კელტების ლიგა

15:01 | 23.03.2018 | ნანახია 2161 - ჯერ

ნემსაძე "ოსპრეიზს" შეუერთდა

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ინგლისური ‘ბრისთოლი’ დატოვა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე გინეს პრო 14-ის უელსურ ფრანჩიზში, ‘ოსპრეიზში’ ითამაშებს.

უელსელები 33 წლის მორაგბეს შერკინების მეორე ხაზის გარდა ფლანკერადაც განიხილავენ. ტრანსფერი ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა უილ ჯონსი დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა, ხოლო ჯასტინ ტიპურიკს 7-კაცა ნაკრებში დაუძახეს და ‘ოსპრეიზმაც’ 196 სანტიმეტრი სიმაღლის ნემსაძე სასწრაფო წესით, სეზონის ბოლომდე გაიფორმა.

„ამ გუნდთან დიდი ხანია მოლაპარაკებას ვაწარმოებ. ბევრი რამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი - ‘ბრისთოლთან’ კონტრაქტს ვწყვეტდი და ‘ოსპრეიზში’ გადავდიოდი. რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ უელსში ჩავედი და ერთი კვირა ვივარჯიშე, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ახლა ბრისთოლში ვარ, პატარ-პატარა საქმეებს ვაგვარებ და საღამოს ახალ გუნდთან ერთად ვიქნები“ - ამბობს გიორგი ნემსაძე.

‘ოსპრეიზის’ გენერალური მენეჯერი დენ გრიფითსი ფიქრობს, რომ ქართველის დამატებით გუნდს შერკინებაში სიმძლავრე მოემატება:

„გიორგი გუნდს სიღრმეებსა და გამოცდილებას შემატებს. ის ფიზიკურად ძლიერი და აგრესიული სტილის მოთამაშეა, რაც ქართველი მორკინალისგან გასაკვირი სულაც არ არის. საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები სწორედ მორკინალებს უკავშირდება და გიორგი მისი საკვანძო ფიგურა იყო“.

‘ოსპრეიზს’ მომდევნო თამაში ხვალ, ირლანდიურ ‘ლენსთერთან’ უწევს, თუმცა ნემსაძის უელსურ დებიუტს მომდევნო თამაშში უნდა ველოდოთ:

„განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო და ‘ლენსთერთან’ ვერ ვითამაშებ. მწვრთნელებმა მითხრეს, რომ მანამდე დერეფანში კომბინაციებს უფრო მეტად დავხვეწავთ და მომდევნო თამაშისთვის შანსი მექნება. გუნდში დიდი კონკურენციაა, ‘ოსპრეიზში’ ოთხი მეორეხაზელი ვარჯიშობს და წინასწარ გუნდში მოხვედრა გარანტირებული არავის არაა აქვს. უელსელებს უყვართ მოთამაშეები, რომელთაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში და მკითხეს, შევძლებდი თუ არა მესამე ხაზში დადგომას. მე რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადე, ეს ჩემი საყვარელი პოზიციაა და თუ შანსი მომეცემა, რატომაც არა“.

ნემსაძე 2007-2016 წლებში საფრანგეთის სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა, ორი წლის წინ ინგლისურ ‘ბრისთოლს’ შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში იშვიათად უწევდა თამაში და კლუბის გამოცვლაც ამის გამო განიზრახა.

33 წლის მორაგბე ბორჯღალოსნების ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მის ანგარიშზე 81 კეპი და 13 ლელოა. ის 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა.

ნემსაძემ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებს უკაპიტნა და მისი ლიდერობით საქართველოს ნაკრებმა 5-ვე მატჩი მოიგო და ტურნირი დიდი სლემით მოიგო. ამ მოგებით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩეპიონობა მეათედ მოიპოვეს და რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნეს.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:51 | 23.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ნემსო მაგარი გამოცდილი მორაგბეა და ვეტერანობის ასაკშიც ჩარხავს ისეთ კლუბებს როგორიც ოსპრეიზია, წარმატებები ნემსო და შენც უნდა გახდე ცენტურიონი.

16:59 | 23.03.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

16:39 | 23.03.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ახალ კლუბში გიორგი ! ! !

16:25 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

ნემსოს უთამაშია დორმონში, მასიში, მონტობანში, აჟენში, ტარბში, ბრისტოლში...
მაგარი კონკურენტები ყავს: ლოიდ ეშლი, ადამ ბიორდი, ბრენდლი დევისი, რორი ტორტონი; თუმცა ნემსოს იგივე ტარბში 8 ნომრადაც უთამაშია და ლელოებიც ამ პოზიციიდან დაუდია

0.083187