‘ბათუმმა’ ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ მეორე ტურში გერმანულ ‘ჰაიდელბერგს’ 4 ლელო დაუდო, 33:16 სძლია და 5 სატურნირო ქულა მოიპოვა. ესაა ქართული კლუბის პირველი გამარჯვება ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირში, რითაც ის ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა და პლეი ოფს მიუახლოვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზემოხსენებულ შეხვედრაზე ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა ისაუბრა, რომელიც მიღწეული შედეგით კმაყოფილი იყო.
„პირველ ტაიმში გერმანელებმა მოახერხეს ჩვენთვის ბურთის შენელება და პრობლემები შეგვიქმნეს. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რითაც მეტოქემ ისარგებლა და უპირატესობა მოიპოვა. გასახდელში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ უფრო მეტი უნდა გვეთამაშა ხელით. კარგად იმუშავა ხმალაძე-თუთბერიძის წყვილმა და მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა დავიბრუნეთ, რაც ბოლომდე ხელიდან აღარ გაგვიშვია. დროულად განვახორციელეთ ცვლილებები და ამ ცვლილებებმა გაამართლა.
მთავარი იყო თამაშის მოგება და ბონუს-ქულაზე ამის შემდეგღა ვიფიქრებდით. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და სასიხარულოა ბონუსიც რომ ავიღეთ. მთელი კლუბის სახელით, ‘ბათუმის’ მთელ შემადგენლობას დიდ მადლობას ვუხდი. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს და ერთად ვიზეიმეთ ეს დიდი გამარჯვება“.
B ჯგუფი | ქულა | სხვაობა | ლელო |
ბათუმი (საქართველო) | 7 | +13 | 8/5 |
კალვიზანო (იტალია) | 6 | +23 | 9/4 |
პადოვა (იტალია) | 5 | +1 | 3/3 |
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია) | 4 | -30 | 5/9 |
შენიშვნა - ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის და გუნდი არ ეთამაშება თანაჯგუფელებს
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შესანიშნავი მეორე ტაიმი გამოვიდა, პირველ ტაიმში კი თითქოს ფორმები გაგვეცვალოს, ისეთი შტაბეჭდილება შეიქმნა. ისინი კომბინირებდნენ, ხაზსაც ჭრიდნენ და ჩვენ ბურთს ვიგერიებდით.
იმედია მომავალში პირველივე წუთებიდან კონცენტრირებულები ვიქნებით. რომ ვაკვირდები ამ 8 გუნდში ყველაზე ძლიერი ტიმიშოარა სარასენსი უნდა იყოს, ამიტომ საჭიროა მესამე ტურშივე ვიადანასთან შევიქმნათ ქულათა მარაგი და ჯგუფში პირველ ადგილზე ვიფიქროთ, რათა რუმინელებს ბოლო მატჩამდე ავცდეთ!!! ისე კი ბათუმში ჯგუფურ ეტაპზე ვხვდებით და იქაც გვარიანად გაგვაწვალებენ ასე მგონია.
მიდით ბიჭებო, თქვენებურად ომახიანად ითამაშეთ, გაგვითბეთ გულები!!!!