შეცვლაზე შესულმა ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ოთარ ბარკალაიამ, ბოლო წუთზე გატანილი არეკნით დიდი 10-ის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ‘ლელო-სარასენსს’ ‘ბათუმთან’ 28:25 მოაგებინა.
გადაჭედილ ‘ლელო არენაზე’ გამართული მატჩი დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე ვალმოხდილი ზღვისპირელები ახლაც კარგად გამოიყურებოდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში 6 ქულა მიიღეს და მხოლოდ სატურნირო ბონუსს დასჯერდნენ.
‘ბათუმმა’ თამაში აქტიურად დაიწყო და ლელოს გატანა დებიუტშივე შეეძლო, მაგრამ ჯერ შემტევს ლელოში ჩაუჯდნენ ბურთზე, მერე ალექსი ტუჩაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ზედ ალამთან მოხსნა, მაგრამ მისი ლელოში დამიწება ვეღარ მოახერხა. სტუმრებმა აღებული ტემპი არ დააგდეს და მე-14 წუთზე ანგარიში გახსნეს. მათმა მოლმა დაახლოებით 15 მეტრი იარა, რაქიდან ბურთი ‘ლელოს’ აღზრდილმა სანდრო ქოიავამ აიტაცა, ლელოში გადაწვა და მშიბლიური გუნდი დაალელოვა. ბექა ურჯუკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა.
ტაიმის შუაში მასპინძლები მეტოქის 22-ში შევიდნენ, იქ სტუმრები მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ და ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმა გაიტანა. ‘ბათუმი’ შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა და 31-ე წუთზე ამით ისარგებლა. 5-მეტრიან შერკინებაში ‘ლელო-სარასენსი’ ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.
მაგრამ დასკვნით 10 წუთში ზღვისპირელები დისციპლინამ დააღალატა. ისინი რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და ყიასაშვილმა 3 ჯარიმით წონასწორობა აღადგინა - 12:12. გარდა ამისა, სტუმართა გარემარბი ტუჩაშვილი და კვაჭი ბექა მამრიკიშვილი სინბინით დაისაჯნენ და ‘ბათუმი’ მოედანზე 7 წუთით 13 კაცის ამარა დარჩა.
‘ლელო-სარასენსმა’ რიცხობრივი უპირატესობა ქულებში მეორე ტაიმის დებიუტში ასახა. მასპინძლებმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეუტიეს და 22-ში ჩავიდნენ, ფეხით ჩაკიდებული ბურთი სტუმრებმა აუტში გადაგზავნეს, მაგრამ მასპინძლებმა ის სწრაფად დააბრუნეს თამაშში, ლევან პაპიძე ლელოსთან შეაჩერეს, თუმცა ‘ბათუმელებმა’ დაცვა ვერ დააწყეს და ბექა მამუკაშვილი ძელებსშუა გაძვრა. ყიასაშვილმა გარდასახა და ‘ლელო-სარასენსი’ 19:12 დაწინაურდა.
‘ბათუმმა’ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და არც შემცდარა. 52-ე წუთზე, როდესაც სტუმრები მოედანზე სრული შემადგენლობით იყვნენ, მათ 5-მეტრა შერკინებაში მეტოქე კიდევ ერთხელ დაჯაბნეს და საჯარიმო ლელო მეორედ გამოიმუშავეს. ამას სინბინიც მოყვა და ‘ლელო-სარასენსმა’ 10 წუთით ბურჯი ნიკა სვიმონიშვილი დაკარგა.
ტაიმის შუაში კობახიძემ და ყიასაშვილმა ჯარიმები გაცვალეს. საყაიმო ანგარიში 75-ე წუთამდე შენარჩუნდა. მერე კობახიძემ ცენტრიდან გატანილი ჯარიმით ‘ბათუმი’ ერთხელაც დააწინაურა, ყიასაშვილმაც არ დაახანა და 2 წუთში უპასუხა, ბოლო შეტევისას კი, ბარკალაიამ 25 მეტრიდან არეკნი გაიტანა და ‘ლელო-სარასენსს’ 28:25 მოაგებინა.
ამრიგად, თბილისელებმა 4 ქულა აიღეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდნენ, ხოლო ‘ბათუმი’ ბონუსს დასჯერდა და მე-6 ადგილზეა.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"დიდი 10"