ბორჯღალოსნები

10:38 | 16.01.2018 | ნანახია 2111 - ჯერ

20-წლამდელთა ნაკრების საკონტროლო მატჩი "არმაზთან"

2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს მესამე, ერთკვირიან შეკრებას ასრულებენ, გუშინ კი გუნდმა "შევარდენის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარნეულის "არმაზთან", შეკრების დამაგვირგვინებელი საკონტროლო მატჩი გამართა.

მზადების ახალ ციკლში, ეს ჩვენი 20-წლამდელების პირველი შეხვედრა იყო და მიუხედავად სიცივისა, მას ქომაგი მრავლად დაესწრო. მათ შორის 20-წლამდელთა გარჯას აკვირდებოდნენ ბორჯღალოსანთა თავკაცები მილთონ ჰეიგი და შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი, ასევე 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით და დიდი 10-ის კლუბების რამდენიმე მწვრთნელი.

უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელებს, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშის საქმეში ხილვა სურდათ და ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარეს. თამაში შედარებით გამოცდილმა მორაგბეებმა დაიწყეს, მათ, რომლებმაც 20-წლამდელებთან ერთად მზადება 2017 წელს გაიარეს. ეს ხარისხზეც აისახა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 4 ლელო გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი ერთი გაუშვეს.

მეორე ტაიმში ინიციატივას "არმაზი" დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, თუმცა თავადაც ორი გაუშვა, საბოლოოდ ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გუნდმა 6:3 იმარჯვა (საკონტროლო, მართვად მატჩებში ლელოების ოდენობა ითვლება).

მაისურაძეს ამ თამაშმა ბევრი რამ დაანახა და შეცდომების გამოსწორებას, ასევე არსებულის გაუმჯობესებას შემდეგ, სამდღიან შეკრებაზე ეცდება (28-31 იანვარი), შედეგებს კი ფრანგული ტურნეს დროს დააკვირდება, რომლის ფარგლებში უმცროსი ბორჯღალოსნები მასპინძელთა 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ თამაშს გამართავენ (11 და 16 თებერვალს).

„თამაშით ნაწილობრივ კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა, რომ შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშებ და ახალ მოთამაშეებს შორის ჯერაც ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენი მიზანია, რომ ეს სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. "არმაზთან" პირველი ტაიმი შედარებით უკეთ ჩავატარეთ. დაცვაში და ბურთის მოგების ზონაში კარგად გამოვიყურებოდით. მეტი შეგვიძლია შერკინებაში და დღეს შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა ზეწოლა გააძლიერეს. გვექნება ვიდეო-განხილვა და ამის შემდეგ უფრო ბევრი რამ გამოჩნდება.

„სამუშაო პროცესი გრძელდება და თებერვალში ფრანგებთან დაგეგმილი ორი თამაში კიდევ უფრო ბევრ რამეს დაგვანახებს. ლეგიონერებიდან საფრანგეთში გელა აფრასიძე და ლუკა აზარაშვილი ვერ დაგვეხმარებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკება თედო აბჟანდაძის, ლუკა მაჭარაშვილისა და ჯემალ შათირიშვილის შესახებ“ - ამბობს მაისურაძე.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:52 | 16.01.2018
GiorgiG83 (525)

„თამაშით ნაწილობრივ კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა, რომ შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშებ და ახალ მოთამაშეებს შორის ჯერაც ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენი მიზანია, რომ ეს სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანოთ."

აი ეს ფრაზა მაფიქრებს.
ძალიან დიდი სხვაობა შარშანდელ U20 გამოვლილ ბიჭებსა და შარშან და შარშანწინ U18 და აკადემიის ისვრცე გამოვლილ ბიჭებს შორის თუ ძალიან დიდი სხვაობაა...
როგორღა მუშაობს აკადემია წარმატებით? ან რანაირად გამოდის U18 _ის მომზადების დონე მისაღები?

რაშია საქმე?

გასაგებია რომ გელა ლუკაზე და მიშიკოზე წინ იყოს მაგრამ სხვა პოზიციები, სადაც ადგილობრივ პირველობებში მოთამაშე ბიჭებს ვადრით ერთმანეთს?

11:59 | 17.01.2018
geogoli (367)

აკადემია როგორც ვიცი ახლებური მიდგომით 1-2 წელია რაც მუსაობს (ზაზა ლეჟავა რაც არის დირექტორი) და ჯერ ფიზიკურად არ ეყოლებათ 20 წლამდელი მორაგბეები, ალბათ უფრო 18 წლიანებში ვნახავთ მათ დონეს. მე პირიქით მომეწონა ეს ნათქვამი, მსოფლიო თასზე ნათამაშები მორაგბე თუ არ აღემატება მხოლოდ U18 გამომვილს კარგად არ ყოფილა საქმე. მახსოვს აბჟანდაძე ამბობდა ინტერვიუში რომ სულ სხვადასხვა რამეა U18 ევროპის ჩემპიონატი და U 20 მსოფლიოო.

16:24 | 16.01.2018
mamulo (31)

LApaata-ს მაინც ვერ გაიგე მეგობარო გეტყობა.1ლელო არის 1 და არა5.საკონტროლო, მართვად მატჩებში ლელოების რაოდენობა ითვლება და არა ქულები.არც გარდასახვები ირტყმება.ასე რომ ანგარიში 6:3-ია და არა 30-15.იმედი მაქვს ეხლა გაიგებ.

13:44 | 16.01.2018
mamulo (31)

LApaata (49)-ს პირველ ტაიმში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 4 ლელო გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი ერთი გაუშვეს. ე.ი. 4:1-პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში ინიციატივას "არმაზი" დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, თუმცა თავადაც ორი გაუშვა. ე.ი. 2:2-არის მეორე ტაიმის ანგარიში. ჯამში 4:1+2:2=6:3.ეხლა გაიგე მეგობარო?

14:51 | 16.01.2018
LApaata (115)

მადლობა მეგობარო.)) ამის შემდეგ მეცოდინება რომ მათემატიკა უნდა მოვიშველიო თუ ტაბლო მოშლილია. ე.ი. 6:3X5=30-15 ყოფილა რა.. და გარდასახვებს არ არტყავდნენ თუ 9-ჯერ გააცდინეს?

13:08 | 16.01.2018
LApaata (115)

ორჯერ წავიკითხე და ვერ მივხვდი, თუ კი 4 ლელო პატარა "ბორჯღალოსნებმა" გაიტანეს და არმაზმაც მეორე ტაიმში 2 ლელო გაიტანეს, როგორღა მორჩა 6-3 ტაბლო მოეშალათ?

0.08649