14:26 | 27.10.2017 | ნანახია 893 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ტიტულისთვის კვლავ ‘ლელო’ და ‘აია’ იბრძოლებენ

მესამე მასივში, ‘ლელოს’ სარაგბო არენაზე ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიჯრით მესამე შეხვედრა სრული ანშლაგით ჩატარდა. ამჯერად ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის პირველ ფინალისტს ‘ლელოსა’ და ‘იუნკერი ჩოხოსნების’ დაპირისპირება არკვევდა.

ორივე გუნდმა სრულ საბრძოლო შემადგენლობას მოუყარა თავი. გამონაკლისს მხოლოდ კიკეთელთა ტრავმირებული ფრთის მოთამაშის შოთა სეფაშვილის არყოფნა შეადგენდა. ‘ლელო’ მთავარი კოზირის-მძლავრი მორკინალების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას თავიდანვე დაეშურა. ჩემპიონს ლიგაში საუკეთესო შერკინება ჰყავს, რომელიც ამავდროულად 18-წლამდელთა ნაკრების ბირთვსაც შეადგენს. მიხეილ სუჯაშვილის გუნდს დიდად წაადგა დროულად გამოჯანმრთელებული ჰუქერის სოსო ჭყოიძის დაბრუნება. ჭყოიძე, 2 ძალისმიერ ლელოსთან ერთად საკუთარ გუნდში ერთი-ერთი საუკეთესოც გახლდათ. ‘იუნკ’ ჩოხოსნების რიგებში კი ფეხმარდი და ტექნიკური კოტე მარჯანიშვილი გამოირჩა.

სწორედ უმცროსი ‘მარჯანას’ დუბლით კიკეთელები მატჩში ბოლოჯერ, ტაიმის მიწურულს 16:14 დაწინაურდნენ, თუმცა ‘იუნკერებმა’ გიორგი ენუქიძისა და ზურა მოგელაძის მთავარი დავალება ვერ შეასრულეს და ფეხით თამაშით, სწრაფი გარემარბების გარღვევის ხარჯზე სასურველი შედეგი ვერ ჰპოვეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა სასტარტო მღელვარება ვერაფრით დაძლია, რის გამოც მეტოქეებმა უამრავი უნებლიე შეცდომა დაუშვეს, უპირატესად ეს ოვალის მოულოდნელ წინ დავარდნას უკავშირდება. განსაკუთრებით ბევრს კიკეთელთა უნიჭიერესი მარბიელი იოანე იაშაღაშვილი სცოდავდა. გარდა ამისა, გადამეტებულმა ინდივიდუალურმა თამაშმა სტუმრებს დათვური სამსახური გაუწია.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში ‘იუნკერების’ მგეზავმა ნიკუშა ასათიანმა ცენტრიდან გატანილი 2 ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა, თუმცა ჭყოიძის მეორე ლელოსა და გიორგი ასათიანის ჯარიმით ჩემპიონის უპირატესობამ მეორე ტაიმის შუაწელს 12 ქულას უწია. ენუქიძე-მოგელაძის დუეტმა კარდინალურ ცვლილებებს მიმართა. მგეზავის პოზიციაზე ჰავბეკი მიშიკო ალანია დადგა, უმცროსმა ‘მეხანიკამ’ ფრთაზე გადაინაცვლა, ჰავბეკის ადგილი კი მარქაფადან ჩართულმა ლუკა კალანდაძემ დაიკავა. ალანიას მიკროტრავმა სტანჯავდა, კალანდაძე კი ‘მძიმედ’ ჩაერთო თამაშში.

‘იუნკერთა’ კიდევ ერთმა ლიდერმა თემიკო ჭიჭინაძემ მხოლოდ შეხვედრის მიწურულს გაიბრწყინა. კიკეთელთა ფულბეკმა, ბოლო წუთზე სოლო-გარღვევის შედეგად ეფექტური ლელო გაიტანა და სხვაობა ანგარიშში 5-ქულამდე შეამცირა. შეხვედრის ბოლო წუთზე ‘იუნკერებმა’ კაცნაკლული მეტოქის 22-მეტრიან ზონაში საკუთარი დერეფანით ვერ იხეირეს და მატჩი 29:34 დათმეს.

