შიდა რაგბი

11:00 | 15.01.2018 | ნანახია 3420 - ჯერ

ბახვა კობახიძე: "შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ცდას არ დავაკლებთ"
"დამარცხებული გვყავს უკვე "ტიმიშოარა" და შევეცდებით, მეორედაც იგივე გავიმეოროთ. რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი."

მიმდინარე სეზონში პირველად ხდება, რომ ქართული სარაგბო კლუბი ევროტურნირებზე იღებს მონაწილეობას. "ბათუმმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპი გადალახა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სადებიუტო სეზონში წარმატებით იასპარეზა.

აჭარულმა კლუბმა პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, შაბათს საკუთარ მოედანზე "ტიმიშოარასთან" 6:11 წააგო და საპასუხო მატჩში, ნახევარფინალში გასასვლელად 5-ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა სჭირდება. "ბათუმმა" მეტოქის ერთხელ დამარცხება უკვე შეძლო და აქედან გამომდინარე, ზღვისპირელები უშანსოდ ნამდვილად არ არიან.

ქართველი გულშემატკივარი საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესით ელოდება. შესაბამისად, WorldRugby.Ge "ბათუმის" ფულბექს ბახვა კობახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც წაგებული თამაში შეაფასა და მომავალ მატჩზეც ვრცლად ისაუბრა.

- პირველ ყოვლისა, შაბათს გამართული შეხვედრა შეაფასეთ.

- რთული თამაში გამოვიდა, ამინდმა თავის როლი ითამაშა. იყო ბევრი ტექნიკური წუნი, ვერ ვშლიდით თამაშს, რაც დაგეგმილი გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდია "ტიმიშოარა". ბევრი ტრავმირებული გვყავს და იმედია მომავალი თამაშისთვის ყველა მწყობრში იქნება. ვნახოთ რა იქნება, 5 ქულა დიდი ჰანდიკაპი ნამდვილად არაა.

- ამინდი ორივე გუნდისთვის პრობლემატური იყო, მოედანიც მალევე ატალახდა და სველი ბურთის გამო გუნდებს ბურთი ხშირად უვარდებოდათ წინ. როგორ ფიქრობ, მაინც რომელ გუნდს უფრო შეეშალა ხელი ასეთ ამინდში თამაშის გამო და რატომ?

- ვფიქრობ, რომ ხელი ჩვენ უფრო შეგვიშალა. თამაშში თითქმის უბურთოდ იყო ალექს ტუჩაშვილი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ საერთოდ. იყო ხშირად უპირატესობა მესამე ზონაში, მაგრამ ვერ ვიყენებდით ისევ იმ მიზეზით, რომ ბურთი სველი იყო და ვერ ვრისკავდით გრძელ პასებს.

- რა აქვს ყველაზე მეტად ბათუმს გამოსასწორებელი მომავალი მატჩისთვის? რომელი სათამაშო კომპონენტი?

- ამის თქმა მწვრთნელებს შეუძლიათ.

- მაშინ მეტოქის ძლიერ და სუსტ მხაარებზე გკითხავ. შენი აზრით, რაშია ყველაზე მეტად ძლიერი "ტიმიშოარა" და რაშია შედარებით სუსტი?

- "ტიმიშოარა" საკმაოდ გამოცდილი გუნდია, აქვს კლუბს ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება. ჰყავს ლეგიონერები და წინა წელსაც ცოტა დააკლდათ ჩელენჯ ქაფზე გასვლამდე. რაც შეეხება სუსტ მხარეებს, წინა მატჩში მაგალითად შერკინებაში ვაჯობეთ და ამ მატჩზე რთულია დასკვნების გაკეთება. ასეთ ამინდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- წეღან ტრავმები ახსენე, როგორც ვიცი თავადაც დაზიანება გაწუხებდა. ახლა როგორ ხარ? ბოლომდე მოახერხე მომჯობინება?

- ტრავმები საკმაოდ მრავლადაა. მეც მტკივა ფეხი და გამაყუჩებლით ვთამაშობ. ტუჩაშვილმა ნეკნი იტკინა, ტარიელ დონაძემ მუხლი, მამრიკიშვილს საზარდული აწუხებს, ურჯუკაშვილს მყესები აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, ვერც რუმინეთში დაგვეხმარება. კოჭი აწუხებს თედორაძესაც, ხოლო სეზონი არც დაუწყიათ ლადო მიმინოშვილს და ბექა ტორაძეს, ორივემ ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა.

- გასულ წელს კონტინენტის ფარზე "ტიმიშოარამ" რუსთავში ასევე 5 ქულით მოუგო "კრასნი იარს", თუმცა შინ 9 ქულით წააგო და ჩელენჯ ქაფის მიღმა დარჩა. როგორ ფიქრობ, ასეთი პრობლემების მიუხედავად, შეუძლია "ბათუმს" იმის გაკეთება, რაც შარშან რუსულმა კლუბმა გააკეთა?

- ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ არის მაინც შანსი. გუნდს ჰყავს ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ლაშა ხმალაძე და კოკი თხილაიშვილი. მათზე ბევრი იქნება დამოკიდებული. თანაც, მოგეხსენებათ, რომ "ტიმიშოარა" საკუთარ მოედანზე არ თამაშობს. კლუჟის სტადიონზეა თამაში, სხვა ქალაქში. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ცდას არ დავაკლებთ. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება. დამარცხებული გვყავს უკვე "ტიმიშოარა" და შევეცდებით, მეორედაც იგივე გავიმეოროთ. რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

- დიდ 10-ში მე-5 ადგილზე ხართ, ლიდერ "აიას" 10 ქულით ჩამორჩებით პირველი წრის შემდეგ. რა არის თქვენი მიზანი მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში?

- მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. დიდი 10 საკმაოდ გაძლიერდა და დონემ საგრძნობლად აიწია. ნებისმიერმა გუნდს შეუძლია ნებისმიერს მოუგოს. 10 ქულა არ არის ბევრი, როცა მთელი მეორე წრე წინაა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

- ბოლო კითხვას დაგისვამ, რას ეტყვი იმ გულშემატკივარს, რომელსაც "ბათუმის" სჯერა და მომავალ მატჩს იმედით ელოდება?

- სეზონის წინ ალბათ არავის სჯეროდა, რომ პლეი-ოფში ვითამაშებდით, თუმცა მოვახერხეთ და გავედით შემდეგ ეტაპზე და ისევ გვაქვს შანსი, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. საშინაო თამაშებზე "ბათუმის" სტადიონი თითქმის სულ სავსეა და ეს ძალიან გვეხმარება. გულშემატკივარს ვეტყვი, სჯეროდეთ ჩვენი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:02 | 16.01.2018
qomagi (248)

წარმატებები ბიჭებო!!! ამდენი ტრავმირებული მოთამაშე რომ არა, მჯერა ბათუმი მოიგებდა, თუმცა არც ახლა ვართ უშანსოდ.

19:33 | 15.01.2018
buratino (480)

ეეჰ, გამოცდილებისა და რესურსი ნაკლებობა რომ არა, სავსებით რეალური იქნებოდა. მაინც იმედს დავიტოვებ რომ ჩვენი ბიჭები სენსაციას მოახდენენ და გავლენ შემდეგ ეტაპზე. რაგბი ხომ ჩვენი თამაშია!

17:36 | 15.01.2018
პანტელეიმონი (1218)

შეგიძლია ბათუმო ! ! !

16:59 | 15.01.2018
თორღვა პანკელი (387)

ბოლომდე იბრძოლეთ ბიჭებო და ვინ იცის, ეგებ ფორტუნას თქვენ მოეწონოთ, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.095771