სიახლეები

22:10 | 26.10.2017 | ნანახია 1422 - ჯერ

უკრაინელი 17-წლამდელების ვიზიტი

გასული კვირის მიწურულს საქართველოს უკრაინის 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ეწვია, რომელმაც თბილისის ‘ყოჩების’ ჭაბუკთა „ბ“ ლიგის გუნდთან სამმატჩიანი სერია გამართა და ის ქართული კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

უკრაინის დედაქალაქის კლუბ ‘კიევ-დარნიცასა’ და ‘ყოჩებს’ შორის მეგობრული ურთიერთობა საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას დამყარდა. ივლისში ‘ყოჩები’ უკრაინაში ჩავიდა და ადგილობრივ გუნდს სამივე მატჩში აჯობა, ახლა კი, საპასუხო ვიზიტის დრო დადგა.

‘კიევ-დარნიცა’ უკრაინის 17-წლამდელთა საბაზო გუნდია, თუმცა მან საქართველოში ვიზიტისთვის შევსება სხვა გუნდებიდანაც მიიღო და თბილისს ნაკრების სახით ეწვია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებში სამი მოთამაშის სიმაღლე 2 მეტრს აღემატება. განახლებული გუნდით სტუმრებმა პირველი თამაში 35:19 მოიგეს, მეორე მატჩში ქართველებმა რევანში აიღეს (32:24), ხოლო 25 ოქტომბერს, „ხვამლი-არენაზე“ „მეგობრობის თასის“ ერთგვარი ფინალი შედგა.

მიუხედავად მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობისა, პირველი ტაიმი სტუმრებმა 12:0 მოიგეს. მეორე ტაიმში ‘ყოჩებმა’ სამი გარდასახული ლელო გაიტანა, ბოლოს ერთი ლელო თავადაც გაუშვა და 21:19 მოგებით, მატჩთან ერთად სერიის გამარჯვებულიც გახდა.

ნამატჩევს ‘ყოჩების’ მთავარმა მწვრთნელმა, ბორჯღალოსანმა რატი ურუშაძემ პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის მიზეზებზე და მსგავსი თამაშების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ქართული რაგბის და კონკრეტულად ამ ბიჭების განვითარებისთვის, ასეთი თამაშები ძალიან კარგია. შიდა ჩემპიონატში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და სიახლეები ნაკლებადაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან თამაშის შესაძლებლობა. საერთაშორისო გამოცდილებას მოთამაშე სულ სხვა დონეზე აყავს და სწორედ აქ ჩნდება ის მინუსები, რაზეც განსაკუთრებულად უნდა იმუშაო.

პირველ თამაშში განცდილ მარცხს თავისი მიზეზები ჰქონდა. უკრაინელებთან მატჩის წინა დღეს ჩვენ ჭაბუკთა ლიგის შეხვედრა გვქონდა და აღდგენა ვერ მოვასწარით. ფაქტობრივად, კვირის განმავლობაში 4 თამაშის ჩატარება მოგვიწია. კარგია, რომ იმ პირველი მარცხის შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მომდევნო ორი თამაში მოვიგეთ“.

საქართველოში ვიზიტით და ზოგადად, ქართულ რაგბთან ურთიერთობის დამყარებით კმაყოფილია კლუბ ‘კიევ-დარნიცას’ პრეზიდენტი და მწვრთნელი ანდრეი კოვალენკო:

„ჩვენი კლუბის ბაზაზე შეიქმნა 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ამზადებს კანდიდატებს ახალგაზრდული ნაკრებისთვის. ჩვენთვის ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან უკრაინის შიდა ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია, ძლიერ მეტოქეებთან თამაშის საშუალება არ გვაქვს და ვცდილობთ ტოპ-დონის გუნდებთან შეხვედრით გამოცდილება შევიძინოთ.

ამ ვიზიტის დროს ძალიან გავიზარდეთ. თუ შევადარებთ კიევში, ზაფხულში ჩატარებულ სამ თამაშს და საქართველოში გამართულ შეხვედრებს, სხვაობა თვალში საცემია. თბილისში ‘ყოჩებს’ სამჯერ შევხვდით და აქაც თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებოდით, რაც ბოლო მატჩისას განსაკუთრებით გამოჩნდა. დიდი მადლობა ‘ყოჩებს’ და მთელს ქართულ რაგბს ასეთი თანადგომისთვის. მეტოქისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება. დარწმუნებული ვარ,ჩვენი ბიჭებიდან ძალიან ბევრი ეროვნულ ნაკრებში მოხვდება.

ვფიქრობ, ჩვენთან თამაშით ქართველებმაც მიიღეს გამოცდილება, რადგან სხვა სტილის გუნდთან ითამაშეს. ვეცდებით, რომ სამომავლოდაც დავგეგმოთ მსგავსი შეხვედრები. ეს უმნიშვნელოვანესია უკრაინული და ქართული რაგბის, ასევე მეგობრობის განვითარებისთვის“.

www.site.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078976