‘ლელომ’ მეტოქეს ხსენებული შერკინების გარდა, მთლიანობაში თამაშის ორგანიზაციითა და გუნდური სულისკვეთებით აჯობა. ‘იუნკერი ჩოხოსნებისთვის’ ბოლო ერთკვირიანი ინტენსიური წვრთნა ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ენუქიძეს და მოგელაძეს შეგირდებმა მრავალწლიანი გარჯა პრაქტიკულად წყალში ჩაუყარეს. სეზონის მანძილზე უმიზეზოდ გაცდენილ უამრავ ვარჯიშსა და გადამწყვეტი ეტაპის წინ ჩაგდებულ შეკრებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ‘ელიტ-ოჯახთა’ რიგი მშობლების გადამეტებული ზრუნვის გამო /ვარჯიშებისა და სათანადო დატვირთვების ხელოვნურად თავიდან აცილება/, ნიჭიერმა ჭაბუკმა მორაგბეებმა თავიანთი შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინეს.

მთელი სეზონის მანძილზე ვითარების სასიკეთოდ შეცვლას მწვრთნელებთან ერთად გამოჩენილი ბორჯღალოსნები მერაბ მარჯანიშვილი და კახა ალანია, ასევე განთქმული მოშვიდკაცე გიორგი ასათიანი/’მეხანიკა’/ ამაოდ ცდილობდნენ. ‘ვარსკვლავ-ბიჭუნებმა’ კარგი გაკვეთილი მიიღეს. თავდაუზოგავი შრომისა და ენერგიის სრულად დახარჯვის გარეშე, თანამედროვე სპორტში წინსვლა და სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლებელია! კიკეთელებს მცირე ნუგეშად ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიღა შერჩათ. ‘ლელო’ კი მიჯრით მესამედ გავიდა ფინალში და ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.

სატიტულო შეხვედრის მეორე მონაწილე მამაქალაქში გაირკვა. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა ქუთაისის ‘აიამ’ ყოჩები ხულიგანას’ უმასპინძლა და მეტოქე ‘მშრალი’ ანგარიშით 43:0 დაამარცხა.

სოლიდური სხვაობით წაგების მიუხედავად სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, მატჩის რიგ ეპიზოდებში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და თუ სპირიდონ(ტოლიკა)ლიპარტელიანმა გუნდის ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, მომავალ სეზონში ‘ყოჩ’ხული’ საზოგადოების წინაშე გაცილებით სოლიდურ გუნდად წარდგება. ‘აიამ’ 7 ლელოს გატანა მოახერხა. შუამარბმა ნიკა წივწივაძემ ‘დუბლი’ შეასრულა. მასპინძელთა მესამეხაზელი გოგა ბზიკაძე ძალისმიერი და უნარიანი თამაშით გამოირჩა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი რიონისპირელთა ჰავბეკი ზვიად ორმოცაძე იყო.

‘აიას’ ბუნებრივსაფარიან მოედანზე, მასპინძლები სივრცეების გამოყენებას ეშურებოდნენ, რომლის რეალიზებას ფრთის მოთამაშეები დიდ სისწრაფეზე ეფექტურად და ნაყოფიერად ახდენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი ეტაპის წინ ‘აიამ’ 3 მნიშვნელოვანი მორაგბე მოისაკლისა(უნივერსალი უკანახაზელი ოთარ ძაგნიძე და ფულბეკი ლაშა ლომიძე უფროსმა ‘აიამ’ დიდ 10-ში იახლა, მგეზავი თედო აბჟანდაძე კი თამაშსა და სწავლას ლესტერის სარაგბო აკადემიაში განაგრძობს), გიგა გურეშიძეს სასურველ შემცვლელთა მოძიება არ გაჭირვებია. მაღალი კლასის, მონოლითურ გუნდად ქცევაში გურეშიძეს დიდი სამსახური პირველი ლიგის ბინადარ ‘არესის’ მთავარმა მწვრთნელმა სერგო ფრუიძემ და გამოცდილმა მორაგბემ გაგა სინაურიძემ გაუწიეს. ‘სერჟიც’ და გაგაც ჭაბუკ ქუთათურებს მხარში აქტიურად უდგანან.

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილი შეხვედრები 4 და 5 ნოემბერს გაიმართება. 4 ნოემბერს, თბილისში ბრინჯაოს მედლისთვის ‘იუნკერი ჩოხოსნები’ და ‘ ყოჩები ხულიგანა’ იბრძოლებენ. მომდევნო დღეს კი ქუთაისში ‘აია’ სატიტულო შეხვედრაში ‘ ლელოს’ დაუპირისპირდება. მასპინძლებს ფინალური შეხვედრის გამართვა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე აქვთ განზრახული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080763