ქვეყნის ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’, დიდი 10-ის მე-7 ტურის პირველ მატჩში ‘აკადემიას’ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით აჯობა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა.
დიდი 10 ევროტურნირების მატჩებით გამოწვეული სამკვირიანი შესვენების შემდეგ ‘ავჭალაზე’ დაბრუნდა. ძლიერმა ქარმა მის მსვლელობას კვალი დაატყო, თუმცა მაყურებელი მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან იყო დაძაბულობა და ბრძოლა უკანასკნელ წუთამდე. ‘ჯიქი’ 1 საათის განმავლობაში სულ ორჯერ შევიდა მეტოქის 22-ში და ორივეჯერ ლელო გაიტანა. გორელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ამის გამო მარცხთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ სოსო მათიაშვილის 18 ქულა ამაო აღმოჩნდა, რადგან დასკვნით წუთებში ჩემპიონმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და სასწორი თავის სასარგებლოდ გადაწონა.
თამაში ‘ჯიქის’ იერიშებით დაიწყო და სტუმართა გამუდმებულმა შეტევებმა შედეგი მე-6 წუთზე გამოიღო. მამუკა ნინიძემ ფლანგზე იოლად გაჭრა ხაზი და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რის შემდეგაც ლელოს ავტორს გარდასახვის შესრულება აღარ გაჭირვებია. თამაში რომ განახლდა ‘აკადემია’ მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და ახლა მათ გამუდმებულ შეტევებს მოყვა შედეგი, ოღონდ ჯარიმის სახით, რომელიც კარის წინიდან სოსო მათიაშვილმა გაიტანა. სამ წუთში მათიაშვილმა შორიდანაც ზუსტად დაჰკრა და 23-ე წუთისთვის სხვაობა მინიმუმამდე დავიდა - 6:7.
‘ჯიქმა’ ინიციატივის დაბრუნება სცადა და თითქოს ეს მოახერხა კიდეც, მაგრამ მეტოქის ნახევარზე დაჯარიმდა, მათიაშვილმა ზურგ ქარის იმედად კარში დარტყმა გადაწყვიტა და 55 მეტრიდან მასპინძლები დააწინაურა. 32-ე წუთზე ბორჯღალოსანმა ცენტრიდან სცადა მორიგი 3 ქულის აღება, თუმცა ამჯერად მიზანი ვერ გაისწორა. ტაიმის ბოლოს სოსომ მეხუთე ცდიდან მეოთხე დარტყმა გაიტანა, საშუალო დისტანციიდან და ტაიმი 12:7 დასრულდა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად, ‘ჯიქის’ ლელოთი დაიწყო. გორელები ორი ჯარიმით მეტოქის 5-მეტრიან ზოლთან მივიდნენ, მათ მოლს აკადემიელები თითქოს კარგად დაუხვდნენ, მაგრამ გიორგი მჭედლიშვილს ყურადღება ვერ მიაქციეს და ის ლელოში შეიჭრა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ანგარიში საყაიმო დარჩა. მათიაშვილმა მასპინძლებს 2 წუთში დაუბრუნა უპირატესობა და ამჯერადაც ჯარიმა გაიტანა. 58-ე წუთზე მან უკვე ცენტრიდან კარში ქარის საწინააღმდეგოდაც დაარტყა და ‘აკადემია’ 18:12 დააწინაურა.
‘ჯიქმა’ ძალები მოიკრიბა და სალელოვედ შეუტია. პირველ ჯერზე მათ წითელ ზოლში ბურთი დაკარგეს, მეორე შემთხვევაში მოლი წესების დარღვევით ლევან ლომაურმა შეაჩერა და სინბინით დაისაჯა, 70-ე წუთზე კი, მოლი ლელოთი გიორგი ჭყოიძემ დაასრულა და ნინიძემ ზუსტი გარდასახვით გორელები დააწინაურა. მათიაშვილმა 75-ე წუთზე 45 მეტრიდან სცადა გატანა, მაგრამ თამაშში მეორე ჯარიმა გაუცუდდა. დასკვნით წუთებში ‘ჯიქმა’ მოახერხა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა - 19:18.
ამრიგად, გორელებმა მინიმალური სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, სამი უპასუხო ლელოსთვის ბონუს-ქულაც მიიღეს. ‘აკადემია’ მიმდინარე სეზონში მეშვიდედაც დამარცხდა, თუმცა კვლავ შეძლო ნუგეშის ქულის აღება და ბოლოსწინა ადგილზე რჩება.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1