შიდა რაგბი

21:00 | 29.10.2017 | ნანახია 1288 - ჯერ

დიდი 10 | ლოკომოტივი 45:25 არმაზი

მარნეულის ‘არმაზმა’ ‘ლოკომოტივს’ პირველი ტაიმი 13:10 მოუგო და საათის თავზე ლიდერობას ინარჩუნებდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 4 ლელო გაუშვა და 25:45 დამარცხდა.

რკინიგზელებმა სამი ლელო მიიღეს, პასუხად 7 გაიტანეს და ლელოუხვ მატჩში მოგების ბონუსიც აიღეს. ‘ლოკომოტივი’ დიდ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში და ხაზითაც კარგად უტევდა. ‘არმაზმა’ აქცენტი ხელდახელ თამაშზე გააკეთა, პირველ ტაიმში ეს კარგად გამოსდიოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უფრო ძლიერი ‘ლოკომოტივი’ აღმოჩნდა.

‘ავჭალაზე’ გამართული მატჩის დებიუტი სტუმრების იყო. მათ პირველივე შეტევისას ფაზები კარგად ააწყეს, გოგა ხუროშვილი მბოჭავს კარის წინ ამოუხტა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. ბექა ფრუიძემ გარდასახვა გაიტანა და მე-17 წუთამდე მონაგარი კიდევ 2 ჯარიმით გაზარდა.

‘ლოკომოტივმა’ ლელოზე ლელოთი მე-4 წუთზე უპასუხა, თავი შეცვლაზე შესულმა გიორგი ჩახვაძემ გამოიჩინა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მასპინძელთა მეორე ლელო 25-ე წუთზე გავიდა. რკინიგზელებმა ჯარიმის კარში დარტყმა იუარეს, 5-მეტრიანი შერკინებიდან მეტოქე დაძრეს და ვახტანგ ამირანაშვილმა გუნდს 5 ქულა შესძინა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო.

ლელოს ეპიზოდში ‘არმაზის’ ფლანკერი ბექა გუგეშაშვილი სინბინით დაისაჯა, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ მეტობით ვერ ისარგებლა. ამ პერიოდში მარნეულელებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლეს და ფრუიძემ 45 მეტრიდან ჯარიმა ააცილა, ხოლო ტაიმის მიწურულს ‘ლოკომოტივმა’ 10 წუთით გიგა გაგოშვილი თავად დაკარგა.

მეორე ტაიმში თბილისელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, მაგრამ შეცდომები დაუშვეს და კონტრშეტევები მიიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი შედეგიანი აღმოჩნდა. ‘არმაზმა’ ჩვეულ სტილში, სწრაფი პასებით ფლანგზე მეტობა შექმნა და ლელოში ოთარ მინაშვილი შევიდა, რის შემდეგაც მარნეულელების უპირატესობა 8-ქულიანი გახდა - 18:10.

‘ლოკომოტივმა’ აქცენტი ძალაზე გააკეთა და 57-ე წუთზე შედეგიც მიიღო. მასპინძლების მიერ აგორებულ მოლს მარნეულელებმა ვერაფერი მოუხერხეს და ბურთი დავით ხიდეშელმა დაამიწა, ხოლო ვახტანგ კავთიძემ ამჯერად ზუსტად გარდასახა. 65-ე წუთზე ხიდეშელმა რაქიდან მოიპარა ბურთი და ლელოში გადადო, რითაც თავად დუბლი შეასრულა, ხოლო საკუთარი გუნდი ამ მატჩში პირველად დააწინაურა, კავთიძემაც ზუსტად გარდასახა.

‘არმაზმა’ დიდი მონდომებით შეუტია, მაგრამ ბურთი დაკარგა და სწრაფი კონტრშეტევა მიიღო, ფლანგზე გიორგი შკინინი გაიქცა და მას ვეღარავინ დაეწია. თამაში რომ განახლდა სტუმრებმა რაქში დაკარგეს ბურთი, კონტრშეტევისას დაჯარიმდნენ, თუმცა ლელოს ვერ გადაურჩნენ: დერეფანს რამდენიმე დარტყმა მოყვა და ლელოში ლაშა ფოფხაძე შევიდა, ხოლო კავთიძემ საბოლოოდ გაისწორა მიზანი და ეს რთული გარდასახვაც გაიტანა.

ტაიმის ბოლოს ‘ლოკომოტივმა’ 22-ის ხაზიდან, დერეფნიდან შეუტია, უკანახაზელებმა მაღალ სისწრაფეში ბურთი კარგად გაითამაშეს და ლევან გოგოლაშვილმა ალამთან გიორგი ჩახვაძე შეუშვა. კავთიძემ ესეც გარდასახა. ბოლოსწინა წუთზე ‘არმაზმა’ თავისი მესამე ლელო გაიტანა - ლუკა დვალიშვილმა ბურთი ფეხით ლელოში ჩაკიდა და იქ მას ოთარ მინაშვილი დახვდა, ხოლო ბექა ფრუიძის გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 45:25 ‘ლოკომოტივის’ სასარგებლოდ.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100921