თბილისის ‘ლოკომოტივმა’ ქუთაისში ‘ბაგრატს’ 7 ლელო გაუტანა, 45:10 დაამარცხა და ბონუს-ქულაც მოიპოვა. რკინიგზელები დროებით მეორე ადგილზე აღზევდნენ და ახლა კონკურენტების შედეგებს ელიან.
სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შკინინმა, რომელმაც მასპინძლებს სამი ლელო გაუტანა და ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვეთა დავაში 7 ლელოთი დაწინაურდა.
‘ლოკომოტივმა’ ანგარიში დებიუტშივე გახსნა, ჯარიმა კარში არ დაარტყა, დერეფნიდან მოლი ააგორა და ბურთი გურამ გოგიჩაშვილმა დაამიწა. სტუმრებს, რომლებიც ქუთაისში ბონუსით მოსაგებად ჩავიდნენ, მეორე ლელოს გასატანად 20 წუთი დაჭირდათ. ვახტანგ კავთიძის გადაცემის შემდეგ, შკინინმა ხაზი კარის წინ გაჭრა და სალელოვე პასის ავტორმა გარდასახვა გაიტანა. 2 წუთში თბილისელებმა თავისი ნახევრიდან ხელდახელ შეუტიეს, კავთიძემ ცენტრში მაღალ სიჩქარეზე გაჭრა ხაზი და ბოლომდე ირბინა - 19:0.
33-ე წუთზე ‘ბაგრატმა’ თავისი პირველი ლელო გაიტანა. მათ დერეფანში კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ბურთი ზაურ სართანიამ დაამიწა. ‘ლოკომოტივმა’ ბონუს-ქულისთვის საჭირო ლელოთა სხვაობა მალევე აღადგინა. მასპინძლები სტუმრებს შერკინებაში ვერ დაუდგნენ, საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და ტაიმი 26:5 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ბაგრატმა’ 5-მეტრა დერეფნიდან მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად ქუთაისელებმა მოლი დააყენეს და შეტევა ბაკურ გოშაძემ დაასრულა. ‘ლოკომოტივმა’ გიორგი გეგიას ლელოთი 62-ე წუთზე უპასუხა, მატჩის მიწურულს კი, შკინინმა მცველს მაღალ სიჩქარეზე ორჯერ შემოურბინა და სტუმრებს 45:10 მოაგებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღემდე მგონია, რომ 2014 დან (როცა შკინინისთვის ნაკრების კარი დაიკეტა) ვინც ფრტაზე გამოიცადა ბევრს დღესაც სჯობია
+1