ევროპული რაგბის “კონტინენტის ფარის” მეორე ტურის მატჩში “ბათუმი” საკუთარ მოედანზე გერმანულ “ჰაიდელბერგს” დაუხვდა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ზღვისპირელთათვის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე გამოდგა. მასპინძლები ბექა ურჯუკაშვილის ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა სათანადოდ ვერ თამაშობდნენ და ეს მალე ტაბლოზეც აისახა: სტუმართაგან მარსელ კუციამ სამი ჯარიმა გაიტანა და საწყისი 40 წუთი სტუმართა გამარჯვებით 6:9 დასრულდა.
დავით გუგუშვილმა შესვენებაზე თამაშში სათანადო კორექტივები შეიტანა და მეორე ნახევარში “ბათუმმა” დიდი უპირატესობა მოიპოვა. 42-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ ითამაშა, ხაზის გაჭრა მოახერხა და ბურთი ზურაბ თუთბერიძეს გაატანა, რომლის შეჩერებაც ვერ მოახერხეს და ბათუმელებმა პირველი ლელო დადეს, რომელიც ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახა. 59-ე წუთზე ჯარიმა უკვე ბახვა კობახიძემ გაიტანა და მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.
63-ე წუთზე მასპინძლებმა ხელდახელ შესანიშნავი შეტევა გაშალეს და გიორგი გოგიტიძემ ბურთი კიდესთან ახლოს დაამიწა, გარდასახვა კობახიძემ ააცილა. ბათუმელებმა 74-ე წუთზე შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს: ზურაბ ერისთავმა საკუთარი გუნდის მიძალება შედეგიანად დააბოლოვა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და “ბათუმმა” უკვე ბონუს ქულაზე დაიწყო თამაში.
სტუმრებმა პრესტიჟის ლელოს გატანა მაინც მოახერხეს: 79-ე წუთზე მოკლე ფრთაზე უპირატესობა მოიპოვეს და სებასტიან ფერეირას შეჩერება ვეღარ მოხერხდა, გარდასხვა კი კუციამ შეასრულა ზუსტად. “ბათუმმა” ბონუს ქულა გაწითლებულ დროში მოიპოვა: ქოიავამ მეტოქეს ბურთი მოპარა და შეტევა მარცხენა ფლანგზე განხორციელდა, ურჯუკაშვილმა ფეხით ჭკვიანურად შეაცურა ბურთი, გერმანელთა უხეში შეცდომით კი დავით ტრაპაიძემ ისარგებლა და თავის პრემიალური ქულა მოუპოვა, ბახვა კობახიძემ გარდასახვისას ძელს მოარტყა ბურთი და თამაში 33:16 დასრულდა.
ამრიგად, “ბათუმმა” არსებობის განმალობაში ევროტურნირებზე პირველი გამარჯვება იზეიმა და ორ მატჩში 7 ქულა დააგროვა. ისინი მომდევნო მატჩს 9 დეკემბერს იტალიაში "ვიადანას" წინააღმდეგ გამართავენ.
ბათუმი - ჰაიდელბერგი 33:16 (6:9)
ბათუმი: 4 ლელო - თუთბერიძე (42), გოგიტიძე (63), ერისთავი (74), ტრაპაიძე (80+1); 3 ჯარიმა - ურჯუკაშვილი (2; 15), კობახიძე (59); 2 გარდასახვა - ურჯუკაშვილი (43), კობახიძე (76), 1 სინბინი - ალიქაძე (37);
ჰაიდელბერგი: 1 ლელო - ფერეირა (79); 3 ჯარიმა - კუცია (25; 28; 37), 1 გარდასახვა - კუცია (80)
B ჯგუფი | ქულა | სხვაობა | ლელო |
ბათუმი (საქართველო) | 7 | +13 | 8/5 |
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია) | 4 | +5 | 3/2 |
კალვიზანო (იტალია) | 1 | -4 | 3/2 |
პადოვა (იტალია) | 1 | -4 | 1/2 |
შენიშვნა - ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის და გუნდი არ ეთამაშება თანაჯგუფელებს
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან კარგია ბათუმის ევროსარბიელზე ჩართვა, სტადიონზეც ბლომად მივიდა მაყურებელი და საკლუბო რაგვიც გამოცოცხლდა. წარმატებები ბათუმს მომდევნო შეხვედრებში.
თბილისური და ქუთაისური გუნდებიც რო ჩაერთვებოდნენ მაგარი იქნება, სამ ქალაქში გვექნება უკვე საერთაშორისო რაგბის ყურების საშუალება
გაგვახარა ბათუმმა. მისი წარმატება აუცილებლად სტიმული იქნება სხვებისთვისაც.
ვულოცავ ბათუმს წარმატებას. აუცილებლად უნდა დადონ შედეგი და ეს მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ უნდა იყოს. იმსახურებს ეს კლუბი გამარჯვებებს და მთლიანად ბათუმი.
ამითი ჩემპიონატზე დასწრების მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს და კლუბებიც კიდევ უფრო მოღონიერდებიან.
რაგბი ჩვენი თამაშია გენაცვალეთ ბათუმელებო
პ.ს.როცა ჩვენ შეგხვდებით მაშინ აუცილებლად აია ვაშა, ისე თქვენს გვერდით მიგულეთ
კარგი იყო, პირველ ტაიმში კი გადამრიეს ისე, თავის თავს არ ჰგავდნენ, მეორეშიც დროდადრო, განსაკუთრებით დერეფანში დუნდებოდნენ თორემ გერმანელები გაცილებით ნაკლებ ქულას აიღებდნენ თამაშში. ძალიან მიხარია და მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩს, გენაცვალეთ ლომებო, ვეშაპებო, ზვიგენებო!
ვნახე დღეს ეს თამაში სტადიონზე და მაგრად ვისიამოვნე..რაც შეეხება ჩემპიონის თამაშს, სახსრები ვერ გამონახეს..არადა კარგი იქნებოდა ასეთ ტურნირებში 2-3 ქართულ გუნდს რომ ეთამაშა...
თუ თვითონ მონახავენ კი ბატონო, რამდენიც უნდა იმდენი გავიდნენ, აი კავშირმა კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააფინანსოს. სხვა უფრო საინტერესო პროექტების გაკეთება შეიძლება.
ვულოცავ ბათუმს. კარგია რო გუნდურშიც დაიწყო წარმატებები. რაც შეეხება სტატიას მეც გამიჩნდა შეგრძნება რომ სიხარული არაა ჩაქსოვილი. წარმატებები ბათუმს. და ჩემპიონი რატო არ თამაშობს რომელიმე ტურნირზე ხო არ იცით ვინმემ?
შენი აზრით ეწყინა ავტორს? თუ რა უნდა დაწერილიყო დედა ვუტირეთ ჰაიდელბერგს და ასე ვუქენით და ისეო? საოცარი კომენტარია, მართლა გაოცებული ვარ
კარგი შედეგი დადო ბათუმმა დღეს,თან მეორე ტურის შემდე ბათუმი იქნება ჯგუფში პირველ ადგილზე, რადგან ლიშბოამ წააგო ტიმიშოარასთან
კარგია ღმერთმა გაგახაროთ, რაგბი ჩვენი თამაშია!
ძალიან კარგია რო დამაჯერებლად მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა და იმედია ასე გააგრძელებენ
ჩემპიონობაზე არ მაქვს პრეტენზია მაგრამ ღირსეული თამაში გვმართებს ნებისმიერ მეტოქესთან