საერთაშორისო

3:30 | 21.11.2017 | ნანახია 5802 - ჯერ

შოტლანდია “ოლ ბლექსს” ბოლომდე ეომა, ფიჯი – ირლანდიას

უელსი – საქართველოს დაპირისპირებაზე უკვე ბევრი დაიწერა და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დაიწერება. თუმცა, ზემოხსენებული შეხვედრის გარდა, შაბათს არაერთი საინტერესო ტესტ-მატჩი გაიმართა, რომელზეც აქამდე არ გვისაუბრია და ახლა სწორედ ამას გავაკეთებთ.

ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ალბათ “მერიფილდზე” შედგა, სადაც საქართველოს ნაკრების არ იყოს, შოტლანდიასაც სულ ცოტა დააკლდა ძალიან დიდ სენსაციამდე. “ნარშავები” ახალზელანდიას დაუხვდნენ, ტოლი არაფერში დაუდეს და შეიძლება ითქვას, რომ უკეთესადაც ითამაშეს, მაგრამ კლასმა თავისი ქნა და გამარჯვება მაინც “ოლ ბლექსს” დარჩა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შოტლანდია ამ ურთულეს შეხვედრას ძალიან დიდი დანაკლისით შეხვდა. კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ, რიჩი გრეი, როს ფორდი, ალან დელი, ფრეიზერ ბრაუნი, შონ მეიტლენდი – ასეთია იმ მოთამაშეების ჩამონათვალი, რომლებიც “ნარშავებს” ვერ ეხმარებოდნენ. დანაკლისი “ოლ ბლექსსაც” ჰქონდა (ბროდი რეტალიკი, დენ კოულსი, ნეჰე მილნერ-სკადერი, ბენ სმიტი), თუმცა “შავებს” ბევრად დიდი რესურსი აქვთ და გაცილებით მეტი შემცვლელები ჰყავთ, ვიდრე შოტლანდიელებს.

“ნარშავებმა” ძალიან აგრესიულად დაიწყეს და სწრაფი თამაში შესთავაზეს მოწინააღმდეგეს, რაც თავად “ოლ ბლექსისთვისაც” კი მოულოდნელი და დამაბნეველი იყო. მასპინძლებმა საწყის წუთებში რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდ შეუტიეს და ლელოსთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერ ივარგეს და მხოლოდ 3 ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება, რომელიც მე-7 წუთზე ფინ რასელმა ჯარიმით მოიპოვა. მალევე მასპინძელთა მგეზავს კიდევ ერთი ჯარიმის გატანა შეეძლო, მაგრამ მიზანმა უმტყუვნა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფულბექი სტიუარტ ჰოგი, რომელმაც არაერთხელ მოახერხა ხაზის გაჭრა და თამაშის გამწვავება. შეტევაში კარგი თამაშის გარდა, მასპინძლები დაცვაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და ეს ყველაფერი ტაბლოზე აისახა: მრისხანე “ოლ ბლექსმა” პირველი ნახევარი კინაღამ უქულოდ დაასრულა, მხოლოდ 39-ე წუთზე გაიტანა ჯარიმა ბიოდენ ბარეტმა და ტაიმი 3:3 მორჩა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარიც ძალიან აქტიურად დაიწყეს და 43-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ზედ ორ მეტრში დაჯარიმდნენ. საპასუხოდ, “შავებმა” უმალ უმწვავესი შეტევით უპასუხეს მეტოქეს, მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და 45-ე წუთზე კოდი ტეილორმა კიდესთან ახლოს პირველი გაიტანა, რომელიც ბარეტმა ვერ გარდასახა. 51-ე წუთზე სტუმრებმა მეორე ლელოც გაიტანეს: მათ მოწინააღმდეგის 22-ში მოწოდებული დერეფანი მოიგეს და მოლი ააგორეს, შემდეგ კი ბურთი გამოიტანეს და შეტევა გაშალეს, სონი ბილ უილიამსმა კი მისთვის ჩვეულ სტილში ფეხით შეაცურა ბურთი და დამიან მაკკენზიმ მეტოქის ლელოში დაამიწა, გარდასახვა ბარეტმა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:15 გახდა.

