ამბები

11:42 | 2.11.2014 | ნანახია 3637 - ჯერ

ერთი თავით მაღლა

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ლისაბონში გამართულ ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა იდგა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.

ჰოლანდიამ, რუსეთმა და ბოლოს მასპინძელმა პორტუგალიამ “უმცროს ბორჯღალოსნებს” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ქართველებმა მეტოქეებს ყველა შემთხვევაში დიდი სხვაობით სძლიეს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ახალგაზრდულმა ნაკრებებმა უკვე მიგვაჩვიეს, რომ თამაშებს ლამაზი, გაშლილი, ლაღი რაგბის თამაშით იგებენ და მათი ცქერა ერთობ სასიამოვნოა. 2015 წლის გაზაფხულზე ეს ბიჭები კიდე ერთხელ ეწვევიან პორტუგალიას და კარგად დაწყებული საქმის გაგრძელებას 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” ეცდებიან, სადაც თამაშის უფლება საქართველოსა და პორტუგალიის გარდა უკვე მოიპოვეს ტონგამ, ფიჯიმ, ნამიბიამ, ურუგვაიმ და ჰონკონგმა, ხოლო ბოლო საგზურისთვის ჩრდილო ამერიკიდან კანადისა და აშშ-ის ნაკრებები იბრძვიან.

ფინალურ შეხვედრას სადებიუტო წუთებში ერთგვარი დაძაბულობა ახლდა და ამის ბრალი უნდა იყოს მთელი 20 წუთი ანგარიში რომ არ გახსნილა. ამ პერიოდში, მე-2 წუთზე, ჯარიმის გატანის შანსი რეზი ჯინჭველაშვილს ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 38 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. ქართველთა შეცდომების სერიით მეტოქემ რომ ისარგებლა, პორტუგალიამაც მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, თუმცა არც ეს დარტყმა იყო ზუსტი. ანგარიში მე-20 წუთზე, კარის წინ 22 მეტრიდან გაიხსნა და ამჯერად ჯინჭველაშვილის დარტყმული ზუსტი იყო.

ამან დაძაბულობა მოხსნა და მალე ისეთი თამაში გაჩაღდა, როგორის ხილვაც მაყურებელს სურდა. 21-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა ცენტრში ხაზი გაჭრა, მიმყოლებმაც არ დააგვიანეს და ორი გადაცემის შემდეგ ბადრი ალხაზაშვილი დაუცველ ჩათვლის მოედანში შეიჭრა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

25-ე წუთზე პორტუგალია საკუთარ 22-ში დაჯარიმდა და ჩხუბი ატეხა. შედეგად, რეფერიმ მასპინძელთა მორაგბე გაასინბინა, ხოლო ჯინჭველაშვილმა მონაგარს მორიგი 3 ქულა შემატა.

სამიოდე წუთში რეფერიმ ბადრი ლიპარტელიანს უჩვენა ყვითელი ბარათი და გუნდების მოთამაშეთა რაოდენობა გაათანაბრა. მაგრამ ამას ქართველებისთვის ხელი არ შეუშლია დერეფნიდან მოლის აგორებაში, რომელსაც ბოლო მომენტში ბექა გორგაძე მოწყდა და მის ლელოს ჯინჭველაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა - 20:0.

ტაიმის ბოლოს ახალგაზრდა ქართველები მოდუნდნენ და პორტუგალიამაც ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითა, რამაც მეორე ტაიმს ინტრიგა შესძინა, თუმცა, ისევე, როგორც რუსეთთან ნახევარფინალში, მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო.

აქტიური დასაწყისის შედეგად თამაში სწრაფად გადავიდა მეტოქის 22-ში, იქ მასპინძლები ცოტა ხანს გაძალიანდნენ, მაგრამ მოკლე მიძალებებს საბოლოოდ ვერაფერი მოუხერხეს და გორგაძემ დუბლი, ხოლო ჯინჭველაშვილმა მორიგი 2 ქულა მიითვალა.

43-ე წუთზე (ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია) ქართველმა ფორვარდებმა კიდევ ერთხელ დაჩაგრეს მეტოქის დაცვა და ამჯერად დუბლი ალხაზაშვილმა შეასრულა, ჯინჭველაშვილი კი, რაღა თქმა უნდა ზუსტი იყო - 34:7.

გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული გახლდათ, მაგრამ რეფერიმ მატჩში დრამატულობის შეტანა განიზრახა და დუბლის ავტორ ალხაზაშვილს მალევე ყვითელი ბარათი უჩვენა. პორტუგალიამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ლამაზი შეტევა ალამთან ლელოთი დაასრულა, მაგრამ მერე კაცნაკლული საქართველოს იერიშის გამკლავება ვერ მოახერხა და ლელო გაუშვა. მიუხედავად ნაკლულობისა, ქართველებმა ჯარიმა აუტში გადაიტანეს, დერეფანში ბურთი პირველ კაცზე ააგდეს და მოკლე ფრთაზე შეტევა ოთარ გიორგაძის ლელოთი დასრულდა. მე-60 წუთზე “ბორჯღალოსანთა” მეექვსე ლელო იოსებ კიკვაძემ მიითვალა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ფინალური შეხვედრაც 44:14 დასრულდა.

ახლა ჯერი “ალაფაზეა”. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები აგერ უკვე რამდენიმე წელია ამ ტურნირს დიდი იმედით ელის, მაგრამ მიზნის მიღწევა და საუკეთესო 12 გუნდში დაწინაურება ვერ ხერხდება, მუდამ სულ ცოტა აკლდება. იმედია, ამჯერად ამ ცოტასაც დაძლევენ...

ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდე მორაგბეთა შორის

2015 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი

ლისაბონი. პორტუგალია. 1 ნოემბერი. ფინალი

საქართველო - პორტუგალია 44:14 (20:7)

საქართველო: 15. რატი შანიძე (ირაკლი სვანიძე 44), 14. იოსებ კიკვაძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 11. დავით გულიტაშვილი (ანზორ სიჭინავა 60), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (გიორგი ბაბუნაშვილი 63), 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე (თორნიკე მატარაძე 60), 2. ბადრი ალხაზაშვილი (გიორგი ტორაძე 56), 3. გიორგი მელიქიძე (ბექა კაკაბაძე 66), 4. თორნიკე ზოიძე (ბესიკ ბარბაქაძე 53), 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ბადრი დანგაძე 42), 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.

6 ლელო: ალხაზაშვილი (1, 4), გორგაძე (2, 3), გიორგაძე, კიკვაძე

4 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

2 სინბინი: ლიპარტელიანი (28), ალხაზაშვილი (46)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077039