ეროვნული ნაკრები

19:05 | 24.10.2017 | ნანახია 1160 - ჯერ

თიბისი რაგბის სერიები

წლის ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო, საშემოდგომო ტესტ-მატჩების სერიას წელს ახალი სახელწოდებით ვიხილავთ - თიბისი რაგბის სერიები.

სარაგბო სამყაროში საერთაშორისო სერიებისთვის კორპორატიული სახელწოდების მინიჭება მიღებული პრაქტიკაა, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება და იგეგმება, რომ ამას სისტემატიური ხასიათი მიეცეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართული რაგბის ერთგულ მეგობარსა და მხარდამჭერს, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკს.

შეგახსენებთ, რომ თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში ბორჯღალოსნები შინ, დინამო არენაზე კანადას 18 საათზე დაუპირისპირდებიან, ხოლო სერიისა და სანაკრებო სეზონის დამაგვირგვინებელ მატჩში საქართველოს ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონზე 25 ნოემბერს აშშ-ს ასევე 18 საათზე ეთამაშება. თიბისი რაგბის სერიების ორ მატჩს შორის ბორჯღალოსნები 18 ნოემბერს კარდიფში ლეგენდარულ მილენიუმ სთედიუმზე (ახლა ეწოდება პრინსიფალითი სთედიუმი) უელსს დაუპირისპირდება.

თიბისი რაგბის სერიების ოფიციალური წარდგენა დღეს თიბისი ბანკში შედგა. ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა:

„შემოდგომაზე ბორჯღალოსნებს ორი საინტერესო საშინაო ტესტ-მატჩი ელის კანადასა და ამერიკასთან. ორივე ძლიერი გუნდია, საინტერესო თამაშები იქნება და მას თიბისი ბანკი სიახლით ხვდება. გვსურს, რომ სერიას თავისი სახელი ერქვას, რაც საქართველოსთვის ახალი პრაქტიკაა და რადგან ამ შემთხვევაში ინიციატორები ჩვენ ვიყავით, ნოემბრის ტესტ-მატჩებს ‘თიბისი რაგბის სერიები’ ერქმევა.

„ამ ინიციატივით გვსურს, რომ ბაზარზე დავნერგოთ ახალი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის კერძო კომპანია კონკრეტულ სპორტულ მოვლენას უდგება მხარში. გვაქვს იმედი, რომ რაგბს და ზოგადად სპორტს, კერძო სექტორიდან მეტი თანადგომა ექნება და დიდი სასპონსორო თანადგომის პარალელურად, კონკრეტულ თამაშებსაც ეყოლება პარტნიორები“.

ღონისძიების მასპინძლის შემდეგ კომენტარი რაგბის კაშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ გააკეთა:

„სანაკრებო თამაშების პაუზა გაგვიგრძელდა და ძალიან მიხარია ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრები რომ ახლოვდება. სიახლის ინიციატორი, რომელიც წელს დაინერგა, კერძო სექტორიდან ჩვენი მთავარი პარტნიორის და მეგობარი კომპანიის, თიბისი ბანკისგან მოდის. რა თქმა უნდა, თიბისი გულდაწყვეტილი არ იქნება, თუ ამ ინიციატივას სხვა კომპანიებიც აიტაცებენ. რაგბი მარტო ჩვენი, ან თიბისის არაა და მის სივრცეში ყველასთვის მოიძებნება ადგილი, თან ისე, რომ ეს დიდ დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული“

წარდგენას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგიც ესწრებოდა:

„თიბისი ჩვენი მხარდამჭერია. ის ქართული რაგბის არა მხოლოდ სპონსორი, არამედ მეგობარია და ეს მეგობრობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ სასიხარულოა მომავალ ტესტებს თიბისის სახელი რომ ერქმევა. ნოემბრის მატჩებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვემზადებით, ოფიციალურ შეკრებას კი 29 ოქტომბერს ვიწყებთ. 30-ში 3-დღიანი შეკრებით საფრანგეთში მივემგზავრებით, 2 ნოემბერს შინ ვბრუნდებით და ადგილზე მოვემზადებით პირველი თამაშისთვის“.

ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

‘თიბისი რაგბის სერიების’ ბილეთების ონლაინ გაყიდვა 25 ოქტომბერს, ჩვენს პარტნიორ პორტალ TKT.GE-ს პლატფორმაზე 18 საათიდან დაიწყება. სალაროებში გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეეძლებათ.

„ნოემბრის სერიას კანადასთან მატჩით ვიწყებთ, მერე მივდივართ უელსში და წლის ბოლო თამაშს 25 ნოემბერს, აშშ-სთან გავმართავთ. საშინაო შეხვედრებისთვის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან იწყება. გვაქვს იმედი, რომ ‘დინამო არენა’ გაივსება, ისე, როგორც ბოლო წლებში არაერთხელ მოხდა და გულშემატკივარი ისეთ რაგბს იხილავს, რისთვისაც ეს თამაში და ჩვენი გუნდი შეიყვარა“ - თქვა გოჩა სვანიძემ.

სავსე ტრიბუნების მნიშვნელობაზე ნიკოლოზ ქურდიანმაც ისაუბრა:

„მნიშვნელოვანია, რომ ამ თამაშებზე დიდი დასწრება იყოს. ქვეყნის მასშტაბით რაგბი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტია, რეგიონში პირველ ადგილზე ვართ ფართო მასებს უნდა ვაჩვენოთ როგორი პოპულარულია ის საქართველოში. სწორედ ამიტომ, სტადიონზე რაც შეიძლება მეტი მაყურებელი უნდა მივიდეს“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:26 | 25.10.2017
DataN24 (215)

მჭედლიძესთან დაკავშირებით რახდება ??? ფორმაში არ არისო ბოლო დროს და მსოფლიომდე კიდევ დიდუ დროაო ჰეიგს უთქვამს და რაღაც საეჭვოდ მეჩვენება ფორმიდან ამოვარდნილ თაზოსაც ამ ფორმაციიდან რომელი გარემარბი აჯობებს?!

10:41 | 25.10.2017
ilarioni (138)

რა ახალი პრაქტიკა, ტოიოტა არ იყო შარშანდელი ტესტების მხარდამჭერი, თუ ვცდები?!

0.077854