ბორჯღალოსნები

15:51 | 7.11.2017 | ნანახია 2053 - ჯერ

"თეგეტა მოტორსი" "ბორჯღალოსნებს" დაუმეგობრდა

კომპანია „თეგეტა მოტორსსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც „თეგეტა მოტორსი“ ბორჯღალოსნების პარტნიორი გახდა.

ხელშეკრულებას ხელი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძემ მოაწერეს.

გოჩა სვანიძემ „თეგეტა მოტორსს“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება:

„საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას და ყოველგვარ მხარდაჭერას. კომპანია „თეგეტა მოტორსი“ არის მზარდი, სერიოზული რეპუტაციის მქონე კომპანია და მოხარულები ვართ რაგბში მისი ჩართულობით. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. ეს თანადგომა კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას“.

გიორგი მშვილდაძემ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და „თეგეტა მოტორსი“ ქართულ რაგბს გვერდში მომავალშიც დაუდგება:

„ძალიან გვახარებს ქართველი მორაგბეების წარმატება და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს საშუალება მცირედი წვლილი შევიტანოთ მის წარმატებულ მოღვაწეობაში. მიმაჩნია, რომ ყველა კომპანიამ, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ წარმატების გამყარებაში. ჩვენი თანადგომა ერთჯერადი არ იქნება და ქართულ რაგბს მხარში მომავალშიც დავუდგებით. მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებს წლის ბოლომდე დარჩენილ მატჩებში და მწამს, რომ სულ მალე მორიგი დიდი მიღწევის მომსწრენი გავხდებით“.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა „თეგეტა მოტორსს“ ბორჯღალოსნების ხელმოწერებით დამშვენებული სათამაშო კვართი გადასცა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:00 | 07.11.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.150231