სიახლეები

14:23 | 30.10.2017 | ნანახია 1639 - ჯერ

აღმოსავლეთის დომინირებით

საქართველოში ტურნეს მართავს უელსური კარდიფ ბლუზის აკადემიის გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებს მარტყოფში მიმდინარე აკადემიების ოთხთა ტურნირში. ულელსელებს საქართველოში ეროვნული სარაგბო აკადემიის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდები დაუხვდნენ. პირველ სათამაშო დღეს აღმოსავლეთის ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების გეგმის თანახმად, ქვეყნის 15-წლამდელთა ერთი ნაკრების ნაცვლად, ეროვნული აკადემიის ბაზაზე რამდენიმე გუნდი ყალიბდება და მათთან სათამაშოდ ყოველ წელს უცხოურ გუნდებს იწვევენ. საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას, მოხდა შეთანხმება უელსის უძლიერესი, ‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიის ხელმძღვანელობასთან და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წელს საქართველოს კარდიფელები ეწვივნენ.

ეროვნული აკადემიის ბაზაზე სამი გუნდი გაკეთდა - ორი აღმოსავლეთის („შევარდენის“ და „ხვამლის“ სტადიონზე მოვარჯიშე ბიჭებისგან) და ერთი დასავლეთის. ეს 4 გუნდი ერთმანეთში ითამაშებს და ტურნირის გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელსაც 2 ნოემბრისთვის ყველაზე მეტი ქულა ექნება.

გამარჯვებისთვის თითოეული გუნდი 4 ქულას იღებს, ფრეზე - 2, მეტოქის სამი და მეტი ლელოს სხვაობით დამარცხებისთვის, ან 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის კი, თითო ბონუს ქულას.

ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთის 2-მა უელსურ ‘კარდიფ ბლუზს’ პირველ ტაიმში 3 უპასუხო ლელო გაუტანა და 24:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა თამაშის ტაქტიკა შეცვალეს და სამი ლელო თავად გაიტანეს, მაგრამ აკადემიელებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს - 30:17.

თამაშმა გულშემატკივარში დიდი ინტერესი გამოიწვია. მარტყოფის სტადიონზე იყვნენ სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ვიცე-პრეზიდენტები, ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები. ახალგაზრდა მორაგბეებმა ქომაგებს იმედი არ გაუცრუეს და ორი ლამაზი სანახაობა შესთავაზეს.

პირველი თამაში მაღალ ტემპში დაიწყო. უელსელები სისწრაფით და ხელის ტექნიკით გამოირჩეოდნენ. სტუმრებმა იმძლავრეს შერკინებაშიც, თუმცა აკადემიელები პირველ ტაიმში სრულად დომინირებდნენ რაქში და რამდენჯერმე მეტოქის ბურთიც წამოიღეს. ისინი კარგად შლიდნენ ბურთს და რომ არა უნებლიე შეცდომები, პირველ ტაიმში უფრო მეტი ლელო გავიდოდა.

საწყისი უიღბლობების შემდეგ, მე-15 წუთზე ყველაფერი კარგად გამოვიდა, მორკინალების რამდენიმე მიძალების შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და კარგი ოფლოუდის შემდეგ ანგარიში კობა ირემაშვილმა გახსნა, ხოლო ნიკა ცინცაძემ გარდასახა. მე-20 წუთზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს სამი ქართველი კარგად მიყვა, მეტოქეს ჯარიმა ააღებინა და კარის წინიდან ირემაშვილმა გაიტანა, რომელმაც დარტყმის უფლება გადაიბარა.

26-ე წუთზე დერეფნიდან კიდევ ერთი კარგი შეტევა განხორციელდა, მოლის იმიტაციას მორკინალების ორი მიძალება მოყვა, ბურთი ხაზზე გავიდა, სადაც შუამარბებმა კომბინაცია გაითამაშეს და ლელოში მგეზავი ცინცაძე შეუშვეს. ტაიმის მიწურულს ‘კარდიფის’ ფულბეკმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიჭირა და სტუმრებს ბესო თაყნიაშვილმა მესამე ლელო გაუტანა - 24:0.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. უელსელებმა რაქში თამაში გამოასწორეს, ბურთზე კონტროლი დაამყარეს და თამაშის გადასარჩენად გაიწიეს. 25-ე წუთისთვის მეტოქემ მეორე ლელო გაიტანა და რადგან ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო, სხვაობა 12 ქულამდე დავიდა. ასეთ სიტუაციაში ირემაშვილმა ჯარიმა კარში დაარტყა და მეტოქეს ამოცანა დაუმძიმა. ‘კარდიფმა’ მესამე ლელო რომ დადო სათამაშოდ 1 წუთი რჩებოდა და სხვაობა 10 ქულა იყო. საფინალო სასტვენამდე ისინი კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, ირემაშვილი კვლავ ზუსტი იყო და აკადემია2-მა უელსელებს 30:17 მოუგო.