“ნარშავები” არ დანებებულან და მძლავრად შეუტიეს, რაც 61-ე წუთზე სემ კეინის გასინბინებით დასრულდა, რომელმაც საკუთარი ლელოდან ორ მეტრში დაარღვია თამაშის წესები. მასპინძლებმა სწრაფად გაათამაშეს ბურთი და რამდენიმე მიძალება ჯონი გრეიმ დაასრულა შედეგიანად, ხოლო გარდასახვა რასელმა შეასრულა ზუსტად. 67-ე წუთზე კაცნაკლულმა სტუმრებმა კვლავ 12-ქულიანი უპირატესობა აღადგინეს: მოედნის ცენტრში დანიშნული საკუთარი შერკინება მოიგეს, ბურთი გამოიტანეს და სონი ბილ უილიამსმა ხაზის გაჭრა შეძლო, შემდეგ კი მაკკენზის ამოუგდო ოვალი, რომელმაც ბარეტს გაატანა და ამ უკანასკნელმა მშვენიერი ლელო დადო, რომელიც თავად გარდასახა.

შოტლანდიელები კვლავ აქტიურობდნენ და 70-ე წუთზე ნამდვილი შტურმი მოუწყვეს მეტოქეს, რომელიც იძულებული გახდა, რომ თავი კვლავ წესების დარღვევით დაეცვა და მეთ ქარლიმ უკვე უაიტ კროკეტი გაასინბინა. მასპინძლებმა შერკინება აირჩიეს, მაგრამ “შავებმა” რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მეტოქე ამ კომპონენტში დაჩაგრეს და დააჯარიმეს. თუმცა, “ოლ ბლექსი” კიდევ ერთ ლელოს მაინც ვერ გადაურჩა: გრეგორ თაუნსენდის შეგირდებმა ხელდახელ ბრწყინვალედ გაშალეს შეტევა, შემდეგ სტიუარტ ჰოგმა ფეხით ჭკვიანურად შეაცურა ბურთი, რომელსაც ტომი სიმურმა მიასწრო და ჰიუ ჯონსს გაატანა, ამ უკანასკნელმა კი მშვენივრად გაირბინა და მრისხანე მეტოქემ მეორე ლელო მიიღო, გარდასახვა რასელმა ზუსტად შეასრულა. შეხვედრის დასრულებამდე ძალიან ცოტაღა რჩებოდა, თუმცა შოტლანდიამ კინაღამ მოიგო: დროის გაწითლებამდე ათი წამით ადრე სტიუარტ ჰოგმა ხაზი გაჭრა, დაახლოებით ხუთი მეტოქე ჩამოიშორა და დაზღვევაზე მყოფი ბიოდენ ბარეტი რომ არა, შოტლანდიელები ისტორიას დაწერდნენ – პირველად დაამარცხებდნენ ახალ ზელანდიას, მაგრამ სტუმართა მგეზავმა იყოჩაღა და საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა – 17:22.

შოტლანდიელები კი მხოლოდ ქებას იმსახურებენ. შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად ძალიან მაგრად ითამაშეს და ისტორიულ მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდათ. მათ მეტოქეს ბურთის ფლობაშიც აჯობეს, ტერიტორიაშიც, მაგრამ “ოლ ბლექსის” კლასმა მაინც იძალა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი ჰოგი დაასახელეს.

კიდევ ერთი გამორჩეული რკენა შედგა “თვიქნემ სთედიუმზე”, სადაც ინგლისის ნაკრებმა ავსტრალიას უმასპინძლა და გამარჯვება მოიპოვა. მხოლოდ ანგარიშს თუ შევხედავთ, ვიტყვით, რომ მასპინძლებმა იოლად მოიგეს, თუმცა რეალურად ასე ნამდვილად არ ყოფილა. 72-ე წუთამდე ანგარიში 13:6 გახლდათ, გადაწყვეტილი არაფერი იყო და “წითელმა ვარდებმა” ორი ლელოს გატანა უკანასკნელ წუთებზე მოახერხეს. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა რამდენიმე საკამათო ეპიზოდში, სტუმართათვის საზიანო გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც თამაშის დასრულების შემდგომ ყურადღება გაამახვილა “ვოლაბების” მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ. ბენ ო’კიფიმ ერთ ეპიზოდში ავსტრალიას ლელო გაუუქმა და ასევე, ორი მოთამაშე მაიკლ ჰუპერი და ქერთლი ბილი გაუსინბინა. პირველმა ყვითელი ბარათების მხრივ ანტი-რეკორდი მოხსნა, ნაკრებში თამაშისას ის მერვედ გაასინბინეს და მსგავსი შედეგით, ვერცერთი სხვა მოთამაშე “ვერ დაიკვეხნის”. რაც შეეხება ბილს, აბორიგენი მორაგბე ძალიან უკმაყოფილო დარჩა მსაჯის გადაწყვეტილებით და დიდხანსაც ეკამათა, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა. ისე კი, ერთი გაშვებული ლელო სწორედ ბილის ბრალი გახლდათ.

მოკლედ, ინგლისელებმა მთლიანობაში მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს, რომელთაგან მხოლოდ ორი იქნა გარდასახული და კიდევ ორი შედეგიანი ჯარიმა დაუმატეს, საპასუხოდ კი ამდენივე ჯარიმა გაუშვეს და საბოლოოდ პრინციპულ დაპირისპირებაში 30:6 იმარჯვეს.

როგორც იქნა, იმარჯვა არგენტინის ნაკრებმა. “პუმებმა” ფლორენციაში იტალიის ნაკრებს სძლიეს და 2017 წელს მხოლოდ მეორე გამარჯვება იზეიმეს (ის ერთი საქართველოს მოუგეს 45:29). პირველი ნახევარი “აძურის” მინიმალური გამარჯვებით 9:8 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისიც თანაბარი გამოდგა: სტუმართაგან ნიკოლას სანჩესმა სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც მასპინძლებმა კანას ჯარიმით და ვიოლის არეკნით უპასუხეს, 68-ე წუთისთვის ანგარიში 15:17 გახლდათ, მაგრამ დასკვნით ათ წუთში არგენტინელებმა მეტოქეს აჯობეს, ორი გარდასახული ლელო გაუტანეს და შეხვედრა 15:31 დასრულდა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები რომ ცუდ დღეშია, ახალზელანდიასთან (0:57) და ირლანდიასთან (3:38) განცდილმა გამანადგურებელმა მარცხებმა დაგვანახა, თუმცა როგორც ჩანს საფრანგეთი კიდევ უფრო უარეს დღეშია, რადგან 2017 წელს “ქურციკებთან” უკვე მეოთხედ დამარცხდნენ. “სტად დე ფრანსზე” გამართული დაპირისპირება თანაბარი გამოდგა, თუმცა სტუმრებს უფრო გაუმართლათ და მინიმალური სხვაობით 18:17 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების მსგავსად, სენსაციასთან ახლოს იყო კიდევ ერთი მეორე დონის გუნდი. საუბარია ფიჯის ნაკრებზე, რომელიც “ავივა სთედიუმზე” ირლანდიის ნაკრებს ეთამაშა და 3-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. პირველ ნახევარში “სამყურებმა” სამი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს, რასაც ფიჯელებმა ერთი გარდასახული ლელოთი და ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 17:10 დასრულდა. მეორე ნახევარი სტუმართათვის მშვენივრად დაიწყო, კირნის მიერ გაკეთებული გადაცემა ნაგუსამ ჩაჭრა, ნახევარი მოედანი გაირბინა და ოვალი მეტოქის ლელოში დაამიწა, გარდასახვა კი ბენ ვოლავოლამ ზუსტად შეასრულა. 66-ე წუთზე იან კიტლიმ ჯარიმა გაიტანა, რასაც სამ წუთში ვოლავოლამ ასევე ჯარიმით უპასუხა და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 20:20 გახლდათ, თუმცა 73-ე წუთზე კიტლიმ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა – 23:20.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს უმთავრესმა მეტოქემ რუმინეთის ნაკრებმა შინ სამოა მიიღო და მძიმე გამარჯვება მოიპოვა. ოკეანელები 55-ე წუთამდე 13:3-ს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ “მუხები” სამოას მეორედ შეხვდნენ და ორჯერვე იმარჯვეს.

2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძელმა იაპონიის ნაკრებმა ტულუზაში ტონგა დაჩაგრა და 39:6 დაამარცხა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების წინა და მომავალ მეტოქეებს: კანადამ მადრიდში ესპანეთს 37:27 სძლია, ხოლო აშშ-მ ვისბადენში გერმანიას 46:17 მოუგო.

ბელგიის ნაკრები ბრიუსელში ბრაზილიასთან 19:23 დამარცხდა და ეს სტუმართათვის პირველი გამარჯვება გახლდათ ევროპაში, ხოლო მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქემ, ურუგვაის ნაკრებმა გასვლაზე ნამიბიას 52:36 მოუგო.

შემოდგომის ტესტები, V კვირა

იტალია - არგენტინა 15:31 (9:8)

ბელგია - ბრაზილია 19:23

კანადა - ესპანეთი 27:37 (17:17)

ნამიბია - ურუგვაი 36:52 (17:31)

ინგლისი - ავსტრალია 30:6 (6:0)

გერმანია - აშშ 17:46 (10:13)

რუმინეთი - სამოა 17:13 (3:10)

იაპონია - ტონგა 39:6 (27:6)

შოტლანდია - ახალი ზელანდია 17:22 (3:3)

ირლანდია - ფიჯი 23:20 (17:10)

საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა 17:18 (7:8)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:58 | 23.11.2017
LApaata (115)

ასეთი ძლიერი შოტლანდი მე არ მახსოვ რაც რაგბს უყურებ. ძალიან ცოტა დააკლად შავების დასამარცხებლად და შემეცოდნენ სქოტები. არა და იმსახურებდნენ !

13:08 | 21.11.2017
ICEMAN (162)

რეალურად ჩვენ ბიჭებს ძალიან აქვთ მომატებული თუმცა მთლად იმ დონეზე ჯერ არ ვართ როგორც ჩანს, რეალურად მეორე დონეზეც კი ჯერ კიდევ არის რამდენიმე ნაკრები რომელიც ჩვენზე ძლიერია, თუნდაც იაპონია და ფიჯი. ფრთხილად უნდა ვიყოთ ამერიკასთან რადგან კანადა ძალიან სუსტია და ამერიკა გაცილებით მაგრად დაგვიდგება.

16:01 | 21.11.2017
პანტელეიმონი (1218)

იაპონიაზე ვერ დაგეთანხმები რომ ჩვენზე ძლიერია, შარშან თბილისში ბოლომდე ჩვენი იყო თამაში და ჩვენი უპირატესობა აშკარად ჩანდა, თუმცა სულელურმა შეცდომამ წაგვაგებია ის მატჩი. რა თქმა უნდა მათ მუდმივი პროგრესი აქვთ (ძირითადათ ნატურალიზირებული რაგბისტების ხარჯზე), თუმცა ჩვენც არ ვდგავართ ერთ ადგილზე და ვაგრძელებთ განვითარებას.
რაც შეეხება ფიჯის, შარშან მათაც შევხვდით და ვფიქრობ გვაქ უპირატესობები რასაც მათთან გამოვიყენებთ და ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მაქვს მილტონ ჰეიგის იმედი, რომელიც კარგათ იცნობს კუნძულელებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამარჯვების გასაღებს გამოჭედავს.
ზოგადად ერთი რამის თქმა შეიძლება, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების წინაშე დგას იაპონლების, კუნძულელების, კანადის და აშშ -ს ნაკრებების გა-რუსეთ-რუმინეთების ამოცანა.

17:11 | 23.11.2017
LApaata (115)

იაპონია მგონი უფრო ახლოა პირველლი დონის გუნდებთან თავისი სწრაფი თამაშით ვიდრე ჩვენ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ბიძგს მისცემს იაპონიას წინსვლისათვის და ვინ იცის იქნებ თავის მიღწევით 4 ერიშიც გაწევრიანდნენ. ამას იაპონიის ეკონომირი სიძლიერეც დაეხმარება, აი ჩვენ კი რამე სხვა უნდა ვიფიქროდ ვიდრე 6 ერში გაწევრიანება. მაგალითად ფიჯი, სამოა, ტონგა, აშშ, კანადა და ჩვენ. თუ იგივე იაპონიაც იქნება უფრო კარგი. ამ ქვეყნებტან უნდა გვქონდეს დიალოგი და მსოფლიო რაგბის მამებთან, ადრე მგონი ითქვა ამაზე მარა დავიწყებას მიაცა ყველაფერი.

14:40 | 21.11.2017
giogobi (68)

ძალიან აქვთ მომატებული, არ გახსოვთ რამდენჯერ უვარდებოდათ შეტევაში ხელიდან ბურთი? რა შედარებაა

10:53 | 21.11.2017
buratino (480)

სტიუარტ ჰოგისნაირი ერთი უკანახაზელი მაინც რომ გვყავდეს, პირველი დონის ნაკრები ვიქნებით

09:41 | 21.11.2017
geogoli (367)

შოტლანდიამ ყველაფერი გააკეთა მოსაგებად მაგრამ ეტყობა თვითონაც ვერ დაიჯერეს ბოლომდე. ჰოგი ძალიან მაგარი ბიჭია, მე პირადად ყველა 15 ნომერს მირჩევნია. ისე აწიოკებდა ზელანდიის უკანახაზელებს რო არ შეიძლებოდა არ აღფრთოვანებულიყავი.
ავსტარალია - ინგლისი მატყუარა ანგარიშია, იმედგაცრუებულ კენგურუებს დაუდეს ბოლოს ლელოები.
ნუ ინგლისი უკვე სხვა დონეზე გავიდა და მგონია რო ზელანდიასაც მოუგებს რო შეხვდეს. ის პატარა კაცი სასწაულმოქმედი მწვრთნელია.
პ.ს ირაკლის მადლობა

09:35 | 21.11.2017
BEERTRANCE (1073)

მაგარი რთული ჯახი გვექნება ფიჯისთან

06:46 | 21.11.2017
ogafa (407)

....

0.158502