შოტლანდიის ნაკრების მგეზავი ფინ რასელი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე “გლაზგო უორიორსს” დატოვებს და ფრანგულ “რასინგ 92”-ს შეუერთდება.
პარიზული კლუბის რიგებს სეზონის ბოლოს “ოლ ბლექსის” ლეგენდარული მოთამაშე დენ კარტერი დატოვებს და იაპონიაში განაგრძობს კარიერას. 25 წლის შოტლანდიელი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება.
“მე მქონდა შანსი, კიდევ ექვსი სეზონის განმავლობაში მეთამაშა “გლაზგო უორიორსში”, მაგრამ დადგა დრო, რომ ჩემი პროგრესისთვის გარემო შევიცვალო.
ყველა მორაგბის მსგავსად, ჩემი ამოცანაც გამარჯვება და ტიტულების მოპოვებაა. “რასინგ 92” ძლიერი კლუბია, რომელსაც ევროპის ჩემპიონთა თასის და ტოპ 14-ის მოგების პოტენციალი აქვს. მე მოუთმენლად ველი ახალ გუნდში თამაშს”, - ციტირებს რასელის სიტყვებს ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობისთვის, რასელი “გლაზგო უორიორის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მან ამ დროის განმავლობაში გლაზგოური კლუბის მაისურით 70-ჯერ ითამაშა და გუნდს 557 ქულა შესძინა. შოტლანდიის ნაკრებში კი 2013 წელს გამოჩნდა, 32 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 109 ქულა გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია