჩენას ველოდებითო. ჩემი აზრით დროა რამე მოიმოქმედონ ან თუ ვერ მოქმედებენ ესეც თქვან, რომ ჩვენ აქ უაზრო მკითხაობით არ დავკავდეთ
ეს აზრი ადრეც გამომიხატავს და აგერ ამ სტატიის ავტორმაც კიდევ ერთხელ გაამყარა!
სარაგბო რეიტინგის "სკეპტიკოსებს" მივმართავ: ბოლო წლებში, რაც კი საქართველოზე პოზიტიური სტატია დაწერილა აბსოლიტურად ყველგან აღნიშნულია რომ საქართველო იტალიას რეიტინგში უსწრებს!!! ვიმეორებ - ყველა სტატიაშია ეს აღნიშნული და გამოყოფილი.
მგონი ეს ფაქტიც უკვე საკმარისია იმის შესაფასებლად რეიტინგი მნიშვნელოვანია ჩვენთვის თუ არა.
ნამდვილად კარგი სტატიაა და მისასალმებელია,რომ ზოგადად რაგბის თემაზე და ქართველ მორაგბეებზე მოუხშირეს სტატიებს.
რაც შეეხება ევროპის ერთა თასს თუ რაც ჰქვია, მტკიცედ უნდა მოვითხოვოთ A ნაკრებით გამოსვლა და არა ეროვნულით. სადაც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში არგენტინა და ურუგვაი A ნაკრებებით ეთამაშებიან ბრაზილიას, ჩილეს და პარაგვაის, ჩვენ რითი ვართ მათზე ნაკლები? A ნაკრებით გამოსვლა კიდევ უფრო წაადგება ქართულ რაგბს,ეროვნული ნაკრების კანდიდატების სიაც გაიზრდება, რაც ჯანსაღ კონკურენციას გაზრდის. ეროვნულით კი სადაც მიგვიღებენ, იქ უნდა ჩავერთოთ. მართლაც რთულია მენტალურად ბიჭებისთვის ყოველ წელს ერთი და იგივე ფარჩაკ გუნდებთან თამაში, მესამე შემადგენლობას კი ვერ გამოვიყვანთ ზედმეტი რისკების ასაცილებლად.
საქართველოს ნაკრების კიდევ განვითარების შემთხვევაში ჩვენი ისევ იმ ჩემპიონატში დატოვება სადაც ვთამაშობთ, უბრალოდ უაზრობა და მაგარი უსამართლობა იქნება რაგბის მამების მხრიდან, რასაც ვფიქრობ ადგილი აღარ ექნება, ყველაფერს აქვს საზღვარი და დროა ამათაც სინდისმა შეაწუხოთ თუ ასეთი გააჩნიათ რა თქმა უნდა.
ერთი შეხედვით კარგი გამოსავალია სუპერ რაგბიში გაერთიანება (6 ერზე ოცნებას უნდა შევეშვათ მანდ ისევე არ მიგვიღებენ როგორც ევროპავშირში მიღებაა ზღაპარი)მაგრამ ჩვენ კი ჩავალთ ავტრალიაში და უფრო შორსაც მაგრამ ისინი ჩამოვლენ ??
კარგია ასეთი სტატიები რომ იწერება, მაგრამ მთავარი მაინც ბორჟღალოსნების ნაჩვენები შედეგები იქნება. ვნახოთ, მე ჩვენი ლომების დიდი იმედი მაქვს.
მალე მოვსწრებოდეთ ბარიერის დანგრევას.