ნამატჩევს ‘კარდიფ ბლუზის’ მწვრთნელმა ლეიგ მედლიკოტმა დაადასტურა, რომ თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა:

„დიახ, ეს ის გუნდია რომელმაც უელსის აკადემიების ჩემპიონატში სამივე თამაში მოიგო. ჩვენ უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვედი, მაგრამ მეტოქეს ფიზიკურად ძლიერი ბიჭები ყავდა და პირველ ტაიმში რაქებში დავიჩაგრეთ. ამას არ ველოდით, თუმცა ესაა ერთი ნაბიჯი და გპირდებით, მეორე თამაშისთვის უკეთ მოვემზადებით“.

უელსელები კმაყოფილი იყვნენ მარტყოფის ბაზით, სადაც ისინი ცხოვრობენ და ზოგადად საქართველოში სტუმრობით:

„ბედნიერი ვარ საქართველოში ჩამოსვლა რომ მომიწია. აქ საუცხოო ბაზაა და ყველანაირი პირობა გუნდის მოსამზადებლად. პერსონალიც შესანიშნავია და ყველასგან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ“.

‘კარდიფ ბლუზის’ აკადემია მეორე თამაშს 31 ოქტომბერს, 13 საათზე დასავლეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს, 15 საათზე, აღმოსავლეთ ფილიალის გუნდები ერთმანეთში ითამაშებენ.

აღმოსავლეთისა (შევარდენი) და დასავლეთის ფილიალების შეხვედრა კიდევ უფრო კარგი საყურებელი გამოდგა: მაღალი ტემპი, თავდაუზოგავი ორთაბრძოლები, ხელდახელ ბურთაობა და ლელოები - ამ ყველაფერმა მაყურებელი კმაყოფილი დატოვა.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, დასავლეთელებმა ბურთი ფლანგზე ჩაათამაშეს, შემტევი წითელ ზოლში შებოჭეს, მაგრამ დახმარებამ არ დაიგვიანა. მეორე ლელო მხოლოდ 22-ე წუთზე გავიდა და თავი კვლავ დასავლეთმა გამოიჩინა. სწრაფი, ფეთქებადი შეტევისას ხაზი სამჯერ გაიჭრა და ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო - 12:0.

ამის შემდეგ აღმოსავლეთის დრო დადგა. მათ დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს და პირველ ჯერზე ლელოში შესულ მოთამაშეს ბურთში ჩაუჯდნენ, მაგრამ შემდეგ 5-მეტრა შერკინებას ლელო-გარდასახვა მოყვა. ამან აღმოსავლეთი კიდევ უფრო გამოაცოცხლა, მათ ტემპს უმატეს, ფლანგებზე ორჯერ შექმნეს უპირატესობა და ლამაზი ლელო გავიდა. გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 14:12 დასრულდა.

მეორე ტაიმი აღმოსავლეთის შეტევებით დაიწყო, ბურთი ფლანგზე ჩათამაშდა და სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა. აღმოსავლეთი სრულად დაეუფლა უპირატესობას და 56-ე წუთზე მეოთხე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა გატანილი ჯარიმის შემდეგ დასავლეთს მატჩის გადასარჩენად ორი გარდასახული ლელოც აღარ ჰყოფნიდა. მათ ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს და აღმოსავლეთმა 27:12 იმარჯვა.

29 ოქტომბერი. მარტყოფი

აღმოსავლეთი 2 - კარდიფი 30:17

აღმოსავლეთი 1 - დასავლეთი 27:12

1. აღმოსავლეთი 1 - 4 (+15)

2. აღმოსავლეთი 2 - 4 (+13)

3. კარდიფი - 0 (-13)

4. დასავლეთი - 0 (-15)

31 ოქტომბერი

დასავლეთი - კარდიფი (13 საათი)

აღმოსავლეთი 1 - აღმოსავლეთი 2 (15 საათი)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:05 | 30.10.2017
temuchin (431)

დასწრება თავისუფალია თუ იცით?

0.125265