საერთაშორისო

22:25 | 12.03.2018 | ნანახია 1548 - ჯერ

6 ერის მე-4 ტურის სიმბოლური Worldrugby.Ge-ს ვერსიით

ჩვეულებრივი ამბავია, რომ დიდი ტურნირების ყოველი ტურის შემდგომ, წამყვანი უცხოური გამოცემები კვირის სიმბოლურ გუნდს ადგენენ. გადავწყვიტეთ, ჩვენც იგივე გაგვეკეთებინა და მკითხველისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ჩემპიონატის მე-4 ტურის საუკეთესო გუნდის ჩვენებური ვერსია შემოგვეთავაზებინა.

სიმბოლურში ყველაზე მეტი მეტი, ხუთი მოთამაშე ირლანდიის ნაკრებიდან შევიყვანეთ, ოთხი-ოთხი მორაგბე მოხვდნენ უელსიდან და საფრანგეთიდან, ხოლო თითო მოთამაშე – იტალიიდან და ინგლისიდან.

ჩვენი რჩეული თხუთმეტეული ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. მატეო მინოცი (იტალია)

“აძური” უელსთან მატჩში უშანსოდ დამარცხდა, თუმცა ეს ჩრდილში ვერ აყენებს 21 წლის ფულბექის კარგ თამაშს. მინოცი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან კარგად თამაშობდა, მეტოქეს 8-ჯერ შეუტია, 26 მეტრი მოიგო, 2-ჯერ ხაზი გაჭრა და 3 მცველი გააბითურა. მე-9 წუთზე კი ფრთაზე ლიამ უილიამსს დაუსხლტა და მეტოქე დაალელოვა. “ძებრეს” მორაგბეს მიმდინარე 6 ერში 3 ლელო აქვს გატანილი, რაც იტალიის ასპარეზობის ფონზე ბრწყინვალე შედეგია. მატეომ გასულ ორ მატჩში საფრანგეთის და ირლანდიის ლელოს აღება მოახერხა.

14. ჯორჯ ნორთი (უელსი)

25 წლის ვარსკვლავს ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა და გამოჯანმრთელება მე-2 ტურისთვის მოახერხა. წინა ორ თამაშში მარქაფადან ჩაერთო, ხოლო იტალიასთან 80 ითამაშა და მეტოქეს ორი ლელო გაუტანა. მისი სტატისტიკა ასეთია: 5 პასი გააკეთა, 12-ჯერ შეუტია, 105 მეტრი მოიგო, 2-ჯერ ხაზი გაჭრა და 3-ჯერ მცველი ჩამოიშორა.

13. მატიო ბასტარო (საფრანგეთი)

“ტულონის” კაპიტანმა ინგლისის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შესანიშნავი გახლდათ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თითოეულ მიძალებაზე რამდენიმე მეტრს იგებდა და საიმედო ბოჭვებს აკეთებდა. მან 11 ბოჭვა შეასრულა და არცერთი არ გაუფუჭებია.

12. ჰედლი პარკსი (უელსი)

ახალზელანდიაში დაბადებული მორაგბე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან იტალიას ერთი ლელო დაუდო და დუბლის გაფორმებასთანაც ახლოს გახლდათ, მაგრამ ვიდეორეფერიმ საეჭვო სიტუაციაში მეორე ლელო არ ჩაუთვალა. პარკსმა 13 პასი გააკეთა, 13-ჯერ შეუტია იტალიას, 55 მეტრი მოიგო, ერთხელ ხაზი გაჭრა, მოწინააღმდეგე 7-ჯერ მოატყუა და 1 ოფლოუდი გაახერხა. კარგი იყო დაცვაშიც: 9 ბოჭვა შეასრულა.

11. ჯეიკობ სტოკდეილი (ირლანდია)

21 წლის ფრთა შესანიშნავია. მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 6 ლელო აქვს გატანილი, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია და ბოლოს ასეთი შედეგი 2011 წელს კრის ეშტონს ჰქონდა. ჯეიკობის გარდა, სამ ლელოზე მეტი არავის აქვს დადებული.

სტოკდეილმა შოტლანდიას პირველივე ტაიმში დუბლი შეუსრულა. პირელ შემთხვევაში პიტ ჰორნის ჩაუჭრა ბურთი და ვეღარავინ დაეწია, ხოლო მეორეჯერ კიდესთან დაალელოვა მეტოქე.

10. ფრანსუა ტრინ-დუკი (საფრანგეთი)

გამოცდილმა მგეზავმა მიმდინარე 6 ერში ძირითად შემადგენლობაში პირველად დაიწყო და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, განსხვავებით ლიონელ ბოქსისისგან, რომელიც წინა მატჩებში ძალიან უფერულად გამოიყურებოდა და ინგლისთან დასკვნით ათ წუთშიც კინაღამ წააგებინა საკუთარ გუნდს, როდესაც გაწითლებულ დროში ბურთი მოედანს მიღმა ვერ გადაიტანა.

ტრინ-დუკი ფეხით მშვენივრად თამაშობდა, ლელოც მის გადაკიდებულ ბურთს მოჰყვა. უკანახაზსაც კარგად ათამაშებდა და საკუთარი ფუნქციები ძალიან კარგად შეასრულა. 20 პასი, 8 შეტევა, 23 მეტრით წინ წაწევა, 1 ოფლოუდი და 10 ბოჭვა – ასეთია “ტულონის” მორაგბის სტატისტიკა.

9. კონორ მარი (ირლანდია)

ისე ითამაშა, როგორც მთელი ტურნირია ასპარეზობს და ეკადრება. სექსტონთან ერთად თამაში მშვენირად წარმართა, შერკინებიდან ბურთი დროულად გამოჰქონდა და თავადაც არ ამბობდა შეტევაზე უარს. 45-ე წუთზე სწორედ მის მიძალებას მოჰყვა შოტლანდიელთა მესამე გაშვებული ლელო.

კონორმა 119 პასი გააკეთა, 7-ჯერ შეუტია, 40 მეტრი მოიგო, 2-ჯერ ხაზი გაჭრა და ამდენჯერვე ოპონენტი ჩამოიშორა. შეასრულა 5 ბოჭვა, რომელთაგან ერთი გაუცუდდა.

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი)

ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ინგლისის ნაკრებიდან გამოვარჩიეთ ტონგური ფესვების მქონე მარცხენა ბურჯია, რომელმაც მისი ვიზავი რაბა სლიმანი პირწმინდად დაჩაგრა შერკინებაში და ღია თამაშშიც კარგად გამოიყურებოდა.

მაკოს ანგარიშზე 3 პასი, 7 შეტევა, 11 მეტრის მოგება და 14 ბოჭვა, საიდანაც მხოლოდ 1 გაუცუდდა.

2. გიიომ გირადო (საფრანგეთი)

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა და ლელოშიც დიდი წვლილი შეიტანა. მან წყვეტილი ხაზიდან მოიპარა ბურთი და ლელოდან 15 მეტრში შეაჩერეს, მაგრამ ინგლისელებმა მეტოქის სწრაფი შეტევის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს, ჯერ დაჯარიმდნენ, ხეირზე თამაში კი ტრინ-დუკმა იდეალურად გამოიყენა, ბურთი მარცხენა ფრთაზე გადაკიდა და საბოლოოდ ეპიზოდი ენტონი უოტსონის კიდევ ერთი ჯარიმით, გასინბინებით და საჯარიმო ლელოთი დასრულდა.

გირადომ გუნდელებს 6 გადაცემა გაუკეთა, 8-ჯერ შეუტია, 41 მეტრით გაიარა წინ, თითოჯერ გაჭრა ხაზი, მცველი გააბითურა და ოფლოუდი გაახერხა. 12 ბოჭვიდან მხოლოდ 1 გაუცუდდა და 5 აუტი მოაწოდა ზუსტად.

3. ტად ფარლონგი (ირლანდია)

უელსთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. შოტლანდიასთან დაბრუნდა და ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, როგორც სტატიკაში, ისე დინამიკაში. ნაყოფიერი გახლდათ შეტევაშიც და დაცვაშიც. 5 გადაცემა, 12 შეტევა, 20 მეტრით წინ წაწევა, 1 ხაზის გაჭრა, 3 მცველის ჩამოშორება და 5 ბოჭვა – ასეთია მარჯვენა ბურჯის მონაგარი.

4. კორი ჰილი (უელსი)

ერთადერთი მორკინალი, რომელიც უორენ გეტლანდმა იტალიასთან მატჩისთვის არ შეცვალა. 26 წლის მორაგბემ კარგი შეხვედრა ჩაატარა და 42-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა, კარგი იყო დერეფნებშიც და შავ სამუშაოსაც მშვენივრად ასრულებდა.

5. დევინ ტონერი (ირლანდია)

შოტლანდიელმა ჯონი გრეიმ 27 ბოჭვა შეასრულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიმბოლურში მაინც დევინ ტონერი შევიყვანეთ, რომელმაც დაცვაშიც კარგად ითამაშა და შეტევაში მოწინააღმდეგეზე გაცილებით პროდუქტიული გახლდათ, რასაც სტატისტიკაც მოწმობს.

6. იაკუბუ კამარა (საფრანგეთი)

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც ინგლისის დამარცხებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. შეასრულა 10 ბოჭვა, აგრესიული იყო შეტევაშიც და ერთბაშად რამდენიმე მოწინააღმდეგეს ეძალებოდა. მთლიანობაში 13-ჯერ შეუტია, მოიგო 30 მეტრი, 2 მცველი გააბითურა და ერთი ოფლოუდიც გაახერხა.

7. დენ ლივი (ირლანდია)

ირლანდიელთა ფლანკერმა რთული მისია ძალიან კარგად შეასრულა და შოტლანდიელთა მესამეხაზელებს, რომელთაც წინა ტურში ინგლისი გააწამეს, აშკარად აჯობა. ლივი ეფექტური იყო შეტევაშიც, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ბოჭვები და დაცვაში თავგანწირული თამაში.

8. ტაულუპე ფალეტაუ (უელსი)

ფალეტაუმ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და “აძურისთან” მატჩში გუნდს უკაპიტნა. ტონგაში დაბადებულ მორაგბეს ეტყობოდა, რომ თამაშს ძალიან მონატრებული იყო. იტალიელებს მასპინძელთა 8 ნომრის შეჩერება ძალიან უჭირდათ და თითო მიძალებაზე საშუალოდ 3 მეტრზე მეტს იგებდა. შესანიშნავი იყო დაცვაშიც და მოწინააღმდეგის მოთამაშეები 11-ჯერ შებოჭა.

თეგები6 ერი

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:22 | 13.03.2018
McCaw (168)

ბასტარო მარი მინოცი ნორთსი ფალეტაუ მართლაც მაგრად ითამაშეს მინოცის კიდევ უდიდესი მომავალი აქვს მაგარი ტალანტი ეზრდება იტალიას სუპერ ბიჭია

12:19 | 13.03.2018
McCaw (168)

რიგროუსმა იმენა მარტომ მოუგო შოტლანდიას ვინც უყურა თამაშს სისიხლი გაუთეთრა სქოთებს ტიპი ვერ დააოკეს და ვერ დააშოშმინეს და სიმბოლურში არ შეიყვანეს

12:18 | 13.03.2018
McCaw (168)

კაროჩე რა ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა ამ სიმბოლურში ყოფნას არცერთი არააა სადაა ირლანდიელთა კაპიტანი რორი ბესტი და გარი რიგროუსი რომელსაც მე თუ მკითხავთ საერთოდ ტურის საუკეთესო მორაგბედ უნდა დაესახელებინათ

12:14 | 13.03.2018
McCaw (168)

ბასტარო იმენა მგელია მარტომ მოუგო ინგლისს ამ ედი ჯონსს რომ წაუგდია ეს ენა ამას ვიზამ იმას ვიზამ მსოფლიოს მოვუგებ და ზელანდიას ჰეგემონიას დავამხობო სანახევროდ ნაჯვარმა ცოტა დააყენოს ტორემ ჰანსენი და მისი ბიჯები ისეთ დღეს აყრიან უარესს ვერც ინატრებს

12:10 | 13.03.2018
McCaw (168)

რაბას სლიმანი

0.